სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციისთვის, საერთაშორისო დონეზე მათი ოკუპაციის აღიარების აუცილებლობაზე საუბრობს.
როგორც იაკობაშვილმა დღეს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის სხდომაზე განაცხადა, ამ ტერიტორიების ოკუპაციის საერთაშორისო დონეზე აღიარების მიმართულებით, საქართველო აქტიურად მუშაობს.
მისი თქმით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის ოფიციალურ აღიარებაზე ღიად საუბრობენ აშშ-ში და შესაბამისი დოკუმენტები ბალტიისპირეთის ქვეყნების პარლამენტებმაც მიიღეს.
"რიგ ქვეყნებთან ამ მიმართულებით მუშაობა ისევ მიმდინარეობს" – განაცხადა იაკობაშვილმა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო დონეზე ოკუპაცია არა მხოლოდ ცალკეულ განცხადებებში, არამედ შესაბამის საკანონმდებლო აქტებშიც უნდა დაფიქსირდეს.
იაკობაშვილის თქმით, რუსეთის ქმედება კი აფხაზეთთან მიმართებაში არა მხოლოდ ოკუპაცია, არამედ ანექსიაცაა.