340 ახალი სამარშუტო ტაქსი უახლოეს დღეებში ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის ხაზებზეც გამოჩნდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ტრანსპორტის პროფკავშირის ხელმძღვანელმა ლავრენტი ალანიამ განუცხადა.
მისივე თქმით, თბილისის მერიაში დღეს, მერიის საქალაქო ტრანსპორტის ხელმძღვანელობა პროფკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ახალი სამარშუტო ტაქსების ხაზებზე განაწილებისა და მძღოლებთან ხელშეკრულებების გაფორმების საკითხები განიხილეს.
ლავრენტი ალანიამ აღნიშნა, რომ ახალი სამარშუტო ტაქსები ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის გრძელ მანძილზე მოძრავ ხაზებზე დაახლობით 10 დღეში გავა. 15 სექტემბრამდე კი ხაზებზე 1000-მდე მიკროავტობუსის გაყვანაა დაგეგმილი.
ალანიას ცნობით, მძღოლებთან გასაფორმებელი ხელშეკრულების გადახედვა ხდება და ამ პროცესში მათი პროფკავშირიც ჩართულია. მერიასთან და ტენდერში გამარჯვებულ სატრანსპორტო კომპანიებთან გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების პირობებით, მძღოლთა უფლებებს ტრანსპორტის პროფკავშირი იცავს.
"ფორდის" მარკის ყვითელი ფერის ახალი 36 მიკროავტობუსი დღეისათვის #4 სამარშუტო ხაზზე დადის.