ნაფიც მსაჯულთა მიერ ვერდიქტის გამოტანის წესი იცვლება.
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი პირველი ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს, თუმცა ახალ "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში", რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა, ცვლილებები უკვე ხორციელდება.
კერძოდ, კოდექსის დამტკიცებული ვარიანტით, თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სამი საათის განმავლობაში ვერ მოახერხებს ერთსულოვანი გადაწყვეტილების მიღებას, გადაწყვეტილება მომდევნო ექვსი საათის განმავლობაში მიიღება ხმათა შემდეგი უმრავლესობით: თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება არანაკლებ 11 ნაფიცი მსაჯულისაგან, ვერდიქტი მიიღება 10 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 10 ნაფიცი მსაჯულისაგან, ვერდიქტი მიიღება 9 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 9 ნაფიცი მსაჯულისაგან, ვერდიქტი მიიღება 8 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 8 ნაფიცი მსაჯულისაგან, ვერდიქტი მიიღება 7 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 7 ნაფიცი მსაჯულისაგან, ვერდიქტი მიიღება 6 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 6 ნაფიცი მსაჯულისაგან, ვერდიქტი მიიღება 5 ხმით. იმ შემთხვევაში თუ განსახილველ საქმეში ბრალდებულს შეიძლება დაენიშნოს უვადო თავისუფლების აღკვეთა, ვერდიქტი მიღებულ უნდა იქნეს ერთხმად.
კანონპროექტით კი, თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება არანაკლებ 11 ნაფიცი მსაჯულით, ვერდიქტი მიიღება 8 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 10 ნაფიცი მსაჯულისაგან, ვერდიქტი მიიღება 7 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 9 ნაფიცი მსაჯულისაგან, ვერდიქტი მიიღება 6 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 8 ნაფიცი მსაჯულისაგან, ვერდიქტი მიიღება 5 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 7 ან 6 ნაფიცი მსაჯულისაგან, ვერდიქტი მიიღება 4 ხმით;
კანონპროექტითვე, უქმდება დათქმა უვადო თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში ვერდიქტის ერთხმად მიღების ვალდებულების შესახებ.
ცვლილებები ჯერ არ ამოქმედებულ კანონში, უახლოეს პლენარულ სხდომაზე დამტკიცდება.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები, დეპუტატები ლაშა თორდია და პავლე კუბლაშვილი არიან.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"