რუსული პოლიტიკა დასავლური პოლიტიკური აზრის სისუსტით ოსტატურად სარგებლობს და გეოპოლიტიკურ პრეტენზიებს აყენებს

დასავლეთსა და რუსეთს შორის გაუმჯობესებული ურთიერთობების მიზეზებსა და თავისებურებებზე, თავად რუსეთში მიმდინარე პროცესებსა და მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარებზე, "ინტერპრესინიუსი" ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

_ ბატონო ზაზა, თქვენი მოსაზრება, რომ დასავლეთი რუსეთს არაადეკვატურად აფასებს, სულ უფრო აშკარა ხდება. აშშ და ევროპა რუსეთის არადემოკრატიულობას ყურადღებას აღარ აქცევენ და თანასწორ პარტნიორად მიიჩნევენ ქვეყანას, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში საერთაშორისო სამართლის 10-ვე ფუძემდებლური პრინციპი დაარღვია. სულ უფრო ნათელი ხდება, რომ რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციებს იბრუნებს. ევროსტრუქტურების პოსტსაბჭოთა სივრცეში უმოქმედობა რუსეთს იმავე სივრცეში მეტი მანევრირების საშუალებას აძლევს. ვაშინგტონი და ბრიუსელი კი აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფას, მაგრამ რეალურად, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, პოსტსაბჭოთა სივრცეს სწორედაც რომ რუსეთის გავლენის სფეროდ აღიარებენ. ასეთ ვითარებაში, უპრიანია ვიკითხოთ, _ რა ხდება თანამედროვე მსოფლიოში და რამდენად რეალურია პოსტსაბჭოთა სივრცეზე რუსეთის კონტროლის აღდგენა?

_ თქვენს ჩამონათვალს კიდევ დავუმატებდი რუსულ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების მიერ გამოცხადებულ იდეოლოგიურ ომს დასავლეთის წინააღმდეგ, მესამე რომის გაცოცხლებას, როგორც საერთო რუსული მესიანისტური იდეისა, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ექსტრემისტული ნაციონალიზმის ცუდად შეფარულ მხარდაჭერას და ასე შემდეგ.

დასავლეთი მსოფლიო ლიბერალური რევოლუციისა და ისტორიის დასასრულის კატეგორიებში აზროვნებს. იქ გაჩნდა ილუზია, თითქოს ლიბერალიზმის სახით მიაგნეს უნივერსალურ იდეოლოგიას, რომელსაც ყველა შესაძლო წინააღმდეგობის შერიგება შეუძლია. ამიტომაც ხშირად ცუდად ესმით, თუ რა ხდება არადასავლური კულტურული ტრადიციების ქვეყნებში, რომელთაც ისტორია "არ დაუსრულებიათ", არ ესმით ის ირაციონალური მომენტი, რომელიც ამ უკანასკნელებისთვის ხშირად გადამწყვეტია ხოლმე და ყოველგვარ მოძრაობას აღმოსავლურ თუ სამხრეთულ სამყაროებში დემოკრატიის ნაკლებობით და ეკონომიკური სიდუხჭირით ხსნიან.

რაც დღეს რუსეთში ხდება, წარმოადგენს განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსული სულიერება საკუთარ თავს ჯერაც არ განიცდის ამოწურულად და მესამე რომის, მე ვიტყოდი, თეოლოგიურად და ისტორიულად გაუგებარი იდეის რეანიმაცია ამის თვალსაჩინო ნიმუშია. ეკონომიკური კატეგორიებით ამისი ახსნა შეუძლებელია. რუსეთისთვის ამგვარი ახსნა მეტად ხელსაყრელ ვითარებას ქმნის. რუსული პოლიტიკა დღესაც ოსტატურად სარგებლობს დასავლური პოლიტიკური აზრის ამ სისუსტით და ლიბერალურ დაპირებათა ფონზე კვლავ თავის გეოპოლიტიკურ პრეტენზიებს აყენებს. დასავლეთი ისევ და ისევ დასახელებული კატეგორიებით აფასებს რუსულ მოვლენებს. ამას ემატება ფარული თუ ე.წ. თეთრსაყელოიანი კორუფციაც დასავლური პოლიტიკის მაღალ ეშელონებში, რომელიც დაინტერესებულია კიდეც, რომ თვალი დახუჭოს რუსეთში მიმდინარე პროცესებზე. თვალს ხუჭავს დასავლელი ობივატელიც, რომელიც ძნელად დათმობს თავის კომფორტს. ამიტომაც ვადევნებთ თვალს, თუ როგორ გაჩნდა დასავლეთში 2008 წლის შემდეგ რუსეთის დაშოშმინების მანკიერი პოლიტიკა და, ღმერთმა არ ქნას, თითო-თითო ბარტყის გადაგდების შემსწრეც გავხდეთ. როგორც ჩანს, რუსმა ანალიტიკოსებმა კარგად გათვალეს დაწოლის ის ხარისხი, რომელსაც დასავლეთის გაჭიანურებული დათმობები მოჰყვება.

ჩვენს ხელისუფალთ უნდა გაეთვალათ ამგვარი შესაძლებლობა და 2008 წელს მომენტალური "გენიალური შტაგონებისა" თუ "გონივრული ანალიზის" ილუზიების საფუძველზე არ უნდა მოემოქმედათ, რაც მოიმოქმედეს. ასეთი ინფანტილიზმი დაუსჯელი არ რჩება. საიმისოდ, რომ პატარა ქვეყანამ დიდი გეოპოლიტიკური აქტორების ფარული დაპირისპირება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, აგრესიულ რევოლუციურ ინფანტილიზმზე მეტია საჭირო.

საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ჯერჯერობით ხელს უშლის "ბარტყების გადაგდების" მექანიზმის ამუშავებას. ესენი არიან აღმოსავლეთევროპული ქვეყნები, რომელთა პოლიტიკურ ისტებლიშმენტსაც რუსეთთან ურთიერთობის საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება აქვს და, რომლის მოტყუებაც ცუდი პუტინისა და რეფორმატორი მედვედევის ტანდემის შექმნით შეუძლებელია. ყოფილი საბჭოთა ქვეყნები აიძულებენ დასავლეთს, უფრო ფხიზლად უცქირონ რუსეთის გეოპოლიტიკურ თამაშებს. მაგრამ, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ის უარყოფითი ფონი, რომელიც 2008 წლის ომმა შექმნა. ფაქტია, რომ ამ ომის შემდეგ დასავლეთი შეუდარებლად უფრო ფრთხილი გახდა რუსეთის მიმართ.

შედარებით შორეულ პერსპექტივაში კი, არ არის გამორიცხული, ზუსტად ისევე, როგორც დევიდ კამერონმა და ნიკოლა სარკოზიმ ხმამაღლა განაცხადეს მულტიკულტურალიზმის იდეოლოგიის კრახის შესახებ, დადგეს მომენტი, როდესაც დასავლელი ლიდერები რუსეთთან მიმართებაში ლიბერალიზმის ექსპორტის სტრატეგიის მარცხს აღიარებენ. ისლამურ სამყაროში ამგვარი ექსპორტის შეუძლებლობაზე სულ მცირე ხნის წინ უკვე ბევრს ლაპარაკობდნენ, თუმცა ტუნისისა და ეგვიპტის მოვლენებმა სკეპტიკოსები გააჩუმა. ვფიქრობ, ეს დროებითია, რადგან მუბარაქის გადადგომის შემდეგ ეგვიპტეში ერთადერთი რეალური იდეოლოგიური ძალა, რომელსაც პროცესებში თუნდაც ნეგატიური გარკვეულობის შეტანა შეუძლია, ამ ეტაპზე მხოლოდ "მუსლიმთა საძმოა". ეგვიპტელი ქრისტიანები უკვე ჩივიან, რომ მათი დევნა, რომელიც რევოლუციამდე შეინიშნებოდა, რევოლუციის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა.

_ არავინ დავობს, რომ რუსეთი ანგარიშგასაწევი ქვეყანაა. ევროპა და ამერიკა რუსეთის რესურსებით არიან დაინტერესებული, მაგრამ ვითარებაში, როცა რუსეთი სისტემური პოლიტიკური ცვლილებების გატარებას არც აპირებს და დასავლეთისვე დახმარებით ცდილობს ტექნოლოგიებისა და ინვესტიციების მიღებას, რატომ არავინ ფიქრობს დასავლეთში, რომ კრემლის სცენარით მოდერნიზირებული რუსეთი მსოფლიოსთვის უფრო საშიში იქნება? და კიდევ, რამდენად სარწმუნოა გავრცელებული აზრი, რომ დასავლეთი რუსეთს მხოლოდ გარკვეული პირობებით დაეხმარება?

_ გარდა ენერგორესურსებისა, არსებობს ისლამური ტერორიზმის საფრთხეც და დასავლეთი რუსეთს ამ კონტექსტშიც მოკავშირედ განიხილავს. ეს ორი ფაქტორია, რომელიც დასავლეთის ბევრ მოღვაწეს რუსეთის მოდერნიზაციის შესაძლებლობის ილუზიას უჩენს. რუსეთიც სარგებლობს ამით. ამასთან, ჰაერშია გამოკიდებული კითხვა, თუ რა როლი მიუძღვის რუსეთს კავკასიაში ისლამური ტერორიზმის გაძლიერების საქმეში. ჩვენს თვალწინ რუსეთმა შეძლო და დასავლეთის ყურადღება გაანელა ჩეჩნური პროცესების მიმართ. ცხადია, არსებობს სერიოზული ვარაუდი, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა თავად იზრუნეს ჩეჩნური მოძრაობის ისლამიზაციაზე. სრულიად ცხადია, რომ ვიდრე ჩეჩნური მოძრაობა შედარებით თავისუფალი იყო ისლამური მდგენელისგან და უპირატესად ნაციონალური მოძრაობის ხასიათს ატარებდა, იგი გაგებითა და თანაგრძნობით სარგებლობდა. საკმარისი გახდა ისლამური ფაქტორის გაძლიერება და ისლამური ტერორიზმის მანქანის ამუშავება, რომ დასავლეთი დღეს მხოლოდ მოვალეობის მოხდის გამო თუ იღებს ხმას და ისიც ადამიანის უფლებათა ცალკეულ დარღვევებზე. რუსმა სტრატეგოსებმა კარგად იციან, როგორი შეფუთვით უნდა მიართვან დასავლეთს ესა თუ ის პრობლემა. როგორც კი ჩეჩნურმა ომმა საერთოკავკასიური რელიგიური ტერორიზმის განზომილებები შეიძინა, დასავლეთმა უკან დაიხია. არსებითად, ჩვენს მიმართაც იმავეს გაკეთებას ცდილობდნენ და ცდილობენ რუსები, როდესაც ხანგამოშვებით ტერორისტების მხარდაჭერაში გვდებენ ბრალს.

ენერგორესურსები და ისლამური ტერორიზმის საფრთხე იმგვარი ფაქტორებია, რომლებმაც რუსული პოლიტიკური ცხოვრების სისტემური რეფორმირების პრობლემა უკანა პლანზე შეიძლება გადასწიოს, ბევრ რამეზე თვალის დახუჭვისაკენ გიბიძგოს, მით უმეტეს, რომ რუსული ოპოზიცია, რომელიც მსგავს რეფორმებს მოითხოვს, ზედმეტად სუსტია. მე დღეს დასავლეთში ვერ ვხედავ რონალდ რეიგანის ან უფროსი ჯორჯ ბუშის მსგავს ლიდერს, რომელიც რუსეთის მოდერნიზაციას მკაცრად განსაზღვრული პირობებით შეუწყობდა ხელს. გარკვეულ პირობებს, ალბათ უყენებენ, მაგრამ ეს სრულიად არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ რუსული ნეოიმპერიალისტური რევანშიზმის აღმასვლა შეაჩერონ. პროცესები ჯერჯერობით რუსული სცენარით ვითარდება.

_ უკვე ითქვა, რომ ახალ კონცეფციაში საქართველოს პარლამენტი რუსეთს მთავარი საფრთხის, აგრესორისა და ოკუპანტის სტატუსს საგაზაფხულო სესიაზე მიანიჭებს. ეს რომ ასეა, ფაქტია, მაგრამ რამდენად სავარაუდოა, რომ მასზე დასავლეთს ადექვატური რეაქცია ექნება?

_ ძნელი წარმოსადგენია. უფრო ველოდები, რომ დასავლეთის წარმომადგენლების რჩევა იქნება, უკიდურესად არ გავამწვავოთ სიტუაცია, ყველა ხიდი არ ჩავტეხოთ. დასავლეთში დღეს ბევრს სურს, შეძლებისდაგვარად ხანგრძლივად დაიჯეროს მითი რუსეთიც მოდერნიზაციის შესაძლებლობისა და მედვედევის რეფორმატორი ფიგურის შესახებ. არადა, რუსული ნეოიმპერიალისტური რევანშიზმის არსებობა ფაქტია.

მართალია, აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მის ქვეყანასთან მეგობრობა არ არის საკმარისი საფუძველი იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა ავტორიტარულ რეჟიმებს დაუჭიროს მხარი - და, ცხადია, ამგვართა შორის რუსული "სუვერენულ-დემოკრატიული" მმართველობაც უნდა ვიგულისხმოთ - მაგრამ პოლიტიკური რეალობა ხშირად უპირისპირდება პრინციპებს და კიდევ უფრო ხშირად იძლევა სიტუაციის მათთვის სასურველ ფერებში დანახვის საფუძველს. ჩვენი როლი ამგვარი დამოკიდებულების შეცვლის საქმეში, ძნელი წარმოსადგენია, მითუმეტეს, რომ ზოგი ფაქტი რუსეთს საშუალებას აძლევს, ჩვენი ხელისუფლებისაგან მშვიდობისა და დემოკრატიის მტრის სახე შექმნას.

_ დასავლეთში ხშირად გამოთქვმენ წუხილს, შეძლებს თუ არა რუსეთი 10 წელი სტაბილურობისა და "წონასწორობის" შენარჩუნებას. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები რუსეთში?

_ პროცესები ალბათ რუსული ნაციონალიზმის გაძლიერების მიმართულებით წავა. ცხადია, შენარჩუნდება ოფიციალური კომპლიმენტარული დამოკიდებულება ეროვნულ უმცირესობათა ელიტებისა და რუსული ისლამის სამყაროს მიმართ, მაგრამ აშკარა გახდება, რომ რუსულ საშინაო პოლიტიკაში სულ უფრო და უფრო დიდ როლს შეასრულებს აგრესიული რუსული ნაციონალიზმი თავისი ირაციონალური მესიანიზმით.

რუსეთში ძალიან უყვართ ბიზანტიის იმპერიასთან პარალელების გავლება და მეც გავავლებდი. ბიზანტიის კრახი თურქულ აგრესიამდე, არსებითად, მოამზადა იმ გარემოებამ, რომ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა მისი საკუთრივ ბერძნულ იმპერიად ქცევის პროცესი. ბიზანტიამ დაკარგა ის ზოგადქრისტიანული, მსოფლიო იმპერიის ხასიათი, რომლის წყალობითაც ეროვნული უმცირესობები ეგუებოდნენ მის ფარგლებში არსებობას, ხოლო მათი ელიტები თითქმის სრულუფლებიანად იყვნენ ჩართულები იმპერიის მართვაში. ამ პროცესის შედეგად, იმპერიის მარცხი ბერძენთა მარცხად იქნა აღქმული. ქრისტიანი უმცირესობების დამოკიდებულება ბიზანტიის მარცხის მიმართ - თუ ცალკეულ პიროვნებებს არ მივიღებთ მხედველობაში - თავშეკავებული და ზოგჯერ გულგრილიც იყო. არადა მოხდა ისეთი რამ, რამაც უარყოფითი ნიშნით ძირეულად შეცვალა ქრისტიანული სამყარო. აქ ხანგძლივი ისტორიული ექსკურსის ადგილი არ არის, მაგრამ იმის თქმა კი შეიძლება, რომ თუ რუსეთში რუსული მესიანისტური ნაციონალიზმი გადაძლევს იმპერიულ და სახელმწიფოებრივ რაციონალიზმს - დღეს ამისი ნიშნები უხვადაა - შედეგი შეიძლება მათთვის სავალალო აღმოჩნდეს. საბჭოთა იმპერიის კრახი დიდწილად ხომ სწორედ მანკიერმა ნაციონალურმა პოლიტიკამ განაპირობა.

მეორე მხრივ, რუსული დერჟავა - ეს უზარმაზარი და არაერთგვაროვანი სხეული - თავისი არსებობის ყველა ეტაპზე მოითხოვდა რაიმე გენერალურ იდეას, რომელიც მას გააერთიანებდა. კომუნიზმის იდეის კრახის შემდეგ მესამე რომის იდეის მეტი ვერაფერი მოიძებნა, ეს კი რუსული სახელმწიფოებრიობისთვისვე სახიფათო რუსული ნაციონალიზმის გაძლიერების ტოლფარდია. ამ გარემოებამ რელიგიური და ნაციონალური უმცირესობები სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ შეთქმულებად შეიძლება აქციოს. ამიტომაც წერენ ხშირად დღეს თავად რუსი ანალიტიკოსები, რომ ის ტენდენციები, რომელიც დღეს რუსეთის საშინაო პოლიტიკურ სივრცეზე შეინიშნება დამღუპველია თავად ამ ქვეყნისათვის. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ იმპერიის სწრაფი დანგრევის მოლოდინზე უნდა ავაგოთ ჩვენი სტრატეგია, როგორც ერთხელ უკვე გულუბრყვილოდ იქნა აგებული რუსეთისა და დასავლეთის ფარულ დაპირისპირებაზე.

კობა ბენდელიანი

"ინტერპრესნიუსი"

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე