ძლიერი წვიმის შედეგად მცხეთა - მთიანეთის რეგიონში მდინარე შავი არაგვი ადიდებულია. მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, გარესამყაროს არის მოწყვეტილი გუდამაყრის სოფლები ფახვიჯი, სიჯანაანი, თოთიაურნი, საჩალისჭალა, ბაკურხევი, საკერპო, ჩოხი, დუმაცხო, ათნოხი და ბურსაჭირი.
გუდამაყრის 20-მდე სოფელს ღამის 2 საათიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება. მთიულეთში სხვადასხვა ადგილზე ჩამოწოლილმა მეწყერმა ელექტროსადენების საყრდენი ბოძები წააქცია, დაამტვრია და მიწაში ჩაიტანა.
როგორც მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი გუდამაყრიდან იტყობინება, სოფელ მაქართასთან მეწყერი გააქტიურდა და წვიმების გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, გუდამაყრის ხეობასთან მისასვლელი ერთადერთი გზა მთლიანად ჩაიკეტოს. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები ჯერ არ მიმდინარეობს.
სოფელ დიხჩოსთან წყალმა გასულ წელს აღდგენილი ხიდი ნაწილობრივ დაანგრია.