ადვოკატებმა ევროკავშირის ოფისთან საპროტესტო აქცია "დაიცავით ადვოკატები სააკაშვილის რეჟიმისაგან" გამართეს.
ეს სლოგანი ადვოკატების მაისურზე იყო გამოსახული. ასევე, პროტესტის ნიშნად მათ ხელბორკილები დაიდეს. როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, ისინი ევროკავშირისაგან ითხოვენ, რომ აიღოს ვალდებულება ევროკონვენციის მე-6 მუხლის გარანტირებული დაცვის უფლების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
ხატიაშვილის განცხადებით, ირღვევა დაცვის უფლება და დაუცველი ადვოკატები ვერ დაიცავენ ბრალდებულებს. მისი განცხადებით, ეს არის ადვოკატების სოლიდარობის აქციების დასაწყისი და ისინი პროტესტს გააგრძელებენ. მისი თქმით, მასობრივად ხდება ადვოკატების დაკავება და დევნა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან. მისი განცხადებით, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დააკავეს ბათუმის სასამართლოში ადვოკატი რამინ პაპიძე.
ეკა ბესელიას განცხადებით, ადვოკატები, რომლებიც ბრალდებულების ინტერესებს იცავენ, უნდა იყვნენ ხელშეუხებლები და არ შეიძლება მათ ხელისუფლებამ პრობლემები შეუქმნას.
აქცია ორგანიზებული იყო ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის მიერ.