საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ თბილისის 64-ე საჯარო სკოლაში მორიგი ახალი სასადილო გახსნა.
როგორც სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, 64-ე საჯარო სკოლაში, სადაც 900-მდე მოსწავლეა, რამდენიმე წლის განმავლობაში სასადილო არ ფუნქციონირებდა. სამინისტროს მიერ ინიცირებული უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლის კონცეფციის ფარგლებში, სასადილო გაარემონტა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა კომპანიამ "უსაფრთხო კვება".
64-ე საჯარო სკოლაში ისევე, როგორც აქამდე გახსნილ თანამედროვე სტანდარტების სასკოლო სასადილოებში, ანგარიშსწორება ელექტრონული ბარათებით მოხდება. ბარათები მოსწავლეებს ,,ტაოპრივატბანკმა"" უსასყიდლოდ დაუმზადა. ბარათზე დარიცხულ გარკვეულ თანხას ბავშვი მხოლოდ სასადილოში, საკვების შესაძენად გამოიყენებს.
ახალი პროექტი, რომელმაც პილოტირება რამდენიმე სკოლაში გაიარა, მოსწავლეებისა და განსაკუთრებით, მშობლების მიერ დადებითად ფასდება. მათი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე სტანდარტების სასადილოები ყოველდღიურად ახალი, ჯანსაღი საკვებით მარაგდება, არ ხდება ნაღდი ფულის მოხმარება, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებს შორის ფულთან დაკავშირებული უსიამოვნებების შემცირებას.
პროექტის განხორციელდება ქვეყნის მასშტაბით ბევრ სკოლაში მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება. ჯანსაღი კვების ობიექტები მალე ყველა სკოლაში დაინერგება.