პარლამენტმა 2010 წელს ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიში წელსაც ცნობად მიიღო.
შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად 83 ხმით 5-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
სახალხო დამცველის ანგარიშის მსგავსად, პარლამენტის გადაწყვეტილებით, ასევე, ცნობად იქნება მიღებული პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინფორმაცია "2010 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ" საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიში მოხსენების თაობაზე.
დადგენილების მესამე პუნქტში კი ნათქვამია, რომ "პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს დაევალება, განახორციელოს მონიტორინგი "2010 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ" საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენებაში მითითებული ფაქტების პრევენციისა და რეკომენდაციების შესრულებისკენ მიმართული ღონისძიებების გატარებაზე".
დღესვე, პარლამენტმა ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" დადგენილების პროექტი ჩააგდო. ოპოზიციის პროექტს მხარი მხოლოდ 7-მა დეპუტატმა დაუჭირა. მათგან სხდომათა დარბაზში მხოლოდ სამი ოპოზიციონერი დეპუტატი იმყოფებოდა – გიორგი ცაგარეიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე და "ქრისტიან-დემოკრატი" რატი მაისურაძე.