ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა ილია მეორეს გადაეცა

წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს გადაეცა .

წმინდა სინოდის სხდომა გუშინ 12.00-დან 16.00 საათამდე მიმდინარეობდა, სხდომის გადაწყვეტილება კი საპატრიარქომ 22.15 საათამდე არ გაავრცელა.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, სხდომამ განიხილა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი და მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება: ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა, ისტორიულ საბუთებზე დაყრდნობით და დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გადაეცა.

ამიერიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული იქნება შემდეგი: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა_თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) გათავისუფლდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიიდან, გაწეული მსახურებისათვის გამოეცხადა მადლობა და დაინიშნა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტად.

წმიდა სინოდმა განიხილა ასევე ღარიბ სოფლებში მოღვაწე სასულიერო პირთა საკითხი და განაჩინა, რომ მათ გაეწიოთ გარკვეული ფინანსური დახმარება. ის პირები, რომლებიც განათლების მისაღებად რეგიონებიდან თბილისის სასულიერო სასწავლებლებში იგზავნებიან, აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ ეპარქიებს.

კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქართველოს საპატრიარქოში შემავალ ყველა ეკლესიაში წირვა-ლოცვა უნდა ჩატარდეს ქართული მრავალხმიანი გალობით. ამ განჩინების დამრღვევთა მიმართ კი გამოყენებული იქნება კანონიკური ზომები.

დადგინდა: შეიქმნას წმინდანად შესარაცხ პირთა შესახებ შემოსული მასალის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით: მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და მთავარეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი).

განაჩინეს: დედოფლისწყაროს ეპარქიას დაუბრუნდეს ისტორიული სახელწოდება და ამიერიდან ამ მხარის ეპისკოპოსი იწოდოს ხორნაბუჯისა და ჰერეთის მმართველად. ხოლო ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) დაინიშნა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსად.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს