საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენ მისწრაფება ისტორიული მიზეზებითაა განპირობებული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისის კადეტთა კორპუსის კურსანტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, როცა საქართველოს დამოუკიდებლად განვითარების შანსი მისცემია, მისი ევროპული მისწრაფება ეჭვქვეშ არასოდეს დამდგარა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამავდროულად, საქართველო მნიშვნელოვანი რეგიონული სუბიექტი ხდება.
"საქართველო ხდება ახალი სტანდარტების შემქმნელი და გზის მანათებელი რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. არ შეცვლილა მთავარი, საქართველოს ყოველთვის სურდა, შემდგარიყო წარმატებულ, დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოდ. კრემლში მსხდომი ადამიანები არაფერს ერიდებიან, რათა ეს პროცესი, ქართველი ხალხის ნების გამოხატულება შეაჩერონ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველოს მრავალეთნიკური ერის სურვილზე დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერთა სიაც მიუთითებს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ სიაში არიან ეთნიკურად პოლონური, სომხური, რუსული, გერმანული და უკრაინული წარმოშობის ადამიანები.
"მათი რაოდენობა შთამბეჭდავია. ეთნიკური უმცირესობები მხარს უჭერდნენ და ახლაც უჭერენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. 1921 წლის ოკუპაციას საქართველოში ნამდვილი სასაკალაოს მოწყობა მოჰყვა. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ტიტანური მსხვერპლი, რომელიც ქართველმა ხალხმა ოკუპაციის შედეგად გაიღო. არასოდეს უნდა დავივიწყოთ, რომ 1921-დან 1953 წლამდე საქართველოში დახვრიტეს 80 ათასი ჩვენი თანამოქალაქე, ხოლო გადაასახლეს – 200 ათასზე მეტი", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, რეპრესიებს მისი ოჯახის წევრებიც ემსხვერპლნენ. ამ წლების გადასახლებების შედეგად კი პრაქტიკულად გაქრა პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო კლასები, რომელსაც ნებისმიერი წარმატებული სახელმწიფო ეყრდნობა.