"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე გამორიცხავს, რომ ვასილ ბოლაშვილს ანძაზე 12 მლნ-იანი ინვესტიციის განხორციელების საშუალება აქვს. ამის შესახებ ბურჯანაძემ ~მაესტროს~ განუცხადა.
"არ მგონია, რომ ბოლაშვილს რამე ინტერესი ჰქონოდა ანძის მიმართ. როგორც ჩანს მას უბრალოდ დაავალეს ანძა ეყიდა. კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ მას ჰქონდა შესაძლებლობა 12 მლნ-იანი ინვესტიციის განხორციელებისა~, - აღნიშნა ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძის ვაჟი ანზორ ბიწაძე და ვასილ ბოლაშვილის შვილი გიორგი ბოლაშვილი კლასელები იყვნენ. ბურჯანაძე ბოლაშვილს 2009 წელს ადგილობრივ არჩვენებში მონაწილეობასაც სთავაზობდა.
~დემოკრატიული მოძრაობის~ ლიდერის ინფორმაციით, 2009 წელს ბოლაშვილის ვაჟი დააპატიმრეს და მისი გათავისუფლების შემდეგ ბიზნესმენი ~ნაციონალურ მოძრაობას~ დაუახლოვდა.
~გიორგი ბოლაშვილი დაკავებული იყო უმიზეზოდ, მას ბრალი საერთოდ ვერ დაუმტკიცდა. რაც შეეხება ნაციონალებთან ახლობლობას, ვფქირობ, რომ ყველამ ვიცით რის გამო უჩნდებათ ბიზნესმენებს ასეთი გადაულახავი სურვილი ~ნაციონალური მოძრაობის~ დახმარების~, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
1-ელ აგვისტოს ჩატარებულ ელექტრონულ აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია "გოლდენ კომი" და მას 4 წლის ვადით, სამართავად გადაეცა შპს "ალფა კომის" საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, "ალფა კომის" მართვის უფლება წელიწადში 110 000 ლარად გაიყიდა.
ახალი ინვესტორი ვალდებულია, "ალფა-კომს" პროფილი შეუნარჩუნოს. აუქციონის პირობების მიხედვით, იგი "ალფა კომში" უახლოეს 4 წლის მანძილზე 12 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. მოხდება ანძის ტექნიკური გადაიარაღება და დაინერგება ახალი ტიპის სატელეკომუნიკაციო სერვისები და გაუმჯობესდება არსებული.
კომპანია "გოლდენ კომი" სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2011 წლის 11 ივლისს და კომპანიის ხელმძღვანელად დასახელებულია ვასილ ბოლაშვილი.
"ალფა-კომი" შპს "საქართველოს ტელერადიოცენტრის" ბაზაზე შეიქმნა და მისი სამართალმემკვიდრე იყო. მის მფლობელობაში შედიოდა არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული კიდევ 35 ანძა. მარტო თბილისის ფუნიკულიორზე მდებარე ანძა ემსახურება 16 ტელე და 30-მდე რადიოკომპანიას.