ქართველი სამართალდამცავების მიერ ძებნილი ვახტანგ ყიფიანი მოსკოვში დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როსბალტი" ავრცელებს .
სააგენტოს ინფორმაციით, ვატო ყიფიანს გამოძალვაში ედება ბრალი და მასზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული.
"როსბალტის" წყაროს ინფორმაციით, რუს სამართალდაცველებთან უცნობი მამაკაცი მივიდა და განაცხადა, რომ მისი მეგობარი ყიფიანმა გაიტაცა: 18 მარტს მან თანამზრახველებთან საქართველოს მოქალაქე შეიპყრო და სასტუმრო "მარიოტ გრანდ ოტელის" ერთ-ერთ ნომერშო ჩაკეტა, თან ყელზე დანის მიბჯენით 780 ათასი რუბლის გადახდა მოსთხოვა. 21 მარტს სამართალდაცველებმა 35 წლის მძევალი გაათავისუფლეს, ყიფიანი კი დაიჭირეს. "როსბალტის" ცნობით, სასტუმროს ნომერში დანაც იპოვეს. ყიფიანს ბრალი გამოძალვასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით წაუყენეს.
სააგენტო რუს სამართალდაცველებზე დაყრდნობით წერს, რომ 32 წლის ყიფიანი წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთ მაფიოზურ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, მოგვიანებითკი უკრანიაში გადავიდა საცხოვრებლად. 2009 წელს ყიფიანს "კანონიერი ქურდის" სახელი ჩამოართვეს, რასაც შეეწინააღმდეგა. ყიფიანი საერთაშორისო ძებნილად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2010 წელს გამოაცხადა. ამას კი წინ დავით გაგნიძის, კახა მისისრელის, ასევე კიევის "დინამოს", ესპანური "რეალ-სოსიედადის, "ალანიის" ყოფილი ფეხბურთელის გიორგი დემეტრაძის დაკავება უძღოდა. მათ ბრალი 140 ათასი დოლარის გამოძალვაში წაუყენეს.
"როსბალტი" წერს, რომ ქართველი სამართალდაცველების ინფორმაციით, ყიფიანი დემეტრაძისა და სხვა პირთა საქმიანობას კოორდინაციას კიევიდან უწევდა და თანხის ნაწილის "ობშჩიაკისთვის" გადადებას ითხოვდა. საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების შემდეგ ყიფიანი საცხოვრებლად უკრაინიდან რუსეთში გადავიდა.
რუსი სამართალდამცველების ინფორმაციით, ყიფიანის მიერ სასტუმროში მძევლად აყვანილი მამაკაცი გავლენიანი "ავტორიტეტის", 1994 წელს სნაიპერის მიერ მოკლული ოთარ კვანტარიშვილის შვილია.