აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილს წერილი წაკითხული არ ჰქონდა და ციტატა კონტექსტის გაუთვალისწინებლად წაიკითხა , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კინომცოდნე გოგი გვახარიამ პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, ისურვებდა, რომ პრეზიდენტმა ის წყარო დაასახელოს ხოლმე, საიდანაც ციტირებს.
"მას რომ ეთქვა აი, "ინტელექტუალი გვახარია წერს რადიო "თავისუფლების" ბლოგზე ამას და ამას", ჩემს ბლოგს ხომ ის ხალხიც წაიკითხავდა, ასეთი ყურადღებით რომ უსმენდა მას სასტუმროს გახსნის ცერემონიალზე. ჰოდა, ბლოგს რეიტინგი გაეზრდებოდა. ამის მერე აღარ იტყოდნენ "გვახარია არარეიტინგულიაო". დავიცვათ სავტორო უფლებები და დავასახელოთ ხოლმე წყარო. ისე, მაინტერესებს, პრეზიდენტები სასტუმროს გახსნის ცერემონიალებში რატომ მონაწილეობენ?", - განაცხადა გვახარიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში, "რედისონის" გახსნაზე სხვადასხვა სტატიებიდან ციტატები მოიყვანა, სადაც გაკრიტიკებულია საქართველოში მიმდინარე მშენებლობები, მათ შორის აღმაშენებელზე და რიყეზე.
პრეზიდენტის მიერ გაკრიტიკებულთა ნუსხაში მოხვდა ჟურნალ "ცხელ შოკოლადში" დაბეჭდილი, თამარ ამაშუკელის სტატია და ასევე, კინომცოდნე, რადიო "თავისუფლების" ბლოგერი გოგი გვახარია.
"ერთი ინტელექტუალი წერს ამას წინათ – "დასვენების დღეებში, რიყის პარკთან მანქანის გაჩერება საკმაოდ რთულია. პარასკევს საღამოს, მთელი ეს ტერიტორია, მეტეხის ხიდი, საფეხმავლო, მშვიდობის ხიდი, ახალი პარკი, აბანოთუბანი ხალხით იყო სავსე. ზუსტად ვერ გავიგე, რას აკეთებდნენ. ბავშვებიც მოიყვანეს. ეს ახალგაზრდები რაღამ მოიყვანა აქ? აქეთ-იქით დადიოდნენ, აი, ჩემი მშობლები რომ ამბობდნენ, რუსთაველზე ვსეირნობდითო, ისე. აბა სხვა რა უნდა გაეკეთებინათ მაშინ? არ მესმის, მართლა არ მესმის, რატომაა სასიამოვნო სეირნობა. არაფრით არ მესმის რა უხარია ამ ხალხს". ესენი ვერასოდეს ვერ გაიგებენ. დაცინვა ჩემი სტილი არ არის, მაგრამ ამის ავტორი არ შემიძლია არ გავაშაყირო", - განაცხადა პრეზიდენტმა.