Eurasia review - საქართველოს მარცხის ხუთი მიზეზი

უცხოური გამოცემა Eurasia review  2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე სტატიას აქვეყნებს, სადაც იმ ხუთ ძირითად მიზეზზე წერს , რის გამოც საქართველო ამ ომში დამარცხდა. სტატიის ქართულ ვერსიას ვებგვერდი "ფორინპრესი" ავრცელებს.

სტატიის ავტორი მაიკლ ჩეჩირე მიიჩნევს, რომ ომის წაგების მიზეზები იყო რუსეთის შეიარაღებული ძალები, რომელიც ბევრად აღემატება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, დოქტრინა და წრთვნა, ქართული საჯარისო ელიტის საქართველოში არ ყოფნა, ძალის მულტიპლიკატორები და ხელმძღვანელობა და კონტროლი.

"2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უამრავჯერ განიხილეს ის გარემოებები და მოვლენები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა, როგორც ომამდელ პერიოდში, ასევე ომის მიმდინარეობის დროს. თუმცა ერთი რამ, რაზეც როგორც ჩანს, ყველა მხარე თანხმდება, არის ის, რომ ქართულმა არმიამ თავი ცუდად წარმოაჩინა. რთულია ამ შეფასებას არ დაეთანხმო, მით უფრო ამ ხანმოკლე კონფლიქტის აშკარა სამხედრო შედეგია: საქართველო დამარცხდა", - აღნიშნავს ჩეჩირე.

სტატიაში ხასგასმულია, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სულ დაახლოებით 35 000 სამხედრო და 130 ტანკზე ნაკლებია. ეს რიცხვი კი ისეთ პერსონალსაც მოიცავს, როგორიცაა დაზვერვა, მომსახურე პერსონალი და ადმინისტრაცია.

"მაშინ როდესაც, 35 000 ჯარისკაცი იყო და არის საკმარისი სამხრეთ ოსეთის მცირე შეიარაღებულ ფორმირებებთან გამკლავებისთვის, არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს ის, რომ ქართული დანაყოფები სწრაფად დაჯაბნა დიდმა და უკეთ აღჭურვილმა რუსულმა არმიამ", - წერს ავტორი, რომელიც ქართულ შეიარაღებულ ძალებს დოქტრინას და წრთვნას უწუნებს.

იგი მიიჩნევს, რომ რუსეთის სამხედრო დოქტრინაში აქცენტი კომბინირებულ შეიარაღებულ ძალებზე კეთდება, საქართველოში კი ნაკლებად.

"ერთგვარად ირონიულია ის, რომ 2008 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალები რუსეთის არმიაზე გაცილებით უკეთ იყო გაწრთვნილი ე.წ. ურბანული სადამსჯელო აქციების (COIN) ტაქტიკის თვალსაზრისით, თუმცა ქართული არმია დღემდე არ მოუმზადებიათ ტერიტორიის დაცვის ან ერთობლივი შეიარაღებული ძალების ოპერაციებისთვის", - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ყველაზე კარგად გაწრთვნილი, აღჭურვილი და გამოცდილი ქართველი სამხედროები ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ. როგორც ჩეჩირე წერს, ერაყში იმ დროს 2 000 ქართველი სამხედრო მსახურობდა, რომლებსაც კონფლიქტში მონაწილების არანაირი შანსი არ გააჩნდათ. იმ დროისთვის, როდესაც ეს ძალები საქართველოში დაბრუნდნენ, ომი დასრულებული იყო. ისინი რომ კონფლიქტის დროს საქართველოში ყოფილიყვნენ, ზოგიერთების აზრით, ამას შესაძლოა რაღაც დოზით მაინც ომის შედეგზე ემოქმედა.

კიდევ ერთი მიზეზი, რამაც საქართველოს ომში დამარცხება გამოიწვია, სტატიის თანახმად, ძალის მულტიპლიკატორებია. ავტორი წერს, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი ეფექტის მისაღწევად ძალის რამდენიმე მულტიპლიკატორი გამოიყენა; საქართველომ კი არცერთი.

"რუსეთის ხელში ერთ-ერთი ასეთი მულტიპლიკატორი საქართველოს საჰაერო სივრცის აბსოლუტური კონტროლი იყო. ძალის სხვა მულტიპლიკატორები - ინფორმაცია და თანამგზავრიდან თვალთვალი; ტრანსპორტი და ლოჯისტიკა; დიდი საზღვაო ფლოტი შავ ზღვაზე, რომელმაც მეორე ფრონტი გახსნა", - წერს Eurasia review.

ყველაზე მწვავედ სტატიაში საუბარია ხელმძღვანელობასა და კონტროლზე. ავტორის აცხადებს, რომ ხელმძღვანელობასა და კონტროლთან დაკავშირებული პრობლემები უარყოფითად აისახა საქართველოს შესაძლებლობაზე, რეაგირება მოეხდინა სწრაფად ცვლად გარემოებებზე.

"პრობლემა, როგორც ჩანს, სამხედრო იერარქიის ყველა დონეზე არსებობდა - სამინისტროდან დაწყებული, დამთავრებული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობით. ხოლო გეგმები ტერიტორიული თავდაცვის მხარდაჭერის სფეროში, რაც ზოგადად, ყველა ნაციონალური შეიარაღებული ძალის არსებობის არსია, ან არ არსებობდა, ან საშინლად შესრულდა. თუკი ქართული არმია რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ისეთი შეტაკებებისკენ უბიძგებდა, რომელსაც დიდი მსხვერპლი მოჰყვებოდა, შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, იქნებოდა თუ არა ამ ომის დასასრული საქართველოსთვის უკეთესი", - ნათქვამია სტატიაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა