თსუ-ის ინიციატივით ხვალ "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა მოეწყობა.
როგორც `ინტერპრესნიუსს~ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. წლევანდელი ღონისძიების დევიზია: "ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა."
"ვეფხისტყაოსნის" კითხვის მარათონში მონაწილეობას ნებისმიერი მსურველი მიიღებს, მათ შორის – სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დამსვენებლები, თბილისიდან და სხვა რეგიონებიდან ჩასული სტუმრები.
"ვეფხისტყაოსნის" კითხვის დღე ყოველწლიურად იმართება. ამ ტრადიციას საფუძველი მწერალმა დათო ტურაშვილმა და პარლამენტარმა ნუგზარ წიკლაურმა შვიდი წლის წინ ჩაუყარეს. წინა წლებში "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა თბილისში, სენაკსა და თამარაშენში მოეწყო.