ქუთაისში მალე ყინულის მოედანი გაიხსნება. 600 კვადრატული მეტრის სასრიალო მოედანი უკვე დამონტაჟებულია, დასრულებულია გადახურვაც.
სასრიალო მოედანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება. სრიალის მოყვარულებს მომსახურების სრული პაკეტი - საშხაპეები, გასახდელები, ტრენაჟორები და მასაჯის კაბინეტები მოემსახურებათ.
პროექტისთვის 650 ათასი ლარი დაიხარჯება, თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
ყინულის მოედნის მშენებლობა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ და ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ დაათვალიერეს. ლაშა მაქაცარიას თქმით, ეს იქნება კიდევ ერთი ადგილი, სადაც მოქალაქეები საკუთარი ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის ხშირად მივლენ. ყინულის მოედნის სტუმრები, მისი ხელსაყრელი ადგილმდებარეობის გამო, თანაბარი ინტენსივობით იქნება, როგორც ქუთაისის, ისე წყალტუბოს მოსახლეობა.
ხელოვნური ყინულის მოედანი ქუთაისში შარშან გაიხსნა, თუმცა კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ბუნებრივი ყინულის სასრიალოს არსებობა დღის წესრიგში დიდი ხანია დგას.