ზუსტად შვიდი წლის წინ, საქართველოში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რომელიც ქვეყნის უახლეს ისტორიაში "ვარდების რევოლუციის" სახელით შევიდა.
უსისხლო სახელმწიფო გადატრიალების მიზეზი 2003 წლის 2 ნოემბრის გაყალბებული საპარლამეტო არჩევნები გახდა, რამაც წერტილი დაუსვა ედუარდ შევარდნაძის და მისი გუნდის თერთმეტწლიან მმართველობას.
2 ნოემბერის არჩევნების ღამეს გრიბოედოევის თეატრის დარბაზში "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამარჯვება აღნიშნა. ისინი ეყრდნობოდნენ ეგზიტპოლების შედეგებს, რომელთა მიხედვითაც პირველ ადგილზე "ნაციონალური მოძრაობა" ხმათა 20,8%-ით იყო, მეორე და მესამე ადგილებს კი, "ახალი საქართველოსთვის" (12,9%) და "ლეიბორისტული პარტია (12,8%) ინაწილებდნენ.
ამ დროისთვის ცესკო-ს ოფიციალური მონაცემები გამოქვეყნებული არ ჰქონდა. ცესკო-მ მხოლოდ 03.00 საათზე გამოაქვეყნა პირველადი მონაცემები, რომლითაც სახელისუფლო ბლოკი "ახალი საქართველოსთვის" და "ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობდნენ, მაგრამ საერთო სურათი მაინც ბუნდოვანი რჩებოდა.
იმავე დღეს ცნობილი გახდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მათ შორის, ეუთო-ს მონაცემები დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით. გამონაკლისი იყო დსთ-ს დამკვირვებელთა ჯგუფი, რომლებმაც, წინასწარი შეფასებით, არჩევნებს სამართლიანი და დემოკრატიული უწოდეს. ბურჯანაძე-ჟვანიას ბლოკმა არჩევნებში "ნაციონალების" გამარჯვება აღიარა. ამ უკანასკნელმა კი, საუბარი დაიწყო შესაძლო სახალხო გამოსვლებზე.
პირველი დემონსტრაცია უკვე 4 ნოემბერს ჩატარდა. "ნაციონალების" სატელევიზიო მოწოდებას მხოლოდ "დემოკრატები" გამოეხმაურნენ. "დემოკრატების" მხარდამჭერები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და მოგვიანებით შეუერთდნენ "ნაციონალებს", რომლებიც მერიის შენობასთან იყვნენ შეკრებილები. მათ აჭარის საარჩევნო ოლქებში შედეგების გაუქმება მოითხოვეს. მოგვიანებით, ეს მოთხოვნა ოპოზიციის ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნად იქცა.
6 ნოემბრის საღამოს, ცესკო-ს მონაცემები კარდინალურად შეცვალა აჭარის საარჩევნო ოლქებიდან შემოსულმა შედეგებმა. ამ მონაცემების მიხედვით, აჭარაში "დემოკრატიული აღორძინების კავშირი" ხმათა 95%-ით პირველ ადგილზე გავიდა. მან 284 ათასი ხმიდან 270 ათასი ხმა მიიღო და საქართველოს მასშტაბითაც პირველ ადგილზე გადაინაცვლა. სახელისუფლო ბლოკი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მეორე და მესამე ადგილებზე აღმოჩნდნენ.
ამ შედეგების გამოცხადების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა ხალხს აქციებისკენ მოუწოდა: 7 ნოემბერს რეგიონებში, ხოლო 8 ნოემბერს - თბილისში. იმავდროულად, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა ბლოკის გადაწყვეტილებაზე, უარი ეთქვათ საპარლამენტო მანდატებზე.
8 ნოემბერს მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სადაც 20 ათასამდე მომიტინგემ მოიყარა თავი. აქციაზე გაჩნდა პრეზიდენტისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნები. მოგვიანებით მომიტინგეებმა სახელმწიფო კანცელარიისა და საქართველოს პარლამენტის შენობებთან გადაინაცვლეს.
9 ნოემბერს დილით, პარლამენტთან, აქციაზე მოულოდნელად მივიდა ედუარდ შევარდნაძე, ხალხთან მოლაპარაკებების მიზნით, თუმცა ხალხმა მას არ მოუსმინა. იმავე საღამოს კრწანისის რეზიდენციაში გაიმართა მოლაპარაკებები შევარდნაძესა და საპროტესტო აქციების ლიდერებს - ზურაბ ჟვანიას, მიხეილ სააკაშვილსა და ნინო ბურჯანაძეს შორის. შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
ის პირველმა სააკაშვილმა დატოვა და ხალხს უფრო ფართომასშტაბიანი აქციებისკენ მოუწოდა.
9 ნოემბრიდან მოყოლებული, საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქციები პერმანენტული გახდა. საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობდა რეგიონებშიც. პარალელურად, შევარდნაძე იმყოფებოდა სამეგრელოსა და აჭარაში, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურისგან, ასლან აბაშიძისაგან მხარდაჭერის პირობა მიიღო.
აქციებს არ შეუერთდნენ "ახალი მემარჯვენეები", რომლებმაც განაცხადეს, რომ რევოლუციაში მონაწილეობას არ მიიღებენ. "ლეიბორისტულმა პარტიამ" ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტს, მაგრამ არ შეუერთდა შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნასა და საპროტესტო გამოსვლებს.
11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი შეხვდა სახელმწიფო მინისტრს, ავთანდილ ჯორბენაძეს და შინაგან საქმეთა მინისტრის, კობა ნარჩემაშვილის გადადგომა მოითხოვა. სახელისუფლო ბლოკის წარმომადგენლებმა, ვახტანგ რჩეულიშვილმა და გია ყარყარაშვილმა გამოხატეს კომპრომისისადმი მზადყოფნა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების აღიარებით უნდა გამოხატულიყო. 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო პრეზიდენტის, ოპოზიციის ლიდერებისა და ცესკო-ს თავმჯდომარის შეხვედრა სახელმწიფო კანცელარიაში, რომელიც ჩაიშალა, რადგანაც ოპოზიციის ლიდერები შეხვედრაზე არ მივიდნენ.
12 ნოემბერს გამართულ აქციაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აღარ აპირებდა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე წასვლას. აქციების ერთადერთ და უპირობო მოთხოვნად იქცა საქართველოს პრეზიდენტის გადადგომა. ამ მიზნით ოპოზიციამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
14 ნოემბერს კიდევ ერთი ხალხმრავალი აქცია გაიმართა. მომიტინგეებმა შეკრეს ცოცხალი ჯაჭვი სახელმწიფო კანცელარიის ირგვლივ. ოპოზიციის ლიდერებმა ხელისუფლებას სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს.
16 ნოემბერს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ოპოზიციამ ჩამოაყალიბა დაუმორჩილებლობის კომიტეტი და შეიმუშავა 5-პუნქტიანი მიმართვა მოსახლეობისადმი. ოპოზიციამ მოუწოდა მოსახლეობას ადგილობრივი ადმინისტრაციების შენობების პიკეტირებისკენ, საჯარო მოხელეებს - გაფიცვისკენ, ხოლო მეწარმეებს - გადასახადების გადაუხდელობისკენ. მათ, ასევე, მოუწოდეს მძღოლებს, ორშაბათს, 11:00 საათზე, პრეზიდენტის რადიოინტერვიუს დროს, გაეჩერებინათ ავტომობილები და ჩაერთოთ საყვირები დაუმორჩილებლობის ნიშნად.
შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობები დაიწყო ზუგდიდში, თელავში, რასაც შედეგად მოჰყვა შევარდნაძის მოკავშირის, თელავის გამგებლის, მედეა მეზვრიშვილის გადადგომა.
საპროტესტო აქციები ჩატარდა რუსთავში, ახალციხეში, ფოთში. აბაშაში მასწავლებლების, ზუგდიდში კი ექიმების გაფიცვა მოეწყო. 19 ნოემბერს აქცია გაიმართა ბოლნისში, სადაც მომიტინგეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესხნენ თავს. 13-17 ნოემბერს საპროტესტო აქციები იმართებოდა ჰამბურგში, ლონდონსა და ნიუ-იორკში. სამოქალაქო დაუმორჩილებლობას შეუერთდა თსუ-ს სტუდენტების ნაწილიც.
ედუარდ შევარდნაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციას დიალოგისკენ.
17 ნოემბრიდან კი, დაიწყო ხელისუფლების მომხრეთა აქციები საქართველოს პარლამენტის წინ. აქციაში მონაწილეობდნენ "დემოკრატიული აღორძინების კავშირის", ზვიად გამსახურდიას ქვრივის, მანანა არჩვაძისა და "მოქალაქეთა კავშირის" მომხრეები. ისინი "ნაციონალურ მოძრაობას" სამოქალაქო კონფრონტაციის გაღვივებაში ადანაშაულებდნენ.
20 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, პირველ ადგილზე მმართველი გუნდი გავიდა, მეორეზე - "აღორძინება", ხოლო "ნაციონალებს" მესამე პოზიცია ერგოთ. არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ეს შედეგები არ ასახავენ ქართველი ხალხის ნებას.
მუხედავად ამისა, ედუარდ შევარდნაძემ 22 ნოემბერს პარლამენტის პირველი სხდომა დანიშნა.
21 ნოემბერს საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა მხარდამჭერები რეგიონებიდან თბილისისკენ დაძრეს. ავტოკოლონას წინ მოუძღოდა წალენჯიხის ავტობუსი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. 
ოპოზიციის მომხრეები თბილისში 21 ნოემბერს შევიდნენ და თავისუფლების მოედანზე გაჩერდნენ, რადგანაც საქართველოს პარლამენტის წინ კვლავ ხელისუფლების მომხრეთა აქცია იმართებოდა. ოპოზიციამ "ხავერდოვანი რევოლუციის" დაწყება გამოაცხადა, რომელიც "ვარდების რევოლუციის" სახელით მოგვიანებით დამკვიდრდა.
22 ნოემბერს, 15.30 საათზე ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სესია დაინიშნა. პარლამენტს გარეთ კი, თითქმის ერთთვიანი, უწყვეტი საპროტესტო აქციის მონაწილეები მაქსიმალურად მობილიზებულები იდგნენ.
სხდომა ცოტა დაგვიანებით დაიწყო. კანონის თანახმად, ახლად არჩეულ პარლამენტს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ. პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დროს, შენობის ირგვლივ შეკრებილი მომიტინგეები შესასვლელისკენ დაიძრნენ. პოლიციისა და უშიშროების სამსახურებმა კორდონი გახსნეს და შენობაში შესავარდნად გამზადებულ ხალხს გზა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გაუთავისუფლეს.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ხელში ვარდი ეჭირა, მხარდამჭერებთან ერთად სხდომათა დარბაზში შეიჭრა და პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა.
შევარდნაძემ დაცვის თანხლებით დატოვა დარბაზი. საქართველოს პარლამენტის შენობა ოპოზიციის მომხრეებმა დაიკავეს. მოგვიანებით მათ დაიკავეს სახელმწიფო კანცელარიის შენობაც. პოლიციას ხელი არ შეუშლია მომიტინგეებისთვის, დაეკავებინათ პარლამენტისა და კანცელარიის შენობები.
22 ნოემბერსვე, საღამოს ედუარდ შევარდნაძემ, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
იმავე ღამეს, საქართველოს პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ, საქართველოს პრეზიდენტი ქმედუუნაროდ გამოაცხდა და პრეზიდენტის ფუნქციების შესრულება თავის თავზე აიღო.
ამ დროს თბილისში იმყოფებოდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი იგორ ივანოვი, რომელიც შუამავლის ამპლუაში მხარეებს შორის აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებდა.
"ვარდების რევოლუციის" ლიდერები 23 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს კრწანისის რეზიდენციაში შეხვდნენ. მცირეხნიანი მოლაპარაკების შემდეგ, შევარდნაძემ გადადგომის შესახებ ზეპირი განცხადება გააკეთა. შეხვედრისას მან ასევე "იწინასწარმეტყველა", რომ მიხეილ სააკაშვილი - პრეზიდენტი, ზურაბ ჟვანია - პრემიერ-მინისტრი, ხოლო ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარე გახდებოდა.
"ჩემი ხალხისთვის არასდროს მიღალატია. ალბათ ჯობია, პრეზიდენტი გადადგეს, ყველაფერი ეს დამთავრდეს მშვიდობიანად და სისხლი არ დაიღვაროს. გადადგომას მიჩვეული ვარ და დიდი ტრაგედია რა იქნება. ახლა მივდივარ სახლში", - განუცხადა შევარდნაძემ ჟურნალისტებს.
24 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა, ხოლო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ გააუქმა 22 ნოემბერს შემოღებული საგანგებო მდგომარეობა. 26 ნოემბერს კი, სასამართლომ 2 ნოემბრის არჩევნების შედეგები ბათილად სცნო.
პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომასთან ერთად, მალე სრულად შეიცვალა ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა: 2004 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, 28 მარტს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში კი, ხმების აბსოლუტური უმეტესობა "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო.
"ვარდების რევოლუციამ" მნიშვნელოვნად შეარყია ასლან აბაშიძის მმართველობაც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. აბაშიძემ ხელისუფლების შენარჩუნება მხოლოდ რამდენიმე თვის მანძილზე შეძლო. 2004 წლის 6 მაისს, ასევე "გიორგობის" დღესასწაულაზე, "ვარდების რევოლუციის" ორგანიზატორებმა აჭარაში აბაშიძის მმართველობაც დაასრულეს.
"ვარდების რევოლუციაში" პოლიტიკოსებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები. განსაკუთრებით აღსანიშნავია "თავისუფლების ინსტიტუტი" და მისი შვილობილი სტუდენტური მოძრაობა "კმარა", რომელიც აქტიურ ანტიშევარდნაძისტულ კამპანიას ეწეოდა.
"ვარდების რევოლუციის" შემდეგ აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობები დაიკავეს არასამთავრობო ორგანიზაციათა იმ წარმომადგენლებმა, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ რევოლუციაში.
ხათუნა კიღურაძე
”ინტერპრესნიუსი”