ილია მეორე - უმადური ადამიანი უფალს არ უყვარს

ადამიანი ყოველთვის უნდა მადლობდეს უფალს, უმადური ადამიანი უფალს არ უყვარს, - ამის შესახებ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ბრძანა.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ სვეტიცხოვლის ტაძარი IV საუკუნეში, თორმეტი მოციქულის სახელზეა აშენებული. პატრიარქმა დღევანდელი ქადაგება წმინდა მოციქულებზე საუბარს მიუძღვნა.

უწმინდესმა ბრძანა, რომ ადამიანი ყოველთვის უნდა მადლობდეს უფალს მისგან მიღებული სიკეთისთვის.

"უმადური ადამიანი უფალს არ უყვარს", - ბრძანა პატრიარქმა და ამის მაგალითად უფლის მოციქული იუდა ისკარიოტელი დაასახელა, რომელმაც გასცა ქრისტე.

როგორც უწმინდესმა ბრძანა, უფალმა მოციქულებს ადამიანების გაცოცხლების, განკურნებისა და უამრავი სხვა მადლი მიანიჭა და იგივე მადლი მიეცა იუდასაც, თუმცა მასში ბოროტი შევიდა.

"პირველი საიდუმლო სერობის დროს როდესაც მაცხოვარმა აზიარა მოციქულები, მათ შორის აზიარა იუდა ისკარიოტელიც, მან არ უთხრა მადლობა მაცხოვარს, წავიდა და გასცა იგი. წმინდა მამები ამბობენ, რომ მას რომ მადლობა ეთქვა მაცხოვრისთვის, ბოროტი სული აღარ შევიდოდა მასში და იგი გადარჩებოდა", - აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქმა, ასევე, ჩვილთა საყოველთაო ნათლობაზეც ისაუბრა. უწმინდესის თქმით, სამებაში დღეს მისი ნათლული კიდევ 500 ჩვილი გახდება და სულ პატრიარქს 9 ათასზე მეტი ნათლული ეყოლება. ნათლობა დღეს ყოვლადწმინდა სამების ტაძარში 17.00 საათზე დაიწყება. მოგვიანებით, ტაძარში უწმინდესი მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.

ამასთან,  დღესვე სვეტიცხოვლის ტაძარში წირვის დროს იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თბილისის მერი გიგი უგულავა, პარლმენტის წევრები.

ვიდეო

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის