პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი, დეპუტატი, გიორგი ცაგარეიშვილი ქსნის #7 კოლონიაში არსებულ "კატასტროფულ" ვითარებაზე საუბრობსდა პასუხისმგებლობას პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს აკისრებს.
ცაგარეიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნულ დაწესებულებაში შექმნილი ვითარება "კატასტროფულად" შეაფასა.
მისი განცხადებით, ქსნის საპატიმრო დაწესებულებაში პატიმრები: ზურაბ ხაჩიძე, ირაკლი დანგაძე, რამაზ მურადოვი, კახა აბულაძე, დავით მუსტოიანი, ლერი მალარიძე და ირაკლი ცანავა უმოწყალოდ არიან ნაცემი.
ერთ-ერთი მსჯავრდებული არჩილ სახვაძე კი, როგორც ცაგრეიშვილი ამბობს, ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებების გამო გლადინის #8 საპატიმროსთან არსებულ სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
გიორგი ცაგარეიშვილმა Dქსნის საპატიმრო დაწესებულებაში არსებული "კატასტროფული" ვითარების დასადასტურებლად ჟურნალისტებს წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის ნაწილიც გააცნო.
დასკვნის თანახმად, ქსნის მე-7 კოლონიაში, რომელიც 1600 პატიმარზეა გათვლილი, 2900 მსჯავრდებული იმყოფება. ერთ-ერთი შენობის დაწვის გამო კი, პატიმრები პირდაპირ ეზოში, "კარვებში" ცხოვრობენ. კატასტროფულია მდგომარეობა სანიტარიის კუთხით. ქსნის კოლონია სავსეა მღრნელებით და პარაზიტებით, ე.წ. საკნის კედლები პატიმრებს "ადიელებით" და საცვლებით აქვთ გაყოფილი. ურთულესია ვითარება შიდსითა და ტუბერკულოზით დაავადებებთან დაკავშირებით.
"ნაციონალურმა მოძრაობამ ციხე "ყვარყვარეს ციხედ" გადააქცია", –განაცხადა დეპუტატმა და დასძინა, რომ სწორედ ამიტომ უქმნის პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციონერ დეპუტატებს ციხეში შესვლაზე პრობლემებს.
ამის გამო, ცაგარეიშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადამიანების წამებაზე სხვა პირებთან ერთად პასუხისმგებელი, პარლამენტის თავმჯდომარეც არის.