ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის მფრინავს სმოლენსკში გაფრენა არ სურდა . როგორც პოლონური მედია იუწყება, ამის გამო მფრინავმა არკადიუშ პროტასიუკმა და პოლონეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა, ანჟეი ბლასიკმა სწორედ ვარშავიდან გაფრენის წინ იკამათეს.
მათი სიტყვიერი დაპირისპირების კადრები ვარშავის სამხედრო აეროპორტის კამერამ დააფიქსირა. კამათს ადასტურებენ მოწმეებიც. მათი თქმით, პროტასიუკი და ბლასიკი სმოლენსკში გაფრენიოს გამო კამათობდნენ. პოლონური ტელეკომპანიის TVN24–ის ინფორმაციით, პროტასიუკს სმოლენსკში გაფრენა არ სურდა, რადგან ამინდის შესახებ ზუსტი მონაცემები არ ჰქონდა. იგი სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალთან სიტყვიერი დაპირისპირებით იმდენად იყო აღელვებული, რომ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისთან მისასალმებლად თვითმფრინავის ტრაპთანაც კი არ გავიდა, როგორც ეს პროტოკოლით არის გათვალისწინებული.
ინფორმაციას კამათის შესახებ ავიაკატასტროფის შემწავლელი პოლონური კომისია და პოლონეთის პროკურატურა სწავლობს.
პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა, რომელშიც, ბოლო მონაცემებით, 97 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა 10 აპრილს, სმოლენსკთან განიცადა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ყველა მგზავრი დაიღუპა.