საერთო სამაგისტრო გამოცდები ივლისში ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის განკუთვნილ საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება.
ეროვნული გამოცდების ცენტრის ცნობით, გამოცდა ჩატარდება 2 ნაწილად, 2 დღის განმავლობაში.
გამოცდის შედეგების მიხედვით, მაგისტრანტისთვის გაიცემა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი. განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც სამინისტროს შიდა ხარჯების მობილიზების ხარჯზე 1000-დან 2250 ლარამდე საგრანტო დაფინანსებას 1000-მდე მაგისტრანტი მიიღებს.
თანხის პირველი 10% გაიცემა საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების საფუძველზე - რეიტინგული სიის მიხედვით უმაღლესი მაჩვენებლების მქონე მაგისტრანტებზე;
;;მომდევნო 40% გადანაწილდება თანაბრად, შემდეგი მიმართულებების მიხედვით: ბიზნესი და ეკონომიკა, ჰუმანიტარული, სოციალური, სამართალი, საინჟინრო, განათლება და პედაგოგიკა, საბუნებისმეტყველო, აგრარული, მათემატიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები, ხელოვნება, ჯანდაცვა.
მომდევნო 50% კი გადანაწილდება სახელმწიფოსთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით. ესენია: ჰუმანიტარული, განათლება და პედაგოგიკა, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მიმართულებები.
;;საერთო სამაგისტრო გამოცდები წელს პირველად ჩატარდება. აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში მაგისტრანტებს ამიერიდან სახელმწიფო დააფინანსებს.
მაგისტრატურაში ჩასარიცხად მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა გაიაროს საერთო სამაგისტრო გამოცდა და გამოცდა სპეციალობაში. სპეციალობის გამოცდას განსაზღვრავს და ატარებს ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც მაგისტრანტობის კანდიდატს სწავლის გაგრძელება სურს.
საერთო სამაგისტრო გამოცდას ატარებს გამოცდების ეროვნული ცენტრი.
;