ლადო პაპავა - სოციალური მოტივით სერიოზული საპროტესტო აქციების დაწყებას გამოვრიცხავ

საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე, თუ რამდენად სავარაუდოა ეკონომიკური კრიზისის პირობებში სასურსათო დეფიციტი, ასევე მოსალოდნელია თუ არა ლარის კურსის ვარდნა და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ სოციალური კრიზისის თავიდან ასაცილებლად, `ინტერპრესნიუსი~ ექსპერტს ეკონომიკურ საკითხებში ლადო პაპავას ესაუბრა.

_ ბატონო ლადო, როგორ დაახასიათებდით ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას? ექსპერტები მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მეორე ტალღაზე აქტიურად საუბრობენ. თუ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მეორე ტალღა მართლაც დაიწყო, როგორ აისახება იგი საქართველოზე?

_ საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს როგორც კრიზისული და ამ კრიზისს, გლობალური ეკონომიკური კრიზისისაგან დამოუკიდებლად ეროვნული ფესვები აქვს. რაც შეეხება გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს, მასზე საექსპერტო წრეებში ერთიანი აზრი ჩამოყალიბებული არ არის. ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ კრიზისი დასრულებულია, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მოსალოდნელია მეორე და მესამე ტალღა და არიან ექსპერტები, რომლებიც ყოველგვარ ტალღებს გამორიცხავენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ კრიზისი, შესაძლოა, დროში გაიწელოს და მის დასრულებაზე ჯერ საუბარი ნაადრევია.

თუ ჩვენ, ჩვენსთან არსებულ ეკონომიკურ სურათს რეალურად შევხედავთ, ქვეყანაში კრიზისია, მაგრამ მოსახლეობა ამ კრიზის მთელი სიმწვავით იმის გამო ვერ გრძნობს, რომ საქართველო, როგორც რუსეთის აგრესით დაზარალებული ქვეყანა, 2010 წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარებას იღებს. საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხები შემოდის ბიუჯეტში, რომელიც ბიუჯეტს ავსებს და მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც დაფინანსებას ბიუჯეტიდან იღებს, მხედველობაში მაქვს საბიუჯეტო სექტორში დასაქმებული მოსახლეობა, პენსიონერები და სხვადასხვა შეჭირვებული მოსახლეობა, კრიზისს მთელი სიმწვავით ვერ გრძნობენ.

ის რომ ეს ზაფხული აღმოჩნდა ხანძარტევადი, ეს არნაირ კრიზისთან არ არის დაკავშირებული. იმის გამო, რომ რუსეთის ევროპულ ნაწილში ხანძარი დღესაც მძვინვარებს და ხორბლის სავარგულებს ანადგურებს, რუსეთი ხორბლის მსოფლიო ბაზარს გამოეთიშა, ხორბალზე ფასი გაიზარდა. რადგანაც საქართველო ხორბალს იმ რაოდენობით ვერ აწარმოებს, რაც ქვეყნის უზრუნველსაყოფისათვის არის საჭირო, ჩვენ იძულებული ვართ იგი შემოვიტანოთ. ბუნებრივია, როცა ფასები იზრდება, მათი ზრდა საქართველოზეც ვრცელდება.

_ ბევრს საუბრობენ სასურსათო დეფიციტის საშიშროებაზე. ემუქრება თუ არა საქართველოს სასურსათო დეფიციტი?

_ ტერმინი `სასურსათო დეფიციტი,~ კომუნისტების დროს იყო შესაძლებელი. დღევანდელ ვითარებაში ასეთი ტერმინის გამოყენება უხერხულიცაა. თუ რაიმე სახის საქონლის მიწოდება მცირდება, ფასი ბუნებრივად მატულობს. ეს იმას ნიშნავს, რომ იგივე საქონლის შეძენა უფრო მაღალ ფასში მოგიწევს. იმის გამო, რომ რუსეთი ხორბლის ბაზარს გამოეთიშა, ხორბალზე ფასმა მოიმატა. ხორბალი რეალურად არის, უბრალოდ მისი ფასი გაიზარდა. ტერმინი `სასურსათო დეფიციტი,~ კომუნისტური პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი და მართალი გითხრად, მე იგი დიდად არ მომწონს.

_ მსოფლიოში ხორბლის დეფიციტმა ქვეყანაში მეხორბლეობის პრობლემები წარმოაჩინა. რატომ დარჩა სოფლის მეორნეობის ეს დარგი ხელისუფლების ყურადღების მიღმა და თქვენი აზრით, რამდენად მართებულია მტკიცება, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან საქართველოში ვაჭრობის ლობი წარმოების ლობისტებს ყოველთვის თრგუნავდა?

_ სოფლის მეურნეობის სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ სპეციალისტებისგან მსმენია, რომ სოფლის მეურნეობაში არის გარკვეული სპეციფიკა. საქართველოში მეხორბლეობის განვითარებას ის ზღუდავს, რომ ქართული ხორბალი ისეთი მაღალი ხარისხის არ არის, როგორიც უკრაინული, რუსული, ან თუნდაც ყაზახური ხორბალი. სწორედ ამიტომ იყო, რომ საქართველოში მეხორბლეობა განვითარებული არ იყო. იგივე, ილია ჭავჭავაძეს თუ დავესესხებით _ სჯობია განავითარო მეღვინეობა, ვიდრე მეხორბლეობა. მეღვინეობით უფრო მეტი ხორბლის შეძენაა შესაძლებელი, ვიდრე ჩვენთან მეხორბლეობის განვითარებით. ამას სოფლის მეურნეობაში ქვეყნის უპირატესობის გამოყენება ჰქვია. ამდენად, მე არა ვარ იმ აზრის, რომ აუცილებელია საქართველოში მეხორბლეობა განვითარდეს. საქართველოში უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობის ის დარგები, რომელიც ყველაზე დიდ შემოსავალს მისცემს ქვეყანას. შემდეგ, გექნება შესაძლებლობა ამ შემოსავლით იყიდო ის, რაც გაკლია. მაგალითად, ხორბალი.

ჩვენ, სოფლის მეურნეობაში გვაქვს ისეთი დარგები, რომლებიც აბსოლუტურად მივიწყებული და საერთოდ უპატრონოდაა მიტოვებული. ყველას გაგვიხარდა არაბებმა და ირანელებმა ქართული ცხვრის მაღალხარიხიანობა რომ შენიშნეს და მასზე მოთხოვნა გაჩნდა, მაგრამ ჩვენ ისევ უცხოელებს ველით, რომ შემდეგ მათ ქართული ფუტკარი ხელახლა აღმოაჩინონ? ყოველთვის აღიარებული იყო ქართული ფუტკრის თვისებები და აქედან გამომდინარე თაფლის მაღალი ხარისხი. საერთოდ უპატრონოდაა მიტოვებული მეაბრეშუმეობა. ამ დროს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაპარაკობს ისეთ არადეკვატურ საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად, ბაყაყების ექსპორტი, ან ნიანგების მოშენება სამეგრელოში. მაშინ როდესაც სოფლის მეურნეობის ისეთი მნიშვნელოვანი დარგები გვაქვს მიტოვებული, როგორიცაა მეფუტკრეობა და მეაბრეშუმეობაა, ამაზე საუბარი უფრო კომიკურ ხასიათს იძენს. ეს დარგები მაღალშემოსავლიანობით გამოირჩევა. მეფუტკრეობით ცალკეული ინდივიდები არიან დაკავებული და საექსპორტოდ საქონელი საერთოდ არ გაგვაქვს, ხოლო რაც შეეხება მეაბრეშუმეობას, საქართველოში ამით თუ კიდევ ვინმეა დაკავებული, არც კი ვიცი.

_ როგორ აისახება არსებული ვითარება ლარის კურსზე, მოსალოდნელია თუ არა ლარის დევალვაცია?

_ ეროვნულ ბანკს აქვს სათანადო ოდენობის რეზერვები. ქვეყანაში დიდი ოდენობით შემოდის უცხოური დახმარება, რომელიც ბიუჯეტში უნდა იყოს ასახული ლარებში, ამიტომ მთავრობა დოლარში თუ ევროში შემოსულ დახმარებას ეროვნულ ვალუტაში ახურდავებს და ეროვნული ბანკიდან ლარებს ყიდულობს, რაც ეროვნული ბანკის რეზერვებს ზრდის. აქედან გამომდინარე, ისევე როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში მე რაიმე საფრთხეს ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით ვერ ვხედავ. ობიექტურად, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში ლარი ისევ გააგრძელებს დევალვაციას, მაგრამ ეროვნულ ბანკს აქვს ყველა რესურსი იმისათვის, რომ დევალვაცია იყოს პროგნოზირებადი და არ იყოს ნახტომები. რამდენიმე კვირის წინ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის გიორგი ქადაგიძის ინიციატივით ექსპერტთა ჯგუფს მასთან და მის გუნდთან გვქონდა შეხვედრა, რომელზეც მან საკმაოდ დეტალურად წარმოადგინა თავისი ხედვა იმ პრობლემების მიმართ, რაც არსებობს ფულად-საკრედიტო სისტემაში. ამიტომ მე გამოვთქვამ რწმენას, რომ ის არ დაუშვებს ლარის დევალვაციაში ხტომებს. ყოველ შემთხვევაში ბატონმა ქადაგიძემ მეცა და ჩემს კოლეგებს ამის პირობა მოგვცა და მეტიც, დეტალურად აგვიხსნა, ამისათავის თუ რის გაკეთებას აპირებს, რაც ჩვენ სრულად გავიზიარეთ.

_ დღეისათვის რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი და რა რესურსები გააჩნია ქვეყანას საგარეო ვალის დასაფარად?

_ დღეისათვის საგარეო ვალი აღწევს მთლიანი შიდა პროდუქტის 35%, რაც საგანგაშო არ არის. საერთაშორისო პრაქტიკაში საგანგაშო თანაფარდობად მიჩნეულია ვითარება, როცა საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 60% აჭარბებს. როცა ჩვენ საგარეო ვალზე ვლაპარაკობთ, ჩვენ ვსაუბრობთ მთავრობის მიერ აღებულ საგარეო ვალზე, მაგრამ როგორც წესი, ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ იმას, თუ რა ვალი აიღეს საქართველოს კერძო სტრუქტურებმა, ბანკებმა, სადაზღვევო კომპანიებმა, სხვადასხვა ფირმებმა. თუ ამ სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ აღებულ ვალს გავითვალისწინებთ, ჯამში საგარეო ვალი, მთლიან შიდა პროდუქტს აღემატება კიდეც. მთავრობა არ არის ვალდებული რომ კერძო სექტორის მიერ აღებული ვალის გასტუმრებისათვის თავი შეიწუხოს, მაგრამ კერძო ფირმებს შორისაც არის განსხვავება. თუ რომელიმე მსხვილ ბანკს დაემუქრა საფრთხე, მაშინ მთავრობა იძულებული იქნება ჩაერიოს. ყველაზე მეტად მთავრობას ამ კუთხით სჭირდება მუშაობა, რომ კერძო სექტორმა არ გააგრძელოს საგარეო ვალის ზრდა, რომ შემდეგ მთავრობას კრიტიკულ მომენტში მოუწიოს ჩარევა.

_ თქვენი შეფასებით, რამდგენად რეალურია მტკიცება, რომ სოციალურმა კრიზისმა ქვეყანაში საპროტესტო აქციები გამოიწვიოს? და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ ეკონომიკურმა პრობლემებმა სოციალური კრიზისი და საპროტესტო აქციების ტალღა არ გამოიწვიოს?

_ მთავარია, თავად ხელისუფლებამ არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც საპროტესტო აქციების დაწყების საბაბი შეიძლება გახდეს. რაც აგვისტოს თვეში გარემოვაჭრეებთან და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან დაკავშირებით მოხდა, დაუშვებელია. ამ პროცესებისას გამოიკვეთა, რომ ხელისუფლებას ჰყავს პრივილეგირებული მოსახლეობა, რომელსაც სახურავებსაც ურემონტებს, ელექტრომრიცხველებსაც უმონტაჟებს და არის მეორე კატეგორია, რომელსაც შენობებიდან ყრიან და საცხოვრებლად უშვებენ ისეთ ადგილებში და შენონებში, სადაც საცხოვრებელი პირობები რეალურად არ არსებობს. თუ მთავრობამ არაპოპულარული ღონისძიებები ძალის გამოყენებით არ განახორციელა, სოციალური მოტივით სერიოზული საპროტესტო აქციების დაწყებას პრინციპში გამოვრიცხავ.

ქართველებს, როგორც წესი, სოციალური თემატიკით საპროტესტო აქციაზე გამოსვლა არ გვახასიათებს. ეროვნული ან სხვა თემაზე აქციაზე ხალხის გამოსვლა პრობლემა არ არის. ახლა ახალი კონსტიტუციის განხილვა მიმდინარეობს, იქ რომ ეწეროს, ქართული ენა აღარ იქნება სახელმწიფო ენა, ან რაიმე ქრისტიანობის საწინააღმდეგო, მთელი საქართველო ფეხზე დადგება. რუსეთის მოსახლეობისაგან განსხვავებით, ჩვენი მოსახლეობა სოციალური მოტივითა და ვთქვათ, პურის გაძვირების გამო, აქტიური არ არის.

კობა ბენდელიანი

"ინტერპრესნიუსი"

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო