აკაკი წერეთლის 170 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ხვალ საქართველოს პარლამენტში გამოფენა გაიხსნება.
დიდი მგოსნის ნაკლებად ცნობილი წერილები, ძვირფასი მემორიალური ხელნაწერები, ფოტოები და სახელობითი სიგელები საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის საცავებიდან ერთი კვირით რუსთაველის სახელობის დიდ დარბაზში გადაინაცვლებს.
პარლამენტი პირველად უმასპინძლებს აკაკი წერეთლის მოღვაწეობასთან დაკავშირებულ ისეთ იშვიათ ექსპოზიციას, სადაც წარმოდგენილი იქნება რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის ფოტო ორიგინალები, მწერლის ფოტო ავტორისეული მინაწერითა და შარჟით.
გამოფენაზე პირველად იქნება წარმოდგენილი აკაკი წერეთლის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმის, "ბაში აჩუკის" რამდენიმე ძვირფასი კოსტუმი. მათ შორის სელიმ-ხანის სამოსელი. ექსპონატი XVIII საუკუნის ფრესკების მიხედვითაა შეკერილი, ამიტომ ხავერდი ოქროს მელნითაა გაფორმებული. გამოყენებულია აპლიკაცები და იშვიათი ნაქარგობა. სელიმ ხანის კოსტუმს ე.წ დიდი ოქროს გულსაკიდი, ნახევრადძვირფასი ქვებით მოჭედილი ხმალი და XVII საუკუნის ირანული დამბაჩა ამშვენებს.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება თამარ მეფის სადედოფლო კაბის ზუსტი ასლი, რომელიც ვარძიის ფრესკის მიხედვით შეიკერა. ამ ტიპის კოსტუმი 1908 წელს ქუთაისის თეატრალურმა საზოგადოებამ აკაკი წერეთლის იუბილის აღნიშვნისთვის გამოიყენა.
ექსპოზიცია ასევე დაეთმობა ცნობილი ქართველი მხატვრების იმ ესკიზებს, რომლებიც აკაკი წერეთლის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლებისა და კინოფილმების გაფორმების დროს გამოიყენეს.