მობილური ოპერატორები "ჯეოსელი" და "ბილაინი" კომპანიებს შორის ნომრის პორტაბელურობისთვის მზად არიან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ჯეოსელის" იურისტმა სანდრო სადაღაშვილმა განუცხადა, სატესტო რეჟიმმა წარმატებით ჩაიარა და კომპანია მზად არის, აღნიშნული სერვისის განხორციელება უზრუნველყოს.
სადაღაშვილი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, როგორ აისახება ნომრის პორტაბელურობა აბონენტების რაოდენობაზე. "ვინაიდან ნომრის პორტაბელურობა აბონენტის სურვილზეა დამოკიდებული, რთულია წინასწარ რამის დაგეგმვა, ვნახოთ რა იქნება", - აღნიშნა სადაღაშვილმა.
მისივე თქმით, ნომრის პორტაბელურობა ხელს შეუწყობს კომპანიებს შორის კონკურენციას. ამასთან, სადაღაშვილი არ გამორიცხავს, რომ ნომრის პორტაბელურობის გათვალისწინებით, კომპანიის სატარიფო გეგმებიც გადაიხედოს.
ნომრის პორტაბელურობიდან გამომდინარე აბონენტების ზრდას ელოდებიან "ბილაინში", რომელსაც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საუკეთესო ტარიფებს უკავშირებს. "სატესტო რეჟიმში ყველაფერი მზადაა. პირველი ორი თვის განმავლობაში, კომუნიკაციების კომისიასთან შეთანხმებით, პორტირების ვადა 14 დღეა, შემდეგ ეტაპზე ეს ვადა 7 დღემდე, ხოლო ბოლოს 3 დღემდე მცირდება", - აღნიშნა "ბილაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეონა ბაღდავაძემ.
ნომრის პორტირება უფასოა. აბონენტს შეუძლია, სურვილის შემთხვევაში, პორტირებით მრავალჯერ ისარგებლოს. ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს შორის ნომრის პორტაბელურობა ძალაში 15 თებერვლიდან შევა.
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის დადგენილების შესაბამისად, შიდა ქსელში ნომრის პორტაბელურობა 2010 წლის 1-ელ ნოემბერს შევიდა ძალაში. აბონენტს შესაძლებლობა აქვს ნომრის შეცვლის გარეშე აირჩიოს მისთვის სასურველი ბრენდი. კერძოდ, თუ აბონენტს აქვს "ჯეოსელის" ნომერი, ინდექსით "877", შეუძლია საკუთარი ნომერი ინდექსის გამოცვლის გარეშე, სრულად გადაიტანოს "ლაი-ლაის" ბრენდზე. იგივე ვრცელდება "მაგთიკომის" შემთხვევაშიც. აბონენტს, რომელიც სარგებლობს "მაგთის" სატარიფო პაკეტით, შეუძლია ინდექსისა და ნორმის გამოცვლის გარეშე, საკუთარი ნომერი გადაიტანოს "ბანის" ან "ბალის" ბრენდზე.
კომპანიებს შორის ნომრის პორტაბელურობა კი აბონენეტს შესაძლებლობას მისცემს, ნომრის გამოცვლის გარეშე მისთვის სასურველი ოპერატორის ქსელში ჩაერთოს.