26.06.2010

უგზო-უკვლოდ დაკარგული სტალინი... რატომ არ დაიცვა ძეგლთა დაცვის მინისტრმა სტალინის ძეგლი

"ეროვნული ფორუმის" პირველ პარტიულ კონფერენციაზე პარტიის თითო წევრს 15 სექტემბრამდე ფორუმის რიგებში 10 მხარდამჭერის გაწევრიანება დაევალა 

დემურ გიორხელიძე: "ისეთი დახმარების იმედი, როგორც აგვისტოს ომის შემდეგ გაგვიწიეს, აღარ უნდა გვქონდეს"

                                                                       * * *

უგზო-უკვლოდ დაკარგული სტალინი... რატომ არ დაიცვა ძეგლთა დაცვის მინისტრმა სტალინის ძეგლი

"გორის ცენტრში მდებარე სტალინის ძეგლის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია, თუმცა რამდენიმე დღეში გორის ცენტრში არსებულ სტალინის სახლ-მუზეუმში დაიდგმება. გადაწყვეტილება სტალიგის ძეგლის აღების შესახებ 16 ივნისს, გორის ძველი საკრებულოს ბოლო სხდომაზე იქნა მიღებული. როგორც ადგილობრივი ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი ამბობს, ამის შესახებ ოპოზიციამაც იცოდა, თუმცა მიზეზი, თუ რატომ არ გაახმაურეს, გაურკვეველია. ოპოზიციის წარმომადგენლებს არ სჯეროდათ, რომ ხელისუფლება ძეგლს მართლა აიღებდა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით უგზო-უკვლოდ დაკარგული სტალინი.

"სტალინის ძეგლი მის სიცოცხლეში, 1952 წელს გაიხსნა. მოქანდაკეა შოთა მიქატაძე, არქიტექტორები - ზაქარია და არჩილ ქურდიანები. ბრინჯაოს 6-მეტრიანი ქანდაკება გრანიტის 9-მეტრიან, სამიარუსიან კვარცხლბეკზე იდგა, რომელიც ამავე დროს ტრიბუნის ფუნქციასაც ასრულებდა. ძეგლი გადაურჩა სტალინის მემკვიდრის ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ "პიროვნების კულტის" დაგმობის შემდეგ დაწყებულ კამპანიას "დიდი ბელადის" გამოსახულებათა წინააღმდეგ, რომლის დროსაც აიღეს ანალოგიური მონუმენტი თბილისში. 1980-90-იანი წლების მიჯნაზე ქართული ეროვნული მოძრაობის პერიოდში, განზრახული იყო გორში სტალინის ძეგლის განადგურებაც, მაგრამ გორის მოსახლეობის მოთხოვნით მონუმენტი შენარჩუნდა. ძეგლი დაახლოებით ღამის 4 საათზე აიღეს. ის თავდაპირველი ვერსიით იქვე მდებარე სტალინის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე უნდა გადაეტანათ, თუმცა შემდეგ უკვალოდ გაქრა", - აღნიშნავს გამოცემა.

"ხალხი დემონტაჟის დროს ორ ჯგუფად იყო გაყოფილი - ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრებილთა ერთი ნაწილი სტალინის ძეგლის აღებას ტაშით შეხვდა, ნაწილი კი პროტესტს გამოთქვამდა. დემონტაჟის დროს ვიდეოკამერა წაართვეს ტელეკომპანია "თრიალეთის" ჟურნალისტებს და ჩაწერილი მასალა წაუშალეს. ჟურნალისტის თქმით, მასალაში ასახული იყო, როგორი უკმაყოფილებით ხვდებოდა მოსახლეობის ნაწილი სტალინის ძეგლის აღებას. ასევე ასახულია როგორ უკრავს ტაშის გუბერნატორის მოადგილე გიორგი ავალიანი. მოგვინებით "თრიალეთის" ჟურნალისტებმა გადაღების გაგრძელება შეძლეს. გორის ცენტრალური მოედანზე კი იოსებ სტალინის ძეგლის ნაცვლად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, ასევე საბჭოთა რეპრესიების შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი დაიდგმება. კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრ ნიკოლოზ რურუას თქმით, კულტურის სამინისტრომ მემორიალის შესაქმნელად კონკურსი გამოაცხადა, რომლის პირობებიც სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდება", - დასძენს გამოცემა.

"სტალინი იყო პოლიტიკური დამნაშავე, რომელიც 1921 წელს საქართველოში რუსეთის ბოლშევიკურ არმიას შემოუძღვა. სტალინი იყო ადამიანი, ვინც ჩვენი მოკავშირე ერების ნაწილი გაანადგურა, რეპრესიებს ემსხვერპლა ქართველი ერის ელიტა. იმედს გამოვთქვამ, ამ კონკურსში საუკეთესო პროექტი გაიმარჯვებს და აღიმართება გმირთა ხსოვნის მემორიალი, რომელიც ამ მოედანზე სამუდამოდ დარჩება. ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ის პოლიტიკური აბსურდი, რასაც გორის მთავარ მოედანზე სტალინის ძეგლის არსებობა ქმნიდა", - განაცხადა რურუამ საგანგებო პრესკონფერენციაზე. მისივე განცხადებით, ძეგლის აღება კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი გადაწყვეტილებაა. საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ გორში სტალინის ძეგლის მთავარი მოედნიდან მოხსნით, ქვეყანა საბჭოთა მენტალიტეტს საბოლოოდ ემშვიდობება", - წერს სტატიის ავტორი.

"სტალინთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ქვეყანაში იმ პრინციპების დამკვიდრება იქნებოდა, რომლსაც სტალინი ებრძოდა. დამოუკიდებელ საქართველოში, მართალია, ნაკლები ხარისხით, მაგრამ მაინც დამოუკიდებელი მედის, თავისუფალი სასამართლოსა და არჩევანის თავისუფლების პრობლემა კვლავ აქტუალური თემებია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

"საქართველოში არ შეიძლება არსებობდეს ერთდროულად ოკუპაციის მუზეუმი და ოკუპანტების ძეგლები. საქართველოში ყალიბდება თავისუფალი ქვეყნის მენტალიტეტი და ამ ქვეყანას აქვს თავისი პრიორიტეტები" - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტალინის ძენლის დემონტაჟის კომენტირებისას", - წერს გაზეთი "24 საათი" სტატიაში სათაურით სტალინი მუზეუმში.

"25 ივნისს ღამის 3 საათზე გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლი აიღეს. დემონტაჟი სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. უსაფრთხოების მიზნით პოლიციამ მიმდინარე პერიმეტრი გადაკეტა. ძეგლის დემონატჟის დროს გორის ცენტრში შეკრებილი ხალხი ორ ჯგუფად იყო გაყოფილი - ერთი ნაწილი სტალინის ძეგლის აღებას ტაშით შეხვდა, მეორე ნაწილი კი შორიახლოს იდგა და ამ პროცესს დუმილით ადევნებდა თვალს. საქართველოში სტალინის უკანასკნელი მემორიალის დემონტაჟს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ჟურნალისტებს ძეგლის აღების გადაღების უფლება არ მისცეს და მხოლოდ პოლიციისვე გადაღებული კადრები აკმარეს. ტელეკომპანია "თრიალეთის" გადამღები ჯგუფი ირწმუნება, რომ სამართალდამცავები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და პროფესიული მოვალების შესრულების საშეალება არ მისცეს. დაზარალებული ჟურნალისტი პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლისა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით მოითხოვს", - აღნიშნავს გამოცემა.

"აქ დაიდგმება 2008 წელს დაღუპული ჩვენი თანამოქალაქეების, ქართველი თუ არაქართველი ადამიანების ძეგლი, მათ შორის მემორიალი მიეძღვნება ჰოლანდიელი ჟურნალისტის სტენ სტორიმანსის ხსოვნას, რომელიც ამ ადგილას მოკლა რუსულმა ავიაციამ, იმ ტანკებით და იმ იარაღით, რომლითაც სწორედ სტალინის პოლიტიკას იცავდნენ 2008 წელს საქართველოში. იცავდნენ იმ მახინჯ ავტონომიას, რომელიც დღესაც საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაზე ასეთი სერიოზული ბარიერია", - განაცხადა კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა ნიკა რურუამ. მინისტრმა სურვილი გამოთქვა, რომ საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა მემორიალის შესაქმნელად კონკურსში მონაწილეობა მიიღონ არა მხოლოდ ქართველმა, არამედ უცხოელმა ხელოვანებმა მთელი თავისუფალი სამყაროდან", - დასძენს გამოცემა.

"ეროვნული ფორუმის" პირველ პარტიულ კონფერენციაზე პარტიის თითო წევრს 15 სექტემბრამდე ფორუმის რიგებში 10 მხარდამჭერის გაწევრიანება დაევალა

"გუშინ ვერის ბაღის საკალათაბურთო დარბაზი "ეროვნული ფორუმის" პირველი პარტიული კონფერენცია გაიმართა. დღეიდან "ეროვნული ფორუმი" პოლიტიკური ბრძოლის აქტიურ ფაზაში გადადის და ხელისუფლების შესაცვლელად საკუთარი ძალებით იბრძოლებს, თუმცა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან კვლავ განაგრძობს თანამშრომლობას. ღონისძიება გახსნა პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ, რომელმაც მხარდამჭერებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და მოუწოდა, დამოუკიდებლად შეძლონ დაწყებული ბრძოლის ბოლომდე მიყვანა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ არ ეყოლებათ პარტნიორები..." - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ფორუმი" ბრძოლის აქტიურ ფაზაში გადადის.

"ემოციური გამოსვლით გამოირჩეოდა გუბაზ სანიკიძე. მისი თქმით, იგი ასეთი ბედნიერი დიდი ხანია აღარ ყოფილა. მისი თქმით, "ეროვნული ფორუმი" მზად არის ითანამშრომლოს სრულიად ოპოზიციურ სპექტრთან, მხოლოდ ფორუმის გეგმების მოქმედების შემთხვევაში - მისი თქმით, ანგარიშის გაწევა აღარ იქნება, რადგან ეს ქვეყანა დაღუპა ხათრმა. ამიტომ ოპოზიციამ ცივი გონებით და ცხელი გულით უნდა იმოქმედოს. "არ დავმალავ, ფორუმი ახდენს საკუთარი ძალის დემონსტრირებას. ჩვენ ხელს ვუწვდით ქართულ ოპოზიციას, მაგრამ ეს არ არის სუსტი ხელი, ეს არის ძლიერი მარჯვენა და ვაცხადებთ, რომ ფორუმს არ ეშინია მარტო ბრძოლისაც", - განაცხადა სანიკიძემ. მისი თქმით, დასაწყებია ახალი პოლიტიკური პროცესი და ამისთვის ოპოზიციას 3-4-თვიანი ვადა ეძლევა, რათა ძალა მოიკრიბოს. ქვეყანას სჭირდება იმედი და ძალა, რადგან გადასაწყვეტია ორი პრობლემა - დღევანდელი ხელისუფლების მოშორება და მომდევნო ხელისუფლების მოყვანა", - აღნიშნავს გამოცემა.

"ხელისუფლებას ძალიან არ უხარია დღევანდელი დღე. მან თითქოს დაბანა, დავარცხნა ყველაფერი, სასაფლაოზე მიასვენა ქართული ოპოზიციის ნაწილი და ამ დროს 6000 ფორუმელი გუგუნებს", - აღნიშნა სანიკიძემ. მან თავისი პარტიის წევრებს საზაფხულო დავალებაც მისცა თბილისსა და რეგიონებში, რომელიც ფორუმის რიგების გაძლიერებას გულისხმობს... ემოციური გამოსვლების შემდეგ პარტიის ლიდერებმა სამოქმედო გეგმებსა და ქვეყნის მმართველობის მოდელზეც ისაუბრეს. "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი მელაშვილმა მხარდამჭერებს ქვეყნის საპარლამენტო მმართველობის მოდელი გააცნო. "დაუშვებლად მიგვაჩნია ვიცხოვროთ ერთი პიროვნების ან პიროვნებათა ჯგუფის მიერ მოგონილი, ან უცხოეთიდან უნიჭოდ გადმოღებული წესებით, ღირებულებებითა თუ მორალური ნორმებით. პრობლემების სათავე უნდა ვეძებოთ სამოქალაქო საზოგადოების არარსებობაში, რასაც ხელს უწყობს პრეზიდენტის ინსტიტუტის სრული შეუსაბამობა ქართულ კულტურასა და ტრადიციებთან", - განუცხადა მომხრეებს მელაშვილმა. მან ამასთანავე გააპროტესტა ახალ საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც უმაღლესი სასწავლებლები დღგ-თი დაიბეგრება", - დასძენს გამოცემა.

"როგორც მელაშვილმა განაცხადა, გადასახადის დაწესება განათლებაზე ნიშნავს იმას, რომ ბევრი ბავშვი დარჩება უსწავლელი და მისი თქმით, ეს არის ფაქტობრივად მომავალი თაობის გაწირვა. - "ეს ქვეყანა ვერ გახდება კრუპიეებისა და მოსამსახურეების ქვეყანა. საქართველო უნდა იყოს განათლებული ადამიანების ქვეყანა. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს კანონპროექტის წინააღმდეგ, ჩვენ შეიძლება ყველა გზა დაგვჭირდეს, მათ შორის ქუჩაში გასვლაც. მთელ ქვეყანას ფეხზე დავაყენებთ, რომ ამ ნაძირალა ხელისუღლებამ საქართველოს მომავალს განათლების უფლება არ წაართვას", - განაცხადა მელაშვილმა.... მოკლე ეკონომიკური ანალიზით შემოიფარგლა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნოდარ ჯავახიშვილი. მისი თქმით, ექსპორტ-იმპორტის კატასტროფულად უარყოფითი ბალანსი მკაფიოდ ასახავს ქვეყნის არამწარმოებლურ ბუნებას და თუ უახლოეს მომავალში არ მოხდება რადიკალური ცვლილებები ეკონომიკის მართვის სფეროში, ქვეყანა განწირულია ქაოსისა და სოციალური კატაკლიზმებისთვის", - წერს სტატიის ავტორი.

"შემაჯამებელი სიტყვით კვლავ კახა შარტავა გამოვიდა და თითოეულ ფორუმელს 15 სექტემბრამდე ფორუმის რიგებში 10 მხარდამჭერის გაწევრიანება დაავალა - "ისე უნდა გაიზარდოს ფორუმის მხარდამჭერთა რიგები, რომ მარტოც შევძლოთ ხელისუფლების დამარცხება", - მიმართა მათ შარტავამ, რომლის თქმითაც, შემოდგომაზე "ეროვნული ფორუმი" ლოკომოტივის სტადიონზე ახლად დამატებული მხარდამჭერებით რიგგარეშე ყრილობას გამართავს. მათ ასევე ისაუბრა უახლოეს სამოქმედო გეგმებზე და აღნიშნა, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად იმუშავებენ საარჩევნო გარემოს შეცვლაზე. მან ასევე განაცხადა, რომ "ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარესთან შეიქმნა პოლიტიკური სათათბირო, რომელიც იმსჯელებს ფორუმის ამა თუ იმ გადაწყვეტილებებზე. შემდეგ "ეროვნული ფორუმის წარმომადგენლები" პოლიტიკური ძალის სადემონსტრაციოდ პარლამენტისკენ გაემართნენ და პარტიის ყრილობაც დაასრულეს", - დასძენს სტატიის ავტორი.

დემურ გიორხელიძე: "ისეთი დახმარების იმედი, როგორც აგვისტოს ომის შემდეგ გაგვიწიეს, აღარ უნდა გვქონდეს"

"როცა მსოფლიოს უძლიერესი ეკონომიკური ზონა, რომელსაც ჯამურად ევროკავშირი წარმოადგენს, დგას საფრთხის წინაშე, რა გასაკვირია, რომ ამ ობიექტური პირობებიდან გამომდინარე, საქართველოც ამ საფრთხის წინაშე იდგეს. თუმცა მთავარი ისაა, რომ ამ პატარა ქვეყანას, როგორც საქართველოა, არ ჰქონდეს კრიზისის სუბიექტური საფუძველი", - აცხადებს ექსპერტი დემურ გიორხელიძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გველოდება თუ არა ეკონომიკური კრიზისი? / დემურ გიორხელიძე: "ისეთი დახმარების იმედი, როგორც აგვისტოს ომის შემდეგ გაგვიწიეს, აღარ უნდა გვქონდეს".

"საქართველოში ბოლო ორ წელიწადში ფული საერთოდ გაქრა ბიზნესისთვის. საბანკო სექტორში იგი ფაქტობრივად ხელმიუწვდომელია და მთლიანად ქვეყნის საფინანსო სისტემა არ არის ორიენტირებული ეკონომიკის რეალური სექტორის სტიმულირებისკენ. ამან თავის შედეგები უკვე გამოიღო - ექსპორტისა და იმპროტის თანაფარდობა საშიშ ზღვარს უახლოვდება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკის რესურსი ვალუტის მოზიდვისა ქვეყანაში იშრიტება. იმპორტზე ჩამოკიდებული ქვეყანა კი შეიძლება მალე არ ფლობდეს საკმარისის რაოდენობის უცხოურ ვალუტას, რომლითაც შესაძლებელი იქნება საიმპორტო ოპერაციების შესრულება. ეს კი ძალიან საშიშია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დემურ გიორხელიძე.

"ბუნებრივია, თუ საკუთარი წყარო არ გაგაჩნია, ფული ვინმემ ან უნდა მოგცეს ან შემოიტანოს და აქ საქმიანობა აწარმოოს. ანუ ის, რასაც უცხოურ ინვესტიციებს უწოდებენ, მაგრამ უცხოელები მთლად ბრიყვები არ აღმოჩნდნენ და თუკი რამეს აბანდებენ საქართველოში, ძირითადად უძრავ ქონებაში, რადგან უძრავი ქონება დღეს ჩალის ფასი ღირს და ჩვენი მოქალაქეებიცა და ბიზნესსექტორიც იძულებული არიან წავიდნენ ამ ნაბიჯზე. თითო-ოროლა მიმართული ინვესტიცია რეალურ სექტორში არაფერს ცვლის ანუ რეალური წარმოებისა და მომსახურების სფერო არ იზრდება", - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

"უცხოური ინვესტიციები ძალიან კარგია, თუ იგი ავსებს შენი ქვეყნის ეკონომიური სუბიექტების აქტიურობის პროცესში წარმოქმნილ დეფიციტს. მაგრამ თუ შენი ბიზნესსტრუქტურები სულს ღაფავენ და გაჩერების პირას არიან მისული, ბუნებრივია, მხოლოდ უცხოურ ინვესტიციებს ქვეყნის აღმავლობის გამოწვევა ნამდვილად არ შეუძლია. თუ არ არსებობს სტაბილური კერძო სტრუქტურების და მყარი სამუშაო ადგილების სოციალური მდგომარეობის გამოსწორების არანაირი შანსი, მაშინ დაწოლა გადადის ბიუჯეტზე. მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი ითხოვს შემწეობებს, აკმაყოფილებს სიღარიბის ყველაზე დაბალ მოთხოვნებს და რამდენიმე ათეული ლარის მიღებისთვის ბიუჯეტს ასობით მილიონის გაცემა უწევს. ეს ერთი მხრივ, თითქოსდა დახმარებაა, მეორე მხრივ ეს არის ჰაერში გასროლილი ფული", - მიიჩნევს ექსპერტი.

"მხოლოდ დახმარების იმედზე მყოფი სახელმწიფო დღეს თუ არა ხვალ განწირულია. ამიტომ ხელისუფლების უპირველესი ამოცანა უნდა იყოს, საკუთარ მოქალაქეებს მისცეს შრომის საშუალება და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის ასპარეზი. ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან იმ მასშტაბის დახმარების მიღება, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ მიიღო, პრაქტიკულად გამორიცხულია. ამას განაპირობებს საბერძნეთის გამო ევროკავშირში წარმოქმნილი პრობლემები და ახლო მომავლის პრობლემა, რომელიც შიშის ზარს სცემს მსოფლიოში ყველას, რომ საბერძნეთის გზას არ დაადგეს ესპანეთი! თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ იტალიასა და ირლანდიაშიც არ არის კარგი მდგომარეობა, ცხადი ხდება, რომ საქართველოსთვის არავის ეცლება. თუ ქართული ეკონომიკის მდგომარეობა მძიმეა, ვალუტის შემოსვლის საკუთარი წყაროები აღარ გაგვაჩნია, ჩვენს მეგობრებს კი პრობლემები აქვთ, მაშინ დგება საკითხი: რა ვქნათ? მე მგონი ხელისუფლება ამას შესანიშნავად გრძნობს და ეძებს გამოსავალს", - აცხადებს დემურ გიორხელიძე და შეკითხვას - "ამიტომ ხომ არ იყურება პრეზიდენტი აღმოსავლეთისკენ?" - პასუხობს:

"არ მგონია, საგარეო ორიენტაციის შეცვლაზე იყოს ლაპარაკი. პრაქტიკული თვალსაზრისით ყველაფერი ნათელია. თუ დასავლეთს უჭირს და შენ ფულს ვერ გაძლევს, მაშინ იმათთან უნდა იქატიურო, ვისაც ბევრი ფული აქვს. თუ დუბაის გამოვრიცხავთ (მას პრობლემები აქვს), სხვაგან იმდენი ფულია, რომ დასავლეთსაც და აშშ-საც მაგ ფულის იმედი აქვს. საქართველოს პრეზიდენტს რატომ არ უნდა ჰქონდეს იმედი? ჩვენ აღმოსავლეთთან საომარი არაფერი გვაქვს, გვინდა პრაგმატულ და მეგობრულ ურთიერთობებზე დაფუძნებული ურთიერთობები. თუ ჩინეთი, სინგაპური და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნები საქართველოში შემოვლენ და ქართულ საქმიან წრეებთან ურთიერთობებს დაამყარებენ, ამაში კარგის მეტი რა არის. ვისაც ეჭვი ეპარება, ჩაიხედოს სტატისტიკურ მონაცემებში, როგორ არის წარმოდგენილი აშშ-სა და ევროპაში აღმოსავლეთის ბიზნესი. გლობალიზაციის სამყარო ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, სხვა თვალთახედვიდან არის დასანახი. კონკურენციაში იყოფი დიდი სახელმწიფოები თავად გაიკვლევენ გზას".

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის