ვმო-ს საკითხზე საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი იწყება

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის საკითხზე საქართველოსა და რუსეთს შორის დღეს დიალოგი იწყება . ორი ქვეყნის დელეგაციების შეხვედრა შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში გაიმართება. შეხვედრის ინიციატორი მოსკოვია.

ქართულ დელეგაციას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თამარ კოვზირიძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ეკონომიკური გუნდის წევრები შედიან.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, მთავრობის პოზიცია უცვლელია. "ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ დაგვიფიქსირებია და ის ცნობილია საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც. ჩვენი მხრიდან საკითხთა ის ნუსხა, რომლის საფუძველზეც გვსურს მოლაპარაკებების წარმართვა, უცვლელი რჩება. პირველ რიგში, ეს ეხება ფსოუს და როკის გვირაბთან არსებული გამშვები პუნქტების გამჭვირვალობას და ქართული საბაჟო სამსახურების დაშვების უზრუნველყოფას", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

ხელისუფლების პოზიციას არ იზიარებენ ოპოზიციური პარტიები. ~ახალი მემარჯვენეები~ ამბობენ, რომ საქართველომ მოლაპარაკებისას აქცენტი ეკონომიკურ საკითხებზე უნდა გააკეთოს. დავით გამყრელიძის თქმით, საქართველომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების მხარდაჭერის სანაცვლოდ უნდა მოითხოვოს, რომ რუსეთმა მოხსნას საკუთარ ბაზარზე ქართულ პროდუქციებზე დაწესებული ოფიციალური თუ არაოფიციალური ემბარგო, გააუქმოს შეზღუდვები საქართველო-რუსეთს შორის სატრანსპორტო მიმოსვლაზე, გაამარტივოს სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისევე, როგორც რუსეთის მოქალაქეებისთვის არის გამარტივებული საქართველოს ვიზების მიღება.

"ჩვენს ამოცანას წარმოადგენს ტრადიციული ბაზრის დაბრუნება რუსეთში ჩვენი პროდუქციისთვის, რომელიც აშკარა პოლიტიკური ნიშნით, დღემდე დაბლოკილია და მეორე, საბაჟო საზღვრები ორ ქვეყანას შორის უნდა იყოს გარკვეული. ომის შემდეგ შექმნილი მდგომარეობის გამო, არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ჩვენი მებაჟეების იქ განთავსება რეალური იქნება, ამიტომ მთავრობამ კონფლიქტურ ზონებში აპრობირებულ საერთაშორისო მექანიზმებზე უნდა იფიქროს", - აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია.

რუსეთის შეთავაზებას ეკონომიკის ქართველი ექსპერტები მოსკოვის კომპრომისს უკავშირებენ. ექსპერტი ნოდარ ხადური ქართული და რუსული მხარეების პირველი შეხვედრიდან კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ ელოდება, თუმცა შეთანხმების დაწყების კონტურების გამოკვეთას ვარაუდობს.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესდების მეთორმეტე მუხლის თანახმად, წევრობის მსურველი ქვეყანა, ამ ორგანიზაციაში ინტეგრაციას ვერ შეძლებს, თუ მას თანხმობას ყველა წევრი ქვეყანა არ ეტყვის. რუსეთი საქართველოს პასუხს 1993 წლიდან ელოდება.

რუსული მხარე, მათ შორის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი და პრემიერი ვლადიმერ პუტინი, ცოტა ხნის წინ ამბობდნენ, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების პროცესი 2011 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

კიდევ ერთი დეტალი - საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკების დაწებას წინ უსწრებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის მოსკოვში ვიზიტი. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი იუწყება, რომ ბაიდენი-მედვედევის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის საკითხია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა