სუდანი მზად იყო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინა

სუდანი მზად იყო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინა. ამის შესახებ სააგენტო "რეგნუმი" ახალი სახელმწიფოების საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორზე ალექსეი მარტინოვზე დაყრდნობით იუწყება.

"საკუთარი შიდა სეპერატიზმის პრობლემის რეფერენდუმის გზით გადაწყვეტის მოტივით, სუდანი მზად იყო 2008 წელს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ხომ სწორედ რეფერენდუმის გზით არის გამოცხადებული და გამტკიცებული. თუმცა, 2008-2009 წლებში სუდანის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაწყებული კონტაქტები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უხეშად ჩაშალა. რატომ აუკრძალეს რუსმა ჩინოვნიკებმა სუდანს მათ მიერვე აღიარებული სახელმწიფოების აღიარება, გამოცანად რჩება", - აცხადებს ალექსეი მარტინოვი.

როგორც სააგენტო იუწყება, სუდანში დღეს სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობის გამოცხადების თაობაზე ერთკვირიანი რეფერენდუმი დაიწყო. რეფერენდუმი გამოარკვევს, აფრიკის ყველაზე დიდი სახელმწიფო - სუდანი, სამხრეთად და ჩრდილოეთად გაიყოფა, თუ კვლავ ერთიანი ქვეყანა იქნება.