თბილისის საქალაქო სასამართლომ სტაჟიორთა მიღებაზე კონკურსი გამოაცხადა. სტაჟიორობის კანდიდატი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს იურისტის კვალიფიკაცია, არის უმაღლესი იურიდიული სასწავლებლის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა კურსის სტუდენტი.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: კომპიუტერთან მუშაობის კარგი ცოდნა; საქართველოს კონსტიტუციის ცოდნა; "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის ცოდნა; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა; საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის #414 ბრძანებულებით დამტკიცებული "საქმისწარმოების ერთიანი წესების" შესახებ დებულების ცოდნა; საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის #466 ბრძანებულებით დამტკიცებული, "რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების შესახებ" დებულების ცოდნა; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 09 ოქტომბრის #1/310 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების შესახებ დებულების ცოდნა. საქართველოს სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცოდნა; საქართველოს ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ცოდნა; საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უნდა შეავსონ განაცხადი. განაცხადის ბლანკი გაიცემა თბილისის საქალაქო სასამართლოს საკონკურსო სამდივნოს მიერ. საბუთები მიიღება 2010 წლის 25 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-დან 17:00 საათამდე. კონკურსი გაიმართება გასაუბრების ფორმით, 2010 წლის 29 ნოემბრიდან.