ტაძარი მეჩეთის სანაცვლოდ

ოშკი და ოთხთა ეკლესია მეჩეთის სანაცვლოდ. ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ქართულ ტაძრებს აჭარაში ახალი მეჩეთების აშენების პერსპექტივით აღადგენენ.

ქართული და თურქული მხარეები საბოლოო შეთანხმებას უახლოეს მომავალში გააფორმებენ. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ნიკა ვაჩეიშვილის თქმით, ოშკისა და ოთხთა ეკლესიის აღდგენის შესახებ თურქულ მხარესთან მოლაპარაკებებში საპატრიარქო ჩაერთვება. ვაჩეიშვილი ამბობს, რომ თურქეთიდან არ დაბრუნებულა ხელმოსაწერი დოკუმენტის საბოლოო ვერსია. შეთანხმების ტექსტის შეთანხმებული ნაწილი კი უკვე რესტავრირებულ მონასტრებსა და მეჩეთებში რელიგიური რიტუალების ჩატარების საკითხს ღიად ტოვებს.

" ისტორიული შანსი გვაქვს, გადავარჩინოთ უნიკალური ძეგლები, აღვადგინოთ და ფუნქცია მივანიჭოთ. ამიტომაც არ მესმის იმ წინააღმდეგობის, რომელსაც დროდადრო გამოხატავს საზოგადეობა", - განაცხადა ვაჩეიშვილმა.InterPressNews.Ge

მისივე ინფორმაციით, ოშკისა და ოთხთა ეკლესიის აღდგენას 15 მილიონი დოლარი სჭირდება, აღდგენითი სამუშაოები კი 5 წელიწადს გაგრძელდება.

ტაძრებს იუნესკო იმ შემთხვევაში აღადგენს, თუ განაცხადს თურქული მხარე წარადგენს.

არსებული ინფორმაციით, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ოშკისა და ოთხთა ეკლესიის აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში, ყოფილ ლენინის მოედანზე დამწვარი მეჩეთის აღდგენა იგეგმება. ბათუმის მოსახლეობის ნაწილი ამ ინიციატივას მხარს მხოლოდ ერთი პირობით დაუჭერს, რომ ბათუმში მეჩეთი უნდა აღდგეს, ოშკში და ოთხთავში კი ქართული ღვთისმსახურება.

საპატრიარქოს თურქულ მხარესთან მიმდინარე მოლაპარაკებებისა და აჭარაში მეჩეთების აღდგენის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი ჯერჯერობით უცნობია იმ ქართული ძეგლების ჩამონათვალი, რომელთაც თურქეთის ტერიტორიაზე რესტავრაცია ჩაუტარდებათ. ასევე უცნობია, თუ რომელი ძეგლების რესტავრაციას მოითხოვს მეჩეთის სანაცვლოდ თურქული მხარე.

InterPressNews.Geნინო კალანდაძე ამბობს, რომ ქართულ-თურქულ კომისიებს შორის მოლაპარაკებების ოქმი გაფორმდა. ეს ოქმი თურქულ მხარეს გადაეგზავნა და ქართული მხარე საპასუხო ხელმოწერას ელოდება.

"თუ ეს შეთანხმება ამ ფორმით ძალაში დარჩება, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების რესტავრაცია ჩვენი ჯგუფების მონაწილეობით მოხდება და მათაც მივცემთ შესაძლებლობას, რომ ის ძეგლები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზეა, მაგრამ აღიარებულია როგორც თურქული ძეგლები, ყველა წესის დაცვით აღდგეს და მათი დაცვა შესაძლებელი იყოს", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

კონკრეტულად რომელი ძეგლი აღდგება, ოქმის ხელმოწერის შემდეგ გახდება ცნობილი.

ოშკისა და ოთხთა ეკლესიის აღდგენის შესახებ არსებული სახით შეთანხმების ხელმოწერაზე ქართულმა მხარემ უარი უნდა თქვას. ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრას" "რესპუბლიკური პარტიის" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მურმან დუმბაძემ განუცხადა.

"ქართულმა მხარემ უარი უნდა თქვას არსებული სახით შეთანხმების ხელმოწერაზე, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს კანონით, კონსტიტუციით მას ამდაგვარ მშენებლობებში ჩარევა ეკრძალება. ვერც ეკლესიას ააშენებს საქართველოს სახელმწიფო და ვერც მეჩეთს. თურქეთში არსებული ქართული ტაძრები რომ გადარჩეს, საჭიროა მეტი მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იუნესკოსა და თურქეთის ხელისუფლებასთან. მოლაპარაკებების პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერთოს საქართველოს საპატრიარქო, რათა სრული ბალანსი შენარჩუნდეს", - განაცხადა მურმან დუმბაძემ.

მისივე აზრით, თუ ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ქართულ ეკლესიებს მხოლოდ საინჟინრო ნაგებობის ფუნქცია ექნება, მათ სანაცვლოდ ბათუმში მეჩეთის აღდგენა მიუღებელია.

თურქეთში ქართული ტაძრების რესტავრაციას აჭარაში მეჩეთების აღდგენის სანაცვლოდ მიესალმება ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე. როგორც "ინტერპრესნიუსს" აკადემიკოსმა უთხრა, ისტორიულ ძეგლებთან დაკავშირებით, დრო ქართული მხარის საწინააღმდეგოდ მუშაობს

InterPressNews.Ge"ნიკოლოზ ვაჩეიშვილის იმ მოსაზრებას აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ამ ეკლესიების აღდგენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. აქვე უნდა ვთქვათ, რომ დრო ჩვენს საწინააღდეგოდ მოქმედებს: 2 წლის წინაც იყო მოლაპარაკება ამაზე, მაშინ სწორედ მეჩეთების აშენების გამო ვერ შეთანხმდნენ, ამასობაში კი ერთი ტაძრის გუმბათი ჩამოინგრა და მეორის კედელი ჩამოიშალა. რაც შეეხება აჭარაში მეჩეთების აღდგენას, ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში: იქ ეს პროცესი ისედაც მიმდინარეობს. აჭარაში თურქთა მფლობელობის დროს იმდენი მეჩეთი არ აშენებულა, რამდენიც ამ ბოლო წლებში. ამიტომ რაღაც შეთანხმება აუცილებლად უნდა მოხდეს, რათა ჩვენი ძეგლები საბოლოოდ არ დაინგრეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დრო ჩვენს საწინააღდეგოდ მოქმედებს", _ აღნიშნა მარიკა ლორთქიფანიძემ.

P.S. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში 2011 წელს ძეგლების რესტავრაციის დაგეგმილი სამუშაოების შესახებ უახლოეს მომავალში სპეციალურ პრესკონფერენციას გაიმართება. როგორც სააგენტოს პრესსამსახურში განაცხადეს, პრეზენტაციაზე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებულ ძეგლებზე იქნება საუბარი. სავარაუდოდ, ოშკისა და ოთხთავის აღდგენის შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოება სწორედ ამ ღონისძიების დროს გაიგებს.

"ინტერპრესნიუსი"

მალხაზ ჭკადუა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო