საკრებულოს ფრაქცია "ჩვენ თბილისის" წევრის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ვიქტორ დოლიძის ინფორმაციით , ნანა ფიფია, რომელმაც დღეს დევნილთა სამინისტროსთან თავის დაწვა სცადა, მანამდე სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს შეხვდა.
როგორც ვიქტორ დოლიძე აცხადებს, დევნილი ნანა ფიფიას მიერ თავის დაწვის მცდელობის შესახებ დევნილებმა აცნობეს, რომლებთანაც ყოველდღიური კავშირი აქვს. იგი აცხადებს, რომ მომხდარი სამინისტროს მიერ დევნილთა პრობლემების უგულვებელყოფის შედეგია.
მისივე თქმით, ნანა ფიფია დროებით გამომცემლობა "სამშობლოს" შენობაში ცხოვრობდა, საიდანაც ზაფხულის შემდეგ გამოასახლეს და უბინაოდ დარჩა. სამინისტროს წინ შეკრებილი დევნილები ათ დღეზე მეტია, რაც სამინისტროსგან საცხოვრებლებში განთავსებას ითხოვენ. ”ნანა ფიფია თავის დაწვის მცდებლობამდე სამინისტროში ერთ-ერთ თანამდებობის პირთან შეხვედრაზე იმყოფებოდა და მისგან შეურაცხმყოფელი განცხადება მოისმინა. კერძოდ, ფიფიას ფოცხოში დაბრუნება ურჩიეს და როდესაც დევნილმა ჰკითხა, თუ როგორ გამოეკვება თავი და ეარსება, რადგან სოფელში ბალახის მეტი არაფერია, თანამდებობის პირმა უპასუხა, რომ მას ბალახი ეძოვა. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, ფიფიამ ბენზინი გადაისხა, რის შედეგადაც ქვედა კიდურების დამწვრობა მიიღო. იგი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს”,-აღნიშნა დოლიძემ.
საკრებულოს წევრი მოითხოვს, რომ სამინისტროსთან აქციაში მონაწილე ადამიანებს, დროებით ფართი გადასცენ, სანამ მათ გარემონტებულ საცხოვრებლებში გადაიყვანენ.
ვიქტორ დოლიძე ამ საკითხის საკრებულოს 29 ოქტომბრის სხდომაზე განხილვას აპირებს და გეგმავს, რომ შექმნილი მდგომარეობის შესახებ, საერთაშორისო ორგანიზაციებს აცნობოს.
ნანა ფიფია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მას სხეულის 32 პროცენტი აქვს დამწვარი.