60-მდე ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება - არც შსს და არც ჯანდაცვის სამინისტრო კი ჯერჯერობით ინფორმაციას არ ავრცელებს
ირაკლი ბათიაშვილი - "საზოგადოების ნაწილში არის შიშის გრძნობა... მაგრამ ეს შიშის გრძნობა, რომელიც გაივლის, მალე გადაიზრდება ძალიან დიდ მრისხანებაში"
პანკისის ხეობიდან ბავშვების გახიზვნას აპირებენ?! რა ინფორმაცია მიაწოდეს მოსახლეობას ჩეჩენმა ნათესავებმა
ზვიად ძიძიგური - "ვართ სოლიდარულები აქციის მონაწილეებთან ყველა მოთხოვნაში, მაგრამ მოთხოვნების განხორციელების ფორმებთან გვაქვს სრულიად სხვა მოსაზრებები"
* * *
60-მდე ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება - არც შსს და არც ჯანდაცვის სამინისტრო კი ჯერჯერობით ინფორმაციას არ ავრცელებს
"26 მაისის დარბევის შემდეგ 12 დღე გავიდა, რამდენიმე ათეული ადამიანი კი ისევ დაკარგულად ითვლება. არასამთავრობო ორგანიზაციები შს სამინისტროსგან ითხოვენ, მათ სიაში არსებული ხალხის ბედით დაინტერესდეს და გაავრცელოს ცნობები, სად არიან ისინი. თუ შსს-ს იმ ოპერაციის შედეგად მეტი მსხვერპლი და გარდაცვლილი არ ჰყავს, ვიდრე დღეს ვიცით, მათ ინტერესში უნდა შედიოდეს ყველა ინფორმაციის სრულად გადამოწმება და საბოლოო რეალური სურათის დადება. ჩვენ გადამოწმების მექანიზმები არ გვაქვს, ეს მხოლოდ მათ შეუძლიათ", - აცხადებს ორგანიზაცია "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" თავმჯდომარე ეკა ბესელია. მისივე თქმით, ამ გაურკვევლობის გამო ლეგიტიმური ეჭვი ჩნდება, რომ შესაძლოა საქმე დანაშაულის დაფარვასთან გვქონდეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით 60-მდე ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.
"ასეთ შემთხვევაში ადგილი ექნება მცდელობას, ისეთი მანიპულაციები განხორციელდეს, როგორც ეს გარდაცვლილი ნიკა კვინტრაძის შემთხვევაში მოხდა. შესაძლოა გავიდეს დღეები და ვიღაც ისევ ვნახოთ გარდაცვლილი სახურავზე ან მტკვარში. კვალის დაფარვის მიზეზი ყოველთვის ისაა, რომ რთული იყოს დადგენა, რა ვითარებაში და როგორ მოხდა ადამიანის გარდაცვალება და ხანგრძლივი პერიოდის გავლის შემდეგ გარდაცვალების ხანდაზმულობის ასაკის დადგენა რთულდება. თანაც, თვითმხილველები ამბობენ, რომ მათ უფრო მეტი მომაკვდავი ადამიანი ნახეს, ვიდრე დღევანდელი ოთხი გარდაცვლილი, მაგრამ ეს ცნობები გადაუმოწმებელია, თუმცა საზოგადოებაში ეჭვები არსებობს და ამას პასუხი უნდა გაეცეს", - აცხადებს ეკა ბესელია და დასძენს, რომ ერთი კვირის წინ უკვე ოფიციალურად შეიტანა შს სამინისტროში დაკარგულთა 49-კაციანი სია", - აღნიშნავს გამოცემა.
"ორგანიზაციის - "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" - მიერ გამოქვეყნებული საბოლოო სია ასეთია: ვასილ ბარაძე, ლაშა ჩიკვაიძე, მიშიკო კერვალიძე, ზურაბ ლოლუა, რუსლან ნაზრიანი, კახა მოლაშხია, ბაჩუკი გულბანი, რომან ნასყიდაშვილი, გიორგი ბაკურიძე, გუჯა ბიჭაშვილი, გურამ პეტრიაშვილი, თამარ ჯობავა, რეზო ხოფერია, ლაშა ბოჟორაძე, დავით კალთელიშვილი, გელა ქარქაშაძე, ალეკო ცინცაძე, სოსო ძირკველაშვილი, მარინა აფრიამაშვილი, ვატო ნაცვლიშვილი, კახა ხიმშიაშვილი, იაშა ზოსიძე, კარლო ან აჩიკო დუმბაძე, თემურ წერეთელი, ნუგზარ უგველაძე, მიხეილ ბარიძე, გელა გვიანაძე, დავით კუპატაძე, აიდმირ ლაგვილავა, თამაზ როსებაშვილი, დავით აზარაშვილი, მაჩალაძე (სახელი უცნობია), გია გურგენიძე, ზურა ხეცურიანი, ზურაბ ბიბილაია, თამაზ ტვირთიშვილი, ემზარ ქვარიანი, ენვერ ანდღულაძე, ირაკლი გარსევანიშვილი, ზაქარია ხურციძე, ვაგიპ ალიევი, ბექა ბენდიაშვილი, ვაჟა ჯამაგიძე, კოტე კუჭავა, დავით ლორია, ნოდარ ცინცაძე, დავით ტარიელიძე, ლაშა ბოჭოიძე", - დასძენს გამოცემა.
"ბესელიას თქმით, პირები, რომელთა ახლობლები დაუკავშირდნენ და განაცხადეს, რომ იპოვეს დაკარგული ახლობლები სულ 13-ია. ესენია: გია ნაცვლიშვილი, გიორგი როგავა, ლაშა კეკელიძე, მამუკა სიგუა, დავით ქინქლაძე, ედემი კანკია, ვილჰელმ მახარაძე, მამუკა გრძელიძე, ნანა ქურდოვანიძე, მამუკა ნემსიწვერიძე, უჩა ძიძიკაშვილი, იური კვარაცხელია და მირზა კოჩაძე. "რეზონანსს" დაკარგულთა სია ბურჯანაძის "დემოკრატიულმა მოძრაობამაც" მიაწოდა. მათ მიერ დაკარგულად მიიჩნევა 47 ადამიანი და ეკა ბესელიას სიისაგან განსხვავებით რამდენიმე ახალი სახელი და გვარია: ბესო გაბისონია, ბაჩო გვარაია, ირაკლი გძელივანაშვილი, ილია კერესელიძე, გელა მგელაძე, ნაჭყებია (სახელი უცნობია), ავთო რიჟამაძე, ბესიკ სამსონაშვილი, გიორგი ცხვარიაშვილი, ვალერი ხეჩიაშვილი. "დემოკრატიული მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი ვახტანგ ყოლბაია ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ყოველდღიურად მიმდინარეობს სიების შეჯერება, მაგრამ 100%-იანი არც ეს არის, რადგან ეს ხალხი შეიძლება უკვე გამოჩნდა ოჯახებში, მაგრამ ეშინიათ, ერიდებიან გამოსვლას და არ ახმაურებენ. ყოლბაია არ გამორიცხავს იმასაც, სიაში არსებული ადამიანების ნაწილი საავადმყოფოებშიც იყოს", - წერს სტატიის ავტორი.
"ჯანდაცვის სამინისტროს დაშავებულთა შესახებ საჯარო განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. არც შს სამინისტრო ამბობს რამეს დაპატიმრებულთა ახალი მონაცემების გამოქვეყნებასა თუ დაკარგულთა შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე. ერთადერთი, რაც განაცხადეს ის არის, რომ შს სამინისტრო 26 მაისთან დაკავშირებით არც ერთ მოქალაქეს დაკარგულად არ განიხილავს. ბესელია კი აცხადებს, რომ ერთი კვირაა, რაც მისმა ორგანიზაციამ დაკარგულთა სია შს სამინისტროს კანცელარიას ჩააბარა, მაგრამ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რეაგირება არ ჩანს", - დასძენს სტატიის ავტორი.
"რამდენიმე ადამიანმა დარეკა, რომ ოჯახის წევრებმა ისინი დაკავებულთა შორის იპოვეს - სხვათა შორის, ამ ადამიანთა გვარები არც შსს-სა და არც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ დაკავებულთა სიაში არ ეწერა. ოჯახის წევრები კი მაინც ეძებდნენ იზოლატორებში და ვერ პოულობდნენ იმიტომ, რომ დაპატიმრებულებს ხშირად უცვლიდნენ ადგილს და სხვადასხვა ქალაქებში გადაჰყავდათ - გორში, ქუთაისში და ა.შ., თან ისე, რომ არავინ ატყობინებდა ოჯახს. ეს კანონის დარღვევაა, კოდექსში წერია, რომ პირის დაკავების შემთხვევაში ეს ფაქტი ოჯახს ან ახლობელს უნდა შეატყობინო. რამდენიმე ადამიანი დამალული იყო იმ დღეებში და გვიან გამოჩნდა. გამოაქვეყნონ რეალურად დაკავებულთა ზუსტი რიცხვი და ეცოდინება საზოგადოებას, დაკარგულია თუ დაკავებული ეს პირები, მაგრამ დაკავებულთა სიას არ აქვეყნებენ, იმიტომ, რომ მათი რაოდენობა ყოველდღე იმატებს და თან არ უნდათ, საზოგადოებამ ნახოს ის რიცხვი, რაც მათ იზოლატორებში გამოკეტეს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეკა ბესელია.
ირაკლი ბათიაშვილი - "საზოგადოების ნაწილში არის შიშის გრძნობა... მაგრამ ეს შიშის გრძნობა, რომელიც გაივლის, მალე გადაიზრდება ძალიან დიდ მრისხანებაში"
"2011 წლის 26 მაისი არის სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკური სამარე. არავის არ ეგონოს, რომ 26 მაისის სისხლიანი დარბევის ღამეს, რომელიც მოაწყო სააკაშვილმა, ყველაფერი დამთავრდა. პირიქით, პოლიტიკური ბრძოლის პროცესი პროცესი გრძელდება, ეს ბრძოლა არ გაჩერდება და აუცილებლად დამთავრდება ამ რეჟიმის დამარცხებით. 26 მაისი აღმოჩნდა გარდამტეხი ეტაპი ამ ავადმყოფური რეჟიმის რღვევაში", - აცხადებს ირაკლი ბათიაშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით 26 მაისს სააკაშვილმა თავისთვის პოლიტიკური სამარე გაითხარა / რატომ ვერ გარისკა ხელისუფლებამ ირაკლი ბათიაშვილის დაპატიმრება.
"პირდაპირ გეტყვით, ჩვენ ველოდებოდით დარბევას. ყველას კარგად გვახსოვს, რომ საზოგადოებაში ყოველთვის იყო უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ იწყებენ აქციას, მერე დაშლიან უაზროდ. პირიქით, იქ შეკრებილ ადამიანებში, ვინც რუსთაველზე იყო, იყო ერთსულოვანი განწყობა, რომ ჩვენ არ უნდა დავიშალოთ და თუ წამოვლენ დასარბევად, ვიდგეთ ასე შეუპოვრად. საერთოდ მთლიანი პოლიტიკური სპექტრის მიმართ იყო ასეთი მოთხოვნა, რომ თუ დავიწყებთ აქციებს, მერე არ უნდა მოხდეს უაზრო დაშლა. ჩვენ ამიტომაც დავდექით ასე პრინციპულად. რა თქმა უნდა, ველოდებოდით დარბევას, თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ ასეთ სასტიკ და ვანდალურ დარბევას თუ მოაწყობდა სააკაშვილი, ნამდვილად არ მეგონა. ასეთი ზიზღი, სიძულვილი და ასეთი გამეტება 9 აპრილის მოვლენების დროს არ მახსოვს. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა რაოდენობოთ არიან დაღუპულები, უამრავი ადამიანი დაკარგულია. ეს დარბევა კი არა, ეს იყო ჩვენი მოშთობისა და ამოხოცვის ოპერაცია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ბათიაშვილი.
"სააკაშვილმა მოინდომა ხალხის სამაგალითოდ დასჯა, ეს იყო მისი მიზანი. მან საბოლოოდ მოინდომა ჩვენი დათრგუნვა, მაგრამ მან ჩვენ ვერ დაგვრთგუნა. სახალხო კრება განაგრძობს ძალისხმევას, განაგრძობს მუშაობას, პროცესი გრძელდება. მე ამას ტყუილად და ჰაერზე არ ვლაპარაკობ და რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ახლო მომავალში მოუწევს გაცილებით დიდი საყოველთაო სახალხო აღშფოთებისა და აზვირთებული პროტესტის ტალღის წინაშე დადგომა. მართული ტელევივიზიებით ჩვენი დისკრედიტაციის მცდელობა არის აბსოლუტურად უნაყოფო. რა თქმა უნდა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არის შიშის გრძნობა დარჩენილი, მაგრამ ეს გაივლის და იცით როგორი ეფექტია ეს ფსიქოლოგიური? ეს შიშის გრძნობა, რომელიც გაივლის, მალე გადაიზრდება ძალიან დიდ მრისხანებაში. ეს ყოველთვის ასეა. თუ აქამდე იყო გარკვეული ინდიფერენტობა მოსახლეობის ნაწილში, უნდობლობა, ნიჰილიზმი - ახლა ინდიფერენტობა აღარ არის, არის საყოველთაო აღშფოთება", - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.
"ჩვენ ვაპირებთ პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას, რომელსაც ეს რეჟიმი ვერ გაუძლებს ელემენტარულად. დარწმუნებული ვართ, უფრო და უფრო მეტ მხარდაჭერას მოვიპოვებთ საზოგადოებისა და ხალხის. ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ ეტაპზე არიან ეს პოლიტპატიმრები, ესენი ყველანი არიან პოლიტპატიმრები. ჩვენ შევხვდით ადვოკატებსა და იურისტებს და ჩვენ ყოველდღიურად მათი მეშვეობით ვზრუნავთ მათზე, მაგრამ რეალურად, პირდაპირ რომ ვთქვათ, მათი დახსნა საბოლოო ჯამში არის დამოკიდებული ჩვენს ბრძოლაზე. დღეს ჩვენი ბრძოლა არის მართლაც წმინდათა წმინდა მიზნიდან გამომდინარე, რომ დავიხსნათ ეს ადამიანები", - დასძენს ირაკლი ბათიაშვილი და შეკითხვას - "რაც შეეხება რუსულ კვალს სახალხო კრებაში, კავშირს თემურ ხაჩიშვილთან, ასევე იმ პიროვნებებთან, რომელიც ყინწვისში აიყვანეს?" - პასუხობს:
"ეს არის სრული სისულელე, აბსურდი, საერთოდ ვინ არიან ეს ადამიანები, ეს ადამიანები რა შუაში არიან ჩვენთან? ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად უცნობი. ვის არის ეს ხალხი და საიდან გამოჩხრიკეს? სწორედ ამიტომ, ჩვენ ეს საკითხი არ გვაღელვებს. უნდათ ეს ხალხი მოგვაწებონ და ვერ მოგვაწებებენ, ეს თვითონაც კარგად იციან. ეს არის მხოლოდ საზოგადოებაზე გათვლილი, რომ დააბოლონ ამით ხალხი. საერთოდ არ ვიცი, ვინ არის ეს გოგუაძე, ღვალაძე, ვინ არიან ესენი? ისინი აგენტებს აგზავნიდნენ ჩვენთან, ჩვენ ვიყავით მთავარი სამიზნე. უნდა გითხრათ, დღემდე გრძელდება ჩვენი პოლიტიკური დევნა, პირადად ჩემი და ჩემი ოჯახის. დღეს ჩემი დევნა მიმდინარეობს მთელი ჩემი ოჯახის დონეზე. გუშინ დაიჭირეს ჩემი შვილი, ჩემი ცოლი, მერე მეც დამიჭირეს. შემდეგ, ეტყობა რომ დაფიქრდნენ, მიხვდნენ, რომ საჭირო არ იყო ეს დაკავება, რადგან დიდ ხმაურს გამოწვევდა. 400-400 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს მაიასა და ირინას და მე 500-ლარიანი ჯარიმა დამაკისრეს".
პანკისის ხეობიდან ბავშვების გახიზვნას აპირებენ?! რა ინფორმაცია მიაწოდეს მოსახლეობას ჩეჩენმა ნათესავებმა
"კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ცნობით, ახმეტია რაიონის სოფელ ომალოში პანიკაა და სოფლიდან ბავშვების გახიზვნას აპირებენ. ომალოს მცხოვრებლების განცხადებით, რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა არაერთხელ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერი დოკუ უმაროვი პანკისის ხეობაში, კერძოდ კი სოფელ ომალოში იმალება. ამიტომ, ვარაუდობენ, რომ უმაროვის დაკავების მიზეზით, რუსეთმა ხეობაში შესაძლოა სპეცოპერაცია მოაწყოს. ინფორმაციის გადასამოწმებლად "ალია" ახმეტის საკრებულოს "რესპუბლიკელ" წევრ ზაქარია ქინქლაძეს დაუკავშირდა, რომლის თქმით, ამის შესახებ არაფერი სმენია", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით პანკისის ხეობიდან ბავშვების გახიზვნას აპირებენ / რა ინფორმაცია მიაწოდეს მოსახლეობას ჩეჩენმა ნათესავებმა?
"გახსოვთ, ამას წინათ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ დოკუ უმაროვი იმყოფება ომალოში. ამის შესახებ თქვენს გაზეთშიც ეწერა. ამას დაემატა რუსულ ტელეარხზე ოქრუაშვილის გამოჩენა. არ არის გამორიცხული, რომ ომალოში მცხოვრებ ქისტებს ინფორმაცია ჰქონდეთ საზღვარს იქიდან, რომ სპეცოპერაციას ამზადებენ უმაროვის დასაკავებლად. მოგეხსენებათ, რუსეთს თავისი კანონმდებლობით უფლება აქვს კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატაროს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, ხალხს ასეთი განწყობა იმიტომ აქვს, რომ ინფორმაცია კულუარულად მიიღეს. ვერ გეტყვით, საფრთხე რამდენად რეალურია, მაგრამ ის, რომ შეტყობინება იქიდან მოვიდა სპეცოპერაციის შესაძლო მოწყობაზე, ეგ ვიცი. ქისტებს ხომ ნათესავები ჰყავთ იქით და ალბათ, მათ გააფრთხილეს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
"მე ერთი რამე შემიძლია გითხრათ, არ მგონია დოკუ უმაროვი ომალოში იყოს. შეიძლება მან გადმოლახა საზღვარი, გადალახა პანკისის ხეობა და სხვა მიმართულებით წავიდა, ამის თაობაზე არ მაქვს ინფორმაცია, ამიტომ დადასტურებით ვერაფერს გეტყვით. საქართველოს ხელისუფლება შეიძლება იმიტომ არის მშვიდად, რომ დაზუსტებული ინფორმაცია აქვს და უმაროვი საქართველოში არ იმყოფება. მეორე მხრივ, ნუ დაგვავიწყდება, რომ 26 მაისის წინა დღეებში ჩვენმა ხელისუფლებამ მთიანეთის გარკვეული ადგილები გაამაგრა", - დასძენს მამუკა არეშიძე და შეკითხვას - "კავკასიელი მეგობრებისგან რა ინფორმაცია გაქვთ?" - პასუხობს:
"აი, მაგაშია საქმე. მათგან რომ მქონდეს ერთი პატარა ინფორმაცია მაინც, რომ შესაძლებელია საომარი მოქმედებების დაწყება, ვიტყოდი ამის შესახებ. მაგრამ პირიქით - მეუბნებიან, რომ იქით არავითარი განსაკუთრებული გადაადგილება არ შეინიშნება. საბანაკო სისტემაც კი არ არისო. როცა აგვისტოში ომი დაიწყო, ივნისის ბოლოს უკვე ჰქონდათ საველე ჰოსპიტალი გაშლილი რუსებს ჩრდილოეთ ოსეთის იმ ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს ესაზღვრება - მაშინ წვრთნები რომ გამართეს, არის ამის შემდეგ დაშალეს და ამან მომცა უტყუარი ნიშანი, რომ ეს სიტუაცია საომარი მოქმედებების დაწყების წინაპირობა იყო. ახლა ასეთი არაფერია".
ზვიად ძიძიგური - "ვართ სოლიდარულები აქციის მონაწილეებთან ყველა მოთხოვნაში, მაგრამ მოთხოვნების განხორციელების ფორმებთან გვაქვს სრულიად სხვა მოსაზრებები"
"დღეს ხელისუფლება და ნაციონალური მოძრაობა არის როგორც "დაკიდებული" კომპიუტერი, რომელმაც მიიღო გაურკვეველი ბრძანება და შემდეგ სრული გაშეშების მდგომარეობა დაემართა. ასეთ მდგომარეობაშია დღეს ნაციონალური მოძრაობა, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილს თვითონ არ აქვს გადაწყვეტილი, როგორი იქნება მისი პოლიტიკური მომავალი. აქედან გამომდინარე, თვითონ ვერ გადაუწყვეტია ჯერ, რა ტიპის საარჩევნო დათმობებზე შეუძლია მას წასვლა. ამიტომ არის მუდმივი მცდელობა, იყოს რვიანზე მუდმივი ზეწოლა სწორედ გაჭიანურების მხრივ და იქნებ დაიშალოს პოლიტიკური რვიანი და ამით ერთი თავის ტკივილი მოაეხსნათ", - აცხადებს კონსერვატიული პარტიიის ლიდერი ზვიად ძიძიგური გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ყველა ხერხს მივმართავთ, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს.
"ამისთვის ძალიან კარგად იყენებს ხელისუფლება სხვადასხვა სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების, ექსპერტების, ჟურნალისტების თუ სხვათა თავდასხმებს, რომელიც მუდმივად მოდის პოლიტიკურ რვიანზე. თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ რასაც ვაკეთებთ, ეს არის სწორი და მნიშვნელოვანი პროექტი. ამიტომ ხელისუფლება იმედოვნებს, რომ რვიანი დაიღლება - რა თქმა უნდა, ვერ გავახარებთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის რეჟიმი... რაც არის კონსტიტუციით ნებადართული, რა საკითხებიცა და რა მეთოდებიც არის პოლიტიკური ბრძოლის, ყველაფრისთვის არის რვიანი მზად. მინდა ხაზი გავუსვა, რომ რვიანში არის სხვადასხვა მოსაზრებები, არიან სხვადასხვა ტემპერამენტის, ბიოგრაფიის, სხვადასხვა მსოფლმხედველობის პარტიები და ჩვენ საკმაოდ გვჭირდება შრომა, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები შევაჯეროთ და ამდენი ხნის განმავლობაში ჯერ არ მომხდარა, რომ ასეთი ტიპის შეჯერება ვერ განხორციელებულიყო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზვიად ძიძიგური.
"ამიტომ ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად და და რეალურადაც ვუყურებთ პოლიტიკური ბრძოლის დასასრულს. ეს აუცილებლად დასრულდება სამართლიანი არჩევნებით, სადაც ერთხელ მაინც ამ ქვეყანაში 1990 წლის 28 ოქტომბრის შემდეგ უნდა მოვახერხოთ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით. ნაბიჯს, რომელიც ღირს განხილვად, ხელისუფლების მხრიდან ჩვენ მივიღებთ. რა თქმა უნდა, მოლაპარაკების მაგიდიდან ჩვენ ადგომას არ ვაპირებთ. ჩვენ კომპლექსურად ყველა ფორმას გამოვიყენებთ", - დასძენს ზვიად ძიძიგური და შეკითხვას - "ითქვა ისიც, რომ ხელისუფლებასთან აქციები და გადადექის ძახილი არ გაჭრისო..." - პასუხობს:
"მგონი, ამ ბოლო სამწუხარის გარეკვა, როგორც ეს ხატოვნად წარმოუდგენია ზოგიერთს, ცოტათი უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეგონათ. ყველაფერი ვნახეთ 2007 და 2009 წლის აქციების დროს და არ იყო მაინცდამაინც საჭირო ადამიანების მსხვერპლი და ადამიანების დასახიჩრება იმისთვის, რომ სააკაშვილი უარს არ იტყოდა საპრეზიდენტო სკამზე და არ გაიქცეოდა შიშით გულგახეთქილი. ამას დიდი დანახვა არ სჭირდებოდა. თუმცა მინდა ვუთხრა ყველა ადამიანს, ვინც ამ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა, რომ მათი ემოცია და პროტესტი არის სავსებით ლეგიტიმური - ყველა მოთხოვნაში ვართ სოლიდარულები, მაგრამ მოთხოვნების განხორციელების ფორმებთან გვაქვს სრულიად სხვა მოსაზრებები".