აფხაზური მხარე ჟენევის მოლაპარაკებებზე ილორის ტაძრის ფოტოებს წარადგენს

ჟენევის მოლაპარაკებების მე-16-ე რაუნდზე ხვალ აფხაზური მხარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მდგომარეობის შესახებ ფოტომასალებს წარადგენს . ინფორმაციას ამის შესახებ პორტალი "კავკაზსკი უზელი" აფხაზური დელეგაციის ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ ჩიკირბას განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ჩვენ ვანახებთ ყველას, რომ ილორის ეკლესიის არავითარი ბარბაროსული რესტავრაცია არ მომხდარა, ამის შემდეგ ეს თემის განხილვა სამუდამოდ შეწყდება. არ ვაპირებთ არავის წინაშე თავის მართლებას, რადგან ეკლესიის კედლის შეღებვა რეგიონში მშვიდობას არ ემუქრება. აფხაზეთის კერძო საქმეა, შეღებავს თუ არა ეკლესიებს", _ განაცხადა ჩიკირბამ.

საქართველოს ხელისუფლებამ 2010 წლის 4 დეკემბერს მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას ილორის ეკლესიის კედლის შეთეთრებასა და ქართული ხუროთმოძღვრული ტრადიციისთვის მიუღებელი გუმბათი დადგმასთან დაკავშირებით. ქართული მხარის განცხადებით, აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობა ნადგურდება.

"ქართველებმა იმიტომ ატეხეს ხმაური ამ თემაზე, რომ ჟენევაში წარსადგენი სხვა უფრო რეალური საკითხები არ აქვთ, ამიტომაც გადაწყვიტეს, ისტერიკა აეტეხათ ილორის ეკლესიასთან დაკავშირებით", _ აღნიშნა ჩიკირბამ "კავკაზსკი უზელთან" საუბრისას.

მისივე თქმით, ეკლესია დაათვალიერეს ევროკავშირის და გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენლებმა პიერ მორელიმ და ანტი ტურუნენიმ, ასევე ჰანს იორგ ჰაბერმა, რომლებიც "დარწმუნდნენ, რომ არავითარი ბარბაროსული რესტავრაცია აქ არ მომხდარა და ყველაფერი იმიტომ გაკეთდა, რომ ეკლესია ხალხისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო".

როგორც "კავკაზსკი უზელს" ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა ბესარიონ აპლიამ უთხრა, მან მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს ილორის ეკლესიასთან დაკავშირებით დოკუმენტები და ისტორიული ცნობები გადასცა.

"ტაძრის პირვანდელი სახე ჩვენ კი არა, ქართველებმა შეცვალეს 40-50-იან წლებში, როცა სიწმინდეს ქართული გუმბათი დაადგეს. იმ დრომდე ტაძარს არანაირი გუმბათი არ ედგა. 1992-93 წლების ომის დროს კი გუმბათი ჩამოიქცა და წმინდა მამამ ახალი გუმბათი დაადგა იმისთვის, რომ ტაძარში წყალი არ შესულიყო. არანაირი არქიტექტურული ხასიათის დარღვევა არ მომხდარა", _ აღნიშნა აპლიამ.

მისივე თქმით, აფხაზური მხარე საკუთარ სიწმინდეებს ყოველთვის უვლის, ქართულ ეკლესიას კი არავითარი შეხება არ ჰქონია და არც აქვს ილორის ეკლესიასთან.

"ტაძარი შესანიშნავ მდგომარეობაშია, იქ მუდმივად ტარდება წირვა-ლოცვა. აფხაზურად ამ ადგილს "აილირგარა" ჰქვია, ე.ი., აქ უძველესი დროიდან მოდიოდნენ ადამიანი ღმერთისთვის თაყვანისაცემად", _ თქვა ბესარიონ აპლიამ.

აფხაზეთის ძეგლთა დაცვის სამმართველოს უფროსის დემურ ბჟანიას თქმით, ილორის კედლები გასული საუკუნის 60-იან წლებში შეათეთრეს, ახლა მხოლოდ განახლება მოხდა.

"ყველაფერი სუფთად გამოიყურება, მსახურება მიდის, ხალხი დადის. არავითარი არაადამიანური ბოროტება იქ არ მომხდარა, არც ერთი ხატი არ დაზიანებულა, პირიქით, ყველაფერი შენარჩუნებულია, გასაკვირია და გაუგებარია, რას ემსახურება ეს ხმაური", _ თქვა ბჟანიამ.

ეკლესიის კედლის შეთეთრება ისტორიის ფალსიფიკაციად შეაფასა საქართველოს ძეგლთა დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა გიორგი გაგოშიძემ. მისი თქმით, მან გაჭირვებით იცნო სახელშეცვლილი ეკლესია.

"ეკლესია ახალგაზრდობაში ვნახე, ახლა ის არ ჰგავს ქართულ ტაძარს. ეკლესია შეათეთრეს, როგორც რუსული ტაძარი. არქიტექტურული დეტალებიც გამოყოფილია საღებავით. რაც ყველაზე მთავარია, თავზე დააადგეს გუმბათი. ილორის ეკლესიას არასდროს ჰქონია გუმბათი _ ის ჩვეულებრივი ერთნავიანი დარბაზული ეკლესიაა და ეს გუმბათი აბსოლუტურად ზედმეტია _ ის იმისთვის დასჭირდათ, რომ ეკლესია რუსულად გამოიყურებოდეს და არა ქართულად", _ განუცხადა გაგოშიძემ რადიო "ეხო კავკაზას".

აფხაზეთში მდებარე ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების დაზიანებასთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ არაერთხელ გამოთქვა პრეტენზია. 2004 წელს ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ავრცელებდნენ ცნობებს, ლიხნსა და ბედიაში უძველესი წარწერების წაშლისა და ბაგრატ მესამის საფლავის შეურაცხყოფის შესახებ. აფხაზურმა მხარემ მაშინ ამ ცნობებს გამონაგონი უწოდა.

XI საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესია ოჩამჩირიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ეკლესიის კედლებზე შემორჩენილია შუასაუკუნეების მოხატულობა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა