ორი მოძრაობა ერთი გადაწყვეტილების მოლოდინში

ზურაბ ნოღაიდელის პარტიაში, დაპირისპირებული ორი ბანაკი იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილების მოლოდინშია.

ზურაბ ნოღაიდელთან დაპირისპირებულები, პარტიის ახალი შემადგენლობის რეგისტრაციაში გატარებას, ყოფილი პრემიერის მომხრეები კი, ამ შემადგენლობის დაბლოკვას მოითხოვენ. შესაბამისი განაცხადებით უწყებას მათ დეკემბრის ბოლოს მიმართეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული საკითხი განხილვის პროცესშია. მათი ცნობით, კანონის მიხედვით, გადაწყვეტილება 30 დღის ვადაში უნდა მიიღონ.

მოძრაობის ის წევრები, რომლებიც მხარს უჭერენ ზურაბ ნოღაიდელს, სამინისტროს გადაწყვეტილებამდე კომენტარს არ აკეთებენ. მათ ოფიციალური წერილით იუსტიციის სამინისტროს 23 დეკემბერს მიმართეს, რომელშიც მოითხოვენ, უწყებამ არ განიხილოს და რეგისტრაციაში არ გაატაროს პარტიის რიგგარეშე ყრილობის გადაწყვეტილება.

რაც შეეხება პარტიის "მეორე ბანაკს", რომლებიც ამ დროისთვის რიგგარეშე ყრილობის საორგანიზაციო ჯგუფს წარმოადგენენ, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებას მათ სასარგებლოდ მიიღებს.

"ჩვენ დადებით პასუხს ველოდებით, რადგან უარყოფითის შემთხვევაში, უკვე შეგვატყობინებდნენ; თან არც ხარვეზებისთვის გამოუძახებიათ ჩვენი ადვოკატი; წარდგენილი დოკუმენტაცია ყველანაირად წესრიგში იყო", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა ნატო ხოხიაშვილმა

მისივე განმარტებით, ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, მათ განკარგულებაში გადავა ყველაფერი, რაც პარტიის სახელზე ირიცხება - ოფისები, ინვენტარი, დოკუმენტაცია, მათ შორის ფინანსური დოკუმენტაცია.

მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" რიგგარეშე ყრილობა 23 დეკემბერს გაიმართა. ყრილობამ ზურაბ ნოღაიდელი პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენა, თუმცა დავალიანების გასტუმრებამდე, გამგეობის რიგით წევრად დატოვა.

ვერის ჭადრაკის სასახლეში გამართულ რიგგარეშე ყრილობაზე დელეგატებმა ასევე ერთხმად დაუჭირეს მხარი გამგეობის ძველი შემადგენლობისა და სარევიზიო კომისიის წევრების გადარჩევის საკითხს, რის შემდეგაც ახალი გამგეობა და სარევიზიო კომისია აირჩიეს.

ზურაბ ნოღაიდელს უნდობლობა თანაპარტიელებმა ფინანსური დავალიანების გამო გამოუცხადეს. პარტიის წევრები საკუთარ ლიდერს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც ნოღაიდელმა პროგრამა "კარდაკარის" მონაწილეებს დაპირებული ხელფასები არ დაურიგა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს