თბილისში საერთაშორისო გერმანული სკოლა დაფუძნდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ორთვინ ენიგმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს შორის, თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის კურსდამთავრებულები მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ ატესტატს, რომელიც მათ მისცემს სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს მრავალ სხვა ქვეყანაში.
~თავდაპირველად გაიხსნება საბავშვო ბაღი, მოსამზადებელი ჯგუფი და დაწყებითი სკოლის პირველი კლასი გერმანელი, ქართველი და უცხოელი ბავშვებისათვის. გერმანელი მასწავლებლები ასწავლიან ყველაზე თანამედროვე გერმანული სასწავლო გეგმის მიხედვით, რომელსაც დაემატება ქართული ენა, ლიტერატურა და ისტორია. ამ საგნებს ქართველი მასწავლებლები ქართულ ენაზე ასწავლიან~, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
მისივე თქმით, მოსწავლეები პირველი კლასიდანვე ისწავლიან ინგლისურ ენას.