ყირგიზეთის პრეზიდენტი როზა ოტუნბაევა 2011 წლის შემოდგომაზე დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. ამის შესახებ სააგენტო "24.კგ." იუწყება.
"მადლობელი ვარ იმ ადამიანების, რომლებიც შეხვედრების დროს ჩემი უფლებამოსილების გახანგრძლივებას მთავაზობენ, მაგრამ კანონის წინაშე ყველანი თანაბარნი უნდა ვიყოთ, არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის წარდგენას. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა, როგორც ეს 27 ივნისის რეფერენდუმის შედეგით არის გათვალისწინებული", _ განაცხადა ოტუნბაევამ ნარინის ოლქში დღეს გამართული სამუშაო შეხვედრის დროს.
2010 წლის აპრილში ყირგიზეთში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, რომლის შედეგადაც პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი თანამდებობიდან გადადგა. ივნისში გამართული რეფერენდუმის თანახმად, მიღებულია ყირგიზეთის კონსტიტუცია, რომელმაც ქვეყანაში საპარლამენტო სახელმწიფო დააკანონა. ასევე რეფერენდუმის თანახმად, გარდამავალი პერიოდის (2010 წლის ივნისი _ 2011 წლის ბოლომდე) პრეზიდენტი როზა ოტუნბაევა გახდა და მას აღარ აქვს უფლება კენჭი იყაროს საპრეზიდენტო არჩევნებში.