სახალხო კრების ლიდერები ხალხის თანადგომის ნაკლებობას უჩივიან. როგორც კოსტავას გამზირზე სიტყვით გამოსვლისას, შეფიცულთა რაზმის ხელმძღვანელმა გია ბურჯანაძემ განაცხადა, გასული დღეების განმავლობაში კეთდებოდა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ კრების მხარდამჭერების მიმართ ძალას გამოიყენებდნენ, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა თავისი მხარდამჭერებითურთ კრებას გვერდით დაუდგებოდა.
"მეტი ძალა რაღა უნდა გამოიყენონ. პირდაპირ ეთერში ხომ არ უნდა გვიყურონ, როგორ დაგვხოცავენ. მერე ალბათ მოვლენ და გვირგვინებს მოიტანენ. თუ აიტანეთ, პირდაპირ ეთერში უყუროთ, როგორ გვხოცავენ, თქვენს სინდისსა და ვაჟკაცობაზე იყოს", - განაცხადა გია ბურჯანაძემ.
რამდენიმე წუთის წინ კოსტავას გამზირზე ასევე გამოჩნდნენ, ნინო ბურჯანაძის მეუღლე და უფროსი ვაჟი. ბადრი ბიწაძე დროშის ტარებით აღჭურვილ რამდენიმე პირთან ერთად, გმირთა მოედნის მხარეს მდებარე პერიმეტრს აკონტროლებს.