სერგეი მიხეევი - რუსეთი აფხაზეთის საკითხში დასავლეთის რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს

შეფასებით, რუსეთ-საქართველოს შორის არსებული დაძაბული ვითარება უახლოეს მომავალში ორი მიზეზის გამო შენარჩუნდება _ არ არსებობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების შესაძლებლობა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სურვილი ნეგატიურად აისახება ორი ქვეყნის ურთიერთობებზე.

მიხეევის აზრით, რუსეთი აფხაზეთის საკითხში დასავლეთის რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, მოსკოვისთვის პირობების წაყენებით შეუძლებელია რაიმეს მიღწევა და მოლოდინი იმისა, რომ რუსეთი აფხაზეთთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას შეცვლის, არარეალურია.

მისივე მტკიცებით, ევროპელები რუსეთისგან 15 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების დემონსტრაციული მოთხოვნით, ნებსით თუ უნებლიეთ, ცდილობენ, მედვედევისა და პუტინის დაპირისპირებას. მისივე თქმით, ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ვითარების გამო, რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხეში ნეიტრალური ვერანაირად ვერ იქნება და არსებულ ვითარებას "ვერავითარი მედვედევი ვერ შეცვლის".

ექსპერტის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთს, თუ იგიაფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან გამოვა, არ შესწევს ძალა, გაანეიტრალოს ჩრდილოეთ კავკასია.

"კავკასიურ კონფლიქტებში დაშვებული შეცდომები მოსკოვისთვის @მკვეთრად გამოხატული ბუასილია და გაუგებარია, როგორ შეიძლება მისი მკურნალობა. რუსეთისთვის უფრო მოსახერხებელი იქნებოდა მათი სამუდამოდ დავიწყება, მაგრამ დღეს მოსკოვი ამის გაკეთების უფლებას თავს ვერ მისცემს," _ აღნიშნა "ინტერპრესნიუსსთან" საუბრისას სერგეი მიხეევმა.

_ ბატონო სერგეი, ახლა, როცა ოფიციალური მოსკოვი და თბილისი ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზებისთვის ემზადებიან, როგორ შეაფასებდით რუსულ-ქართული ურთიერთობების მოწესრიგების პერსპექტივას?

_ რუსულ-ქართული ურთიერთობები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მე მგონია, დღეისათვის არსებული ვითარება უახლოეს მომავალში ორი მიზეზის გამო შენარჩუნდება. 1. მე ვერ ვხედავ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების უახლოეს მომავალში მოგვარების შესაძლებლობას. 2. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სურვილი ყველა შემთხვევაში ნეგატიურად აისახება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე. იმის გათვალსიწინებით, რომ ამ ორივე უმნიშვნელოვანესი და უმწვავესი საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა ვერ მოხერხდება, რუსულ-ქართული ურთიერთობები საკმაოდ დაძაბული იქნება.

_ ბერლინში, გაერო-ს გენმდივნის მეგობარმა ქვეყნებმა აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების ახალი, სამეტაპიანი გეგმა შეიმუშავეს. ამ გეგმის პირველი ეტაპი რუსეთის მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით პუტინის 16 აპრილის განკარგულების შეჩერებას ითვალისწინებს. თქვენი აზრით, გაითვალისწინებს თუ არა რუსეთი აფხაზეთთან დაკავშირებით დასავლელი პარტნიორების რჩევას?

_ მოლოდინი იმისა, რომ რუსეთი აფხაზეთთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას შეცვლის, არარეალურია. ჩემი აზრით, ამგვარად საკითხის დაყენება კონსტრუქციული მიდგომა არ არის. მე მახსენდება ევროპელი ჩინოვნიკის მოსაზრება, რომელიც საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების უფრო დემოკრატიულად ჩატარებისთვის მოსკოვს რუსეთის კონსტიტუციის შეცვლას ურჩევდა.

სინამდვილეში, რასაც ახლა დასავლეთი რუსეთისგან აფხაზეთთან დაკავშირებით ითხოვს, პროვოკაციის ზღვარზეა. რუსეთისგან გადაწყვეტილების დემონსტრაციულად გაუქმების მოთხოვნა კონფლიქტის მოწესრიგებას კიდევ უფრო გაართულებს.

ევროპელები რუსეთისგან 15 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების დემონსტრაციული მოთხოვნით, ნებსით თუ უნებლიეთ, მედვედევისა და პუტინის დაპირისპირებას ცდილობენ. გარდა ამისა, ცდილობენ, გვიკარნახონ, როგორ ვიმოქმედოთ. შეიძლება კამათი 15 აპრილის განკარგულების ავკარგიანობაზე, მაგრამ მოლაპარაკებათა წარმოების თვალსაზრისით, რუსეთისთვის მოთხოვნის წაყენება არასწორია. საჭირო იყო, მოთხოვნის წაყენების ნაცვლად, რამე კონსტრუქციული და უფრო ეშმაკური წინადადების მოფიქრება.

_ ბოლოს და ბოლოს, დასავლეთი რუსეთისგან დელიკატურად მოითხოვს აფხაზეთის ეკონომიკური ექსპანსიისა და კონფლიქტური ზონის პრივატიზირება-ანექსიის შეწყვეტას . . .

_ ამ ბრალდებაზე რუსეთი პასუხობს, რომ მის მიერ აფხაზეთში წარმოებული პოლიტიკა ანექსია არ არის და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას სახავს მიზნად.

_ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. . . რუსეთის მიერ აფხაზეთში ეკონომიკური ექსპანსია არნახულ მასშტაბებს იძენს. . .

_ ამერიკელი ბიზნესმენები რუსეთის ეკონომიკაში ფულს დებენ, მაგრამ ეს ხომ აშშ-ს მიერ რუსეთის ანექსია არ არის

_ რუსეთი საერთაშორისო სამართლის სუბიექტია, აფხაზეთი - აუღიარებელი რესპუბლიკა, კონფლიქტის ზონა, რომელსაც ეთნიკურ წმენდაში ედება ბრალი. კარგით, ახლა მთავარია, რამდენად გაითვალიწინებს რუსეთი დასავლელი პარტნიორების რჩევას და მიიღებს თუ არა კონსტრუქციულ მონაწილეობას აფხაზეთის კონფლიქტის მოგარებაში. . .

_ ჩემი აზრით, რუსეთი დასავლეთის რჩევას იგნორირებას გაუკეთებს ან ფორმალურად დათანხმდება აფხაზეთთან მიმართებაში 15 აპრილის განკარგულების გაუქმების რეკომენდაციას. უდავოა, რომ ევროპა რუსეთის მიმართ დიპლომატიის ხელოვნებას არ ავლენს და ცდილობს, რუსეთს პირობები წაუყენოს. შემიძლია გითხრათ, რომ მოსკოვისთვის პირობების წაყენებით შეუძლებელია რამეს მიღწევა.

_ ამას წინათ ინტერნეტში თქვენ მასალას გავეცანი, სადაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მოწესრიგებას ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში არსებულ ვითარებას უკავშირებდით. . .

_ კავკასიური პრობლემები რუსეთისთვის დიდი ხანია, სერიოზული თავსატკივარია. მოსკოვისთვის ძალიან ძნელია ერთროულად დააკმაყოფილოს, როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების მონაწილე ყველა მხარე. კავკასიაში მრავალმხრივი ინტერესებია. რუსეთს უჭირს ისე მოიქცეს, რომ რომელიმე მხარე არ დარჩეს უკმაყოფილო.

ყველა შემთხვევაში, რუსეთის მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ნეიტრალიტეტის პოლიტიკის გატარება იმის გამოა შეუძლებელი, რომ რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიაში თავისი პრობლემები აქვს. ამ ტერიტორიას მოსკოვი ძნელად აკონტროლებს. ჩრდილოთ კავკასიაში უამრავი პრობლემაა, რუსეთს არ შესწევს ძალა, გაანეიტრალოს ჩრდილოეთ კავკასია იმ შემთხვევაში, თუ იგი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან გამოვა.

კავკასიური კონფლიქტები ორმხრივი შეცდომების შედეგებია. კავკასიურ კონფლიქტებში დაშვებული შეცდომები მოსკოვისთვის მკვეთრად გამოხატული ბუასილია და გაუგებარია, როგორ შეიძლება მისი მკურნალობა.

დარწმუნებული ვარ, რუსეთისთვის უფრო მოსახერხებელი იქნებოდა მათი სამუდამოდ დავიწყება, მაგრამ დღეს მოსკოვი ამის გაკეთების უფლებას თავს ვერ მისცემს.

_ გამოდის, რომ მედვედევი პუტინის პოლიტიკას გააგრძელებს და რუსულ-ქართულ ურთიერთობებში ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ?

_ რადიკალური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. თეორიულად, რუსეთისთვის მომგებიანია ერთიანი, მაგრამ ლოიალური საქართველო. მაგრამ ახლა ძნელად წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ამის მიღწევა. რუსეთს შეეძლო, სოხუმსა და ცხინვალზე გარკვეული ზეწოლის განხორციელება, თუ საქართველოში სახელმწიფო წყობა ფედერაციული ან კონფედერაციული იქნებოდა და თბილისი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ფედერაციულ ანაც კონფედერაციულ პირობებზე შესთავაზებდა საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას. გარდა ამისა, საქართველომ უნდა გადახედოს თავის დამოკიდებულებას ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ამისათვის საჭიროა, ორივე მხრიდან სერიოზული დათმობები. იმის გათვალისწინებით, რომ მსაგვსს უახლოეს მომავალში არ ველი, ვერანაირი მედვედევი ვითარებას ვერ შეცვლის.

_ ბატონო სერგეი, თქვენ არ მოგეწონათ ევროპელი ჩინოვნიკის რჩევები, რატომ ჰგონიათ, რომ რუსული რჩევები საქართველოში მოეწონებათ? გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ რუსეთის ფედერციაში ყოფილი ავტონომიები მოსკოვიდან როგორ იმართებიან და საქართველოსთვის ამგვარი რჩევების გასაცემად რუსეთს, სულ მცირე, მორალური უფლება არა აქვს . . .

_ კარგად მესმის, რაზეც ამახვილებთ ყურადღებას. მე ვამბობ, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები ჩიხშია და მდგომარეობის გამოსასწორებლად ფანტასტიკური დათმობებია საჭირო. ვითარება იმდენად რთული და მძიმეა, რომ ამას ვერანაირი მედვედევი ვერ უშველის და გამოასწორებს.

"ინტერპრესნიუსი"

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს