•;ირაკლი ალასანია - "აქციების მშვიდობიან ფორმაზე პასუხს აგებს ოპოზიციაც, მაგრამ უმთავრესი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება"
•;აშშ-რუსეთი - იქნება თუ არა კომპრომისი პრინციპების ხარჯზე
•;სუბარი თევდორაძის კომისიის დაშლას ითხოვს;;
ირაკლი ალასანია - "აქციების მშვიდობიან ფორმაზე პასუხს აგებს ოპოზიციაც, მაგრამ უმთავრესი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება"
"ჩემი მთავარი ამოცანაა, გაჩნდეს ხალხთან დიალოგის რეალური საშუალება. მთავარია, ხალხს მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რომელიც მას ჩვენგან სჭირდება. ველაპარაკოთ იმაზე, რას ვთავაზობთ და როგორ ვაპირებთ ქვეყნის განვითარებას ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. ამისთვის მარტო პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა არ არის საკმარისი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს და ირწმუნოს, რომ რასაც სთავაზობ, უკეთესია იმაზე, რაც დღეს აქვს. ამას სჭირდება სერიოზული მომზადება", - აცხადებს "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი ძალადობა ცეცხლთან თამაში იქნება".
"ჩვენ ისეთ ფაზაში ვართ, როცა ქვეყანაში გაჩნდა ხელისუფლების მშვიდობიანი, კონსტიტუციური ცვლილების აუცილებლობა. რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, ეს უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი პროცესი და არ უნდა გასცდეს კონსტიტუციურ ფარგლებს. ხელისუფლებას ეკისრება უდიდესი პასუხისმგებლობა, რათა ამ პროცესში გამოიჩინოს თავაშეკავება და არ შეუქმნას პრობლემები ხალხის ნების გამოვლენას. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა საპროტესტო მშვიდობიან აქციას, მათ შორის 9 აპრილის აქციასაც. რაც მეტი მოქალაქის ნება გამოვლინდება, მით უფრო სერიოზული არგუმენტი გვექნება იმისთვის, რომ დავანახვოთ ხელისუფლებას, რატომ უნდა წავიდეს და რატომ უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ყველა პრობლემა, რაც კი ქვეყანაში არსებობდა და არსებობს, უნდა გადაიჭრას დიალოგის გზით, თუნდაც ოპოზიციურ სპექტრსა და ხელისუფლებას შორის. არის საკითხები, რაზეც აუცილებელია დიალოგი, რათა თავიდან ავიცილოთ კონფრონტაცია, რაც საზოგადოებას კიდევ უფრო გახლეჩს და ქვეყანას დააზარალებს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალასანია.
"ინფორმაცია უტყუარი წყაროდან მივიღეთ, რომ იგეგმება ოპოზიციის აქტიური წევრების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორება. ეს მე პრევენციის მიზნით გავახმაურე, რათა ხელისუფლებამ და სამართალდამცავმა სტრუქტურებმა კარგად გაიაზრონ, რა მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამგვარ მოქმედებას. ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი ძალადობა ცეცხლთან თამაში იქნება. მოვუწოდებ ხელისუფლებასა და სამართალდამცავ სტრუქტურათა თანამშრომლებს, დაფიქრდნენ და აღკვეთონ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებისა თუ პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ დაგეგმილი ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ უნდა ვიგრძნოთ დიდი პასუხისმგებლობა, რათა ქვეყნის შიგნით მოვლენების განვითარებამ საშუალება არ მისცეს გარე ძალას ჩაერიოს ჩვენს შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში. მაგრამ ეს არ უნდა გახდეს სამოქალაქო აქტიურობისა და პიროვნული თავისუფლების შეზღუდვის მიზეზი", - დასძენს რესპონდენტი.
"რაც შეეხება რეფერენდუმს, სულაც არ მიმაჩნია უცნაურად, რომ ამ საკითხის მიმართ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას სხვადასხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდა. ზოგს ეგონა, რეფერენდუმი სააკაშვილს ხელისუფლებაში ყოფნის ვადას გაუხანგრძლივებდა, ზოგს სხვა თვალსაზრისი ჰქონდა. ჩემი მთავარი ამოცანა არის და მომავალშიც იქნება ერთი რამ - ქვეყნის ინტერესები ყველამ პარტიულ თუ პირად ინტერესებზე მაღლა დავაყენოთ.... პოლიტიკურ ძალებთან ხანგრძლივი კონსულტაციები მქონდა, პრინციპული სხვაობის არარსებობამ განაპირობა ჩვენი თანამშრომლობა ალიანსის ფარგლებში. ალიანსის კარები კვლავაც ღიაა, ამიტომ სხვა პოლიტიკურ ძალებსაც შეეძლებათ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ ჩვენთან. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, მასთან კონსულტაციები არ მაქვს", - აცხადებს ირაკლი ალასანია და შეკითხვას - "როგორ ფიქრობთ, საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელების გამო ხომ არ იქეცით ოპოზიციის თავდასხმის ობიექტად, დამეთანხმებით, ბევრ აქვს ოპოზიციაში საპრეზიდენტო ამბიცია" - პასუხობს:
"შესაძლებელია. მაგრამ ამ ეტაპზე ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება არ ღირს. მთავარია, ქვეყანაში სტაბილურ ვითარებაში მოხდეს ხელისუფლების ტრანსფორმაცია"
"ალიანსი საქართველოსთვის" დღეიდან პლებისციტის ჩატარება იწყებს, რომლის პირველი შედეგები საზოგადოებისთვის 31 მარტს იქნება ცნობილი. სწორედ ამ გამოკითხვისას უნდა გაირკვეს, თუ რამდენი ადამიანი უჭერს მხარს ალიანსის ინიციატივას - უმოკლეს დროში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. გუშინ კი ალიანსმა თბილისისა და რაიონებში გახსნილი იმ შტაბების შეკრება მოაწყო, რომელიც სახალხო პლებისციტს გაუწევს ორგანიზებას", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ალასანიას ალიანსი აქციაზე გამოსვლამდე პლებისციტს ჩაატარებს / "აქციების მშვიდობიან ფორმაზე პასუხს აგებს ოპოზიციაც, მაგრამ უმთავრესი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება".
"თუმცა გუშინდელი შეკრება პოლიტიკური ორგანიზაციის ყრილობას უფრო ჰგავდა. ალიანსის წარმომადგენელთა განცხადებით, შესაძლოა პლებისციტის ჩატარება და მისი შედეგების გამოქვეყნება 9 აპრილამდე ვერ მოესწროს, თუმცა ეს "ტრაგედია არ იქნება". რაც შეეხება 9 აპრილის აქციას, ალიანსს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება აქციასთან შეერთების შესახებ ჯერ არ მიუღია და ამ თემაზე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს. შეხვედრა "ახალი მემარჯვენეების" იმ შტაბში ჩატარდა, სადაც ერთ დროს გაერთიანებული ოპოზიცია უშედეგოდ შეეცადა ალტერნატიული პარლამენტის შექმნას. ღონისძიებამ ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე ჩაიარა, თუ არ; ჩავთვლის იმას, რომ დარბაზში უხვად იყო ალიანსის დროშები და პლაკატები დევიზით "მომავალს ვქმნით დღეს", ამასთან, არცთუ დიდი დარბაზი სავსე იყო სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მხარდამჭერებით", - აღნიშნავს გამოცემა.
"26-წუთიანი გამოსვლისას ალასანიას აპლოდისმენტებით 8-ჯერ შეაწყვეტინეს გამოსვლა. მან ამ მოკლე დროის;განმავლობაში მრავალ პრობლემაზე ისაუბრა, გამოსვლა კი იმით დაიწყო, რომ მისი სურვილია, "მომავალი შეკრებები აფხაზი და ოსი ძმების თანხლებით" გაიმართოს. ალასანიამ პირველი აქცენტები ქვეყნის გაერთიანებაზე გააკეთა. ასევე ხაზი გაუსვა, რომ ალიანსის სათავეში მოსვლის შემთხვევაში, "ამოივსება თაობებს შორის ნაპრალი, რომელიც ხელისუფლებამ გააჩინა". მისივე თქმით, "გაუთავებელი საუბარი მხოლოდ და მხოლოდ ომზე და იმაზე, თუ რა ზიანი მოგვაყენა რუსეთმა, შედეგს არ გამოიღებს. ამიტომ საჭირო იმ გეგმის წარმოდგენა, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს კრიზისიდან". ალიანსის ლიდერმა ასევე ისაუბრა 9 აპრილის აქციაზე და აღნიშნა, რომ ძალებს, რომლებიც ერთად დგანან, გააჩნიათ პასუხისმგებლობის ძალიან მაღალი ხარისხი და ისინი მაქსიმალურად ეცდებიან, 9 აპრილს საზოგადოების კონსოლიდაცია მოახდინონ", - წერს სტატიის ავტორი.
"გამორიცხული უნდა იყოს პროვოკაციები როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე ქვეყნის გარედან. ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ ჩვენს აქტივისტებზე შესაძლოა ფიზიკური ანგარიშსწორება განხორციელდეს, რაც ამ სიტუაციაში არაფრით არ უნდა იქნეს დაშვებული. აქციების მშვიდობიან ფორმაზე პასუხს აგებს ოპოზიციაც, მაგრამ უმთავრესი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება", - განაცხადა ალასანიამ. მისი თქმით, ალიანსი სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად აქციებზე მოქალაქეთა პოლიტიკური ნების გამოვლენას უზრუნველყოფს, ხოლო ამ პროცესში მედიის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", - აღნიშნავს გამოცემა.
აშშ-რუსეთი - შედგება თუ არა კომპრომისი პრინციპების ხარჯზე
"ნატო და აშშ კომპრომისის ძიებაში არიან. დასავლეთი რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებასა და ნატო-ს გაფართოებას შორის რთული არჩევანის წინაშე დადგა. პარიზში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე რუსეთის მაამებელ განცხადებებს აკეთებენ. ვაშინგტონში საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის ალტერნატიულ გზებზე დაფიქრდნენ. დასავლელი ექსპერტები აშშ-სა და ნატო-ს მოუწოდებენ, მოსკოვთან დათბობის საფასურად საკუთარ პრინციპებზე უარი არ თქვან", - წერს გაზეთი "24 საათი" სტატიაში სათაურით კომპრომისი პრინციპების ხარჯზე.
"რუსეთთან ურთიერთობაზე მომუშავე მაღალი რანგის "ორპარტიულმა კომისიამ" აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას წარუდგინა მოხსენება მოსკოვთან ურთიერთობების მოწესრიგების შესახებ. ამ მოხსენების თანახმად, ობამას ადმინისტრაციამ მხედველობაში უნდა მიიღოს, რომ არც უკრაინა და არც საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მზად არ არიან. თუმცა, ნატო-ს წევრებთან შეთანხმებით, აშშ-მა ამ ქვეყნების სუვერენიტეტის მხარდამჭერი "სხვა გზები უნდა შეიმუშაოს". კომისიას ყოფილი დემოკრატი სენატორი ჯერი ჰარტი და ყოფილი რესპუბლიკელი სენატორი ჩაკ ჰაგელი ხელმძღვანელობენ. დოკუმენტი წარადგინეს ობამას მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯიმ ჯოუნსმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა. ჰაგელიც და ჰარტიც გასულ კვირას მოსკოვში პრეზიდენტ მედვედევს შეხვდნენ. "საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები აუცილებლად უნდა გახდნენ", განაცხადა თავის მხრივ, აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა", - აღნიშნავს გამოცემა.
"სანამ რუსეთთან თანამშრომლობას განაახლებდეს, ვაშინგტონმა მოკავშირეები უნდა დაარწმუნოს, რომ მათ არაფერი ემუქრებათ, ბრიუსელში მოქმედი ტრანსატლანტიკური ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი რონალდ ასმუსი. ექსპერტი აცხადებს, რომ ნატო-ს შიგნით ამჟამად უთანხმოების ორი მიზეზი არსებობს. პირველი არის ავღანეთის მისია, ხოლო მეორე რუსეთთან ურთიერთობისა და საქართველოზე მისი თავდასხმის შემდეგ ნატო-ს გაფართოების შეფასება. ასმუსის განცხადებით, არსებული ურთიერთობების მოგვარება "ახალი ტრანსატლანტიკური შეთანხმების" ფარგლებში უნდა მოხდეს, ისევე როგორც ეს ჩეხოსლოვაკიაზე საბჭოთა კავშირის თავდასხმის შემდეგ მოხდა "თავდაცვისა და განმუხტვის" სტრატეგიის შემუშავების გზით. ექსპერტი აშშ-ის ხელისუფლებას ურჩევს, გააფართოვოს პარტნიორობა საქართველოსა და უკრაინასთან და ამ ქვეყნებში ნატო-სა და ევროკავშირის გავლენის ზრდა წაახალისოს", - წერს სტატიის ავტორი.
"აშშ-მ ფრთხილად უნდა აკრიტიკოს რუსეთი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, მიაღწიოს მის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებას, აღიაროს, რომ რუსეთს აქვს კანონიერი ინტერესები ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და არ უნდა მიიღონ ნატო-ში საქართველო და უკრაინა - ასეთ რეკომენდაციებს მოიცავს ანგარიში, რომელიც რუსეთთან აშშ-ის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე კომისიამ ორშაბათს გამოაქვეყნა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ობამას ურჩევენ, საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ალტერნატიული გზები მოძებნოს / "ბრძენთა ჯგუფმა" ობამა-მედვედევის შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.
"კომისია პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივით შეიქმნა. მასში შედიან ყოფილი სენატორები და კონგრესმენები, მაღალი რანგის ამერიკული დიპლომატები, ასევე ექსპერტები ნიქსონის ცენტრიდან და ჰარვარდის უნივერსიტეტიდან. კომისიას ხელმძღვანელობენ ყოფილი სენატორები ჩაკ ჰაგელი და ჯერი ჰარტი. აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების მოახლოებული შეხვედრა 1 აპრილს, ბუნებრივია, ამ რეკომენდაციებს დამატებით დატვირთვას აძლევს. უახლოეს დღეებში ამ შეხვედრის მოსამზადებლად მოსკოვს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი ეწვევა. გარდა ამისა, შეხვედრის მომზადებაზე ასევე მუშაობს ორი ქვეყნის მაღალი რანგის ყოფილი სახელმწიფო მოხელეებისგან შემდგარი რუსეთისა და აშშ-ის "ბრძენთა ჯგუფი - მომავლის ხედვა". ჯგუფი მუშაობას დღეს იწყებს, რისთვისაც მოსკოვში ჩადიან ნიქსონის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი, რეიგანის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანი ჯორჯ შულცი, კლინტონის ადმინისტრაციის თავდაცვისა და ფინანსთა მინისტრები უილიამ პერი და რიჩარდ რუბინი, ექს-სენატორი სემ ნანი. რუსეთის მხრიდან ჯგუფში შედიან ევგენი პრიმაკოვი, იგორ ივანოვი, იური ბალუევსკი და სხვები", - აღნიშნავს გამოცემა.
"ექსპერტთა ეს ჯგუფი, რომელიც მართლაც მაღალი რანგის პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული, სწორედ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრასთან დაკავშირებით შეიქმნა. რაც შეეხება მათ მიერ მომზადებულ ანგარიშსა და მასში გახმიანებულ საკითხებს, ბუნებრივია, რომ თემა რუსეთს ეხება და რეკომენდაციებიც რუსეთთან მიმართებაში გაკეთდა. მიუხედავად იმისა, რომ კომისია თავის რანგით გამოირჩევა, საბოლოო სიტყვა მაინც ქვეყნის პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას ეკუთვნის. რა იქნება გათვალისწინებული და რა არა, ყველაფერი ობამასა და მედვედევის შეხვედრისა და ამ ქვეყნების ურთიერთობაში გადადგმული პირთველი ნაბიჯების შემდეგ გაირკვევა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი.
სუბარი თევდორაძის კომისიის დაშლას ითხოვს
"სახალხო დამცველმა პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა და მას შეწყალების სფეროში წესრგიგის დამყარება სთხოვა. სუბარმა პრეზიდენტს არსებული შეწყალების კომისიის დაშლისა და რეალურად მოქმედი კომისიის შექმნის რეკომენდაციით მიმართა. როგორც სუბარი ამბობს, შეწყალების სფეროში შეიქმნა სრული განუკითხაობა და ქაოსი. მისი აზრით, ამჟამად მოქმედმა კომისიამ აზრი დაკარგა, რადგან პრეზიდენტის მიერ პატიმართა შეწყალება აღნიშნული კომისიის გვერდის ავლით ხდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სუბარი თევდორაძის კომისიის დაშლას ითხოვს / სახალხო დამცველის თქმით, 2005 წლის მაისიდან პატიმრების შეწყალება კომისიის გვერდის ავლით ხდება.
"სახალხო დამცველის უკმაყოფილებას იწვევს ისეთი ფაქტები, როდესაც იწყალებენ ნარკოტიკების გამსაღებელთა და სხვა მძიმე დანაშაულის მქონე პირებს, რომლებსაც სასჯელის ერთი მესამედი არ აქვთ მოხდილი. სახალხო დამცველმა ამ ფაქტს "პოლიტიკური კორუფცია" უწოდა და აღნიშნა, რომ მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირები სიაში, ძირითადად, პროკურატურის მეშვეობით ხვდებიან.;გუშინვე სუბარმა წარმოადგინა 2008 წლის 17 დეკემბერს; კომისიის გვერდის ავლით პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრების სია. სუბარის არგუმენტებს არ ეთანხმება შეწყალების კომისიის წევრი აკაკი მინაშვილი, რომლის თქმითაც, შეწყალების კომისიამ;შარშან საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა და საბოლოო ჯამში, 3 ათასამდე ადამიანმა დატოვა საპყრობილე", - აღნიშნავს გამოცემა.
"მე ვაპირებ პოლიტიკაში გადასვლას. იმიტომ, რომ სახალხო დამცველის მანდატი არაა საკმარისი იმისთვის, რომ შევცვალო დანაშაულებრივი პოლიტიკა. ამიტომ საჭიროა პოლიტიკური ცვლილება. ქვეყანაში, სადაც არის კანონის უზენასობა, იქ სახალხო დამცველს აქვს ძალიან დიდი ძალა და ბერკეტი. იმიტომ, რომ მას უსმენენ და მის რეკომენდაციებს ითვალისწინებენ. მაგრამ როდესაც ადამიანის უფლებების დარღვევა არის ქცეული პოლიტიკად, მაშინ ამის შეცვლის ერთადერთი გზა პოლიტიკაა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთან საუბრისას სოზარ სუბარი.