ქვეყნის მასშტაბით ქალაქის სატელეფონო ნომრები დღეს ღამე შეიცვლება. სამუშაოები დაიწყება 4 ივნისის 01:00 საათზე და 4 ივნისის 09:00 საათამდე გაგრძელდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "სილქნეტიდან" აცნობეს, ამ პერიოდში შეჩერდება განაცხადების მიღება, აბონენტებისთვის საბალანსო ინფორმაციის მიწოდება და ალტერნატიული გადახდების სერვისები. არ იმუშავებს ცხელი ხაზი 100–100.
"ჩვენი ამოცანაა ნუმერაციის ახალ სისტემაზე გადასვლის პროცესი გავხადოთ მაქსიმალურად კომფორტული. ცვლილების განსახორციელებლად შეირჩა ღამის საათები, მაშინ, როცა ტრაფიკი მინიმალურია. თუმცა, იქნება გარკვეული შეფერხებები და შეზღუდვები როგორც ქალაქის ტელეფონზე, ისე უკაბელო ქსელში", – აცხადებენ "სილქნეტში".
შეუფერხებლად იმუშავებს კომპანია "სილქნეტის" ინტერნეტ და სატელევიზიო სერვისები.
თბილისში ძველ სატელეფონო ნომერს წინ ციფრი "2"–იანი ემატება. მაგალითად, აბონენტის ნომერი 38–18–18 გახდება 238–18–18; რეგიონებიდან თბილისში დასარეკად აიკრიფება კოდი: 832 და შემდეგ ახალი ნომერი 238–18–18.
რეგიონებისთვისაც ერთი ციფრის, "2"–იანის დამატების ხარჯზე იცვლება სატელეფონო ნომერი. ბათუმის სატელეფონო ნომერი 7-99-99 შეიცვლება ნომრით 27-99-99; ქუთაისის სააბონენტო ნომერი 5-99-99 შეიცვლება ნომრით 25-99-99, გორის სატელეფონო ნომერი 7-99-99 შეიცვლება ნომრით 27-99-99 და ა.შ.
რუსთავის სააბონენტო ნომრის სიგრძე უცვლელი დარჩება. სააბონენტო ნომრების პირველი ციფრი -"1" შეიცვლება ციფრით - "2", ხოლო მისი მომდევნო ყველა დანარჩენი ციფრი უცვლელი დარჩება. მაგალითად: სააბონენტო ნომერი 15-99-99 შეიცვლება ნომრით 25-99-99.
საკუთარი აბონენტებისთვის კომპანია "სილქნეტს" დანერგილი აქვს ავტომატური შეტყობინების სისტემა, რომელიც 4 ივნისიდან ამოქმედდება და აბონენტს ახალ თანმიმდევრობას აცნობებს.