ეს არც სოფელია და არც ქალაქი, _ საუბარს დინჯად, მშვიდად იწყებს ტარიელ ტაბატაძე და ქვაღორღიან გზაზე, წკვრივად ჩალაგებულ სახლებს შორის მეგზურობას გვიწევს.
2008 წლის აგვისტოს შემდეგ მასაც, როგორც ათეულ ათასობით დევნილი ოჯახს, სახელმწიფოს მიერ აშენებულ დასახლებებში ერთი კოტეჯი და ბევრი პრობლემა ერგო _ სამი წლის შემდეგ მშობლიურ სახლებში დაბრუნება და წელში გამართვა ჯერ აუხდენელ ოცნებად რჩება. წეროვანის დასახლებაში კი, როგორღაც ცდილობს, სულ ცოტა მოსავალი მაინც მოიწიოს და, როგორც თვითონ ამბობს, შრომასა და ფიქრს დარდი გადააყოლოს.
"წელში რა გაგვმართავს? ერთ სულზე 30-ლარიანი დახმარება თუ 24-ლარიანი? ეს ასანთის კოლოფისხელა მიწა, თუ ფიქრი იმაზე, რა დავკარგეთ და სად ვართ ახლა?", _ შემოგვჩივის, თან ღიმილით ამატებს, _ "აი, თქვენც ჩამოსულხართ, იღებთ, გველაპარაკებით, ალბათ დაწერთ კიდევაც, მარა ეს შეცვლის რამეს? რამდენი ვინმე ჩამოსულა, ტელევიზიის ხალხი ჩამოდის, აქაურ მოსახლეებს სკოლის შენობის წინ დააყენებენ, აქაოდა, ლამაზი შენობა არისო და მადლიერები ვართო სუბიელიანის, ტყუილია, ბიძიკო, ეს ყველაფერი, ტყუილი", _ ამბობს ტარიელ ტაბატაძე, რომელიც გასული საუკუნის ბოლოს ჯერ ცხინვალიდან გამოდევნეს, შემდეგ კი - სოფელ ნულიდან.
სკოლის თანამედროვე შენობა წეროვანში მართლაც დგას ისევე, როგორც დასახლების შესასვლელში _ პოლიციის გამჭვირვალე ნაგებობა, თუმცა ჩარიგებულ-ჩამწკრივებულ კოტეჯებში მცხოვრებლებს, შენობის მიმზდველობაზე მეტად, მათი სიმყარე და სწრაფი ტემპით გადახურვა უფრო აწუხებთ.
"ჭერსა და სახურავს შორის სიცარიელეა, არაფერია დაფენილი, რომ ზამთარში შინ სითბო ცოტათი მაინც შევინარჩუნოთ. ზამთარში შვილები სკოლაში რომ მიდიან, მათ მოსვლამდე გამათბობელს გამოვრთავ ხოლმე და ისე ვზივარ _ 100 კილოვატზე მეტს დავხარჯავ და ფულს ვინ გადაიხდის? ასე ვართ, ზაფხულში კიდევ არაფერი
გვიჭირს, ზამთარში კი, იცოცხლე, ისე ცივა ხოლმე", _ ამბობს ეკა მძინარაშვილი. ის სოფელ ქსუნისიდან არის დევნილი.
საცხოვრებელს დიასახლისის პეწი ეტყობა, _ "შეძლებისდაგვარად, ვცდილობთ ზამთრისთვის რაღაცეები მოვიმარაგოთ, მაგრამ შვილები მეჩხუბებიან, ყველგან ქილები როგორ აწყვიაო, რა ვქნა, ერთი სათავსო რომ აეშენებინათ, გაცილებით გაგვიადვილდებოდა სურსათ-სანოვაგის შენახვა", _ ეკას ბატონი გურამი ეხმიანება, რომელსაც კოტეჯების აშენებამდე მათი ნახაზები უნახავს:
"ნახაზები რომ ვნახე, ისე მომეწონა: იქ ღობეებიც იყო გათვალისწინებული, სათავსოც. გაგიგიათ სადმე, თოხს, ბარს, კონსერვის ქილებს, სიმინდს და კარტოფილს საძინებელში აბინავდნენ?! ღობეებს დაგვპირდნენ ვითომ, მაგრამ თქვენ თვითონ ხედავთ, ხან ძაღლი გადაუვლის ბოსტანს და ხან კიდევ - რა", _ ამბობს გურამ ხუციშვილი.
მეგზურთან ერთად, ისევ უსახელო ქუჩებსა და დანომრილი სახლების რიგს მივუყვები. თავში მიტრიალებს ბატონი ტარიელის სიტყვები, რომ ეს დასახლება არც სოფელია და არც ქალაქი _ მართლაც, სოფლისთვის უჩვეულო
სიმჭიდროვეა, ქალაქისთვის კი გადაჭარბებული ერთფეროვნება. დევნილთა კომპაქტურად დასახლების არაერთ ადგილას ვყოფილვარ, რამდენჯერმე _ საზღვისპირა სოფლებში, მაგრამ ეს ბოლო ჩასვლა განსაკუთრებული აღმოჩნდა სხვებისგან: მცხოვრებლების დიდი ნაწილი პრობლებზე საუბარს გაურბის ან სიტყვა ჟურნალისტის ხსენებაზე ხელს იქნევს, თავს ხრის და გზას აგრძელებს.
"არ გაგიკვირდეს, ბიძიკო, რამდენ ვინმეს ჰყავს შვილი ჯარში, ზოგი პოლიციაში მუშაობს, ვიღაცას ძლივს მასწავლებლობა დაუწყია სკოლაში. მისმა დედ-მამა რამე ისეთი რომ გითხრას, ხომ იცი, რომ უსიამოვნება შეეყრებათ. მაგრამ უთქმელობა ჩვენს გასაჭირს განა უშველის?!" _ ბატონი ტარიელი მეზობლების უპასუხობის მიზეზს მიხსნის.
როგორც აღმოჩნდა, მთელი ზაფხულის განმავლობაში წეროვანის დასახლების ნაწილს წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა _ განაპირას მცხოვრებლებს კი სასმელის წყლის ზიდვა მეზობელი უბნებიდან ხელით უწევდათ.
"აი, ზოგს რომ აქვს მიწები აღებული, ყოველდღე რწყავდა და ჩვენს ონკანებში კიდევ წვეთ-წვეთობით მოდიოდა-
ხოლმე, მერე როგორღაც გავაგებინეთ უფროსობას, ახლა ვითომ გვაქვს, მაგრამ სულ შიშში ვართ, რომ სადაცაა, დაწყდება", _ ქალბატონმა მედიკო საუბარზე მხოლოდ მას შემდეგ დაგვთანხმდა, რომ მას "ტელევიზორში არ გამოვაჩენდით".
"წვიმა რომ მოვიდეს, წყალი გვექნება იმიტომ, რომ ნაკვეთების მორწყვა არავის დასჭირდება", _ მისგანვე ვიგებთ, რომ აქაური მცხოვრებლებისთვის, სხვა დასახლებებში მყოფებისგან განსხვავებით, მიწები არ დაურიგებიათ, _ "რა მიწასაც ხედავეთ კოტეჯებთან ახლოს, იმას ვამუშავებთ და თავს ვიტყუებთ, მთლად უსაქმოდ ხომ არ დავჯდებით შინ", _ ამბობს ქალბატონი მედიკო.
ისევ ჩემი მეგზური მეუბნება, რომ აქაურებს განსაკუთრებით მას შემდეგ გაუჭირდათ, რაც სურსათ-სანოვაგის გაცემა შეწყდა.
"ერთ წელზე მეტია, არაფერი მიგვიღია _ ხან ზეთს, ხან მაკარონს რომ ჩამოატარებდნენ, მთლად გაჭირვებულ ხალხს კიდევ გაგვქონდა თავი, ახლა კი საერთოდ არაფერი. აქ რომ ჩამოვლენ, სკოლასთან აჩერებენ ამერიკელ და სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს, ასე ვუვლითო დევნილებს. იციან, ცოტა ქვევით რომ ჩამოვიდნენ, ხალხი
გასაჭირზე დაიწყებს ჩივილს და ეს არ აწყობთ", _ ამასობაში კიდევ ერთ კოტეჯს მივუახლოვდით. ამ ოჯახის უფროსთანაც არ გაჭრა ჩემმა თხოვნა, რომ კამერის წინ საკუთარ ლხინსა და ჭირზე მოეთხრო, მიზეზი რომ ვკითხე, მიპასუხა: "ჩემზე უკეთ იცი... შარის თავის არავის აქვს", _ მოჭრილი პასუხი ღიმილით იყო ნათქვამი.
ინტერვიუზე მადონა ჯავახიშვილი დაგვთანხმდა, რომელიც თბილისი ერთ-ერთ სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლად მუშაობს. სოფელ ქსუისიდან დევნილმა ძირითადად ახალგაზრდების პრობლემებზე ისაუბრა, ახალგაზრდებზე, რომელთაც წეროვანში გართობის ერთადერთ საშუალებად, მისივე თქმით, საღამოობით სეირნობა დარჩენიათ.
"ამ თაკარა მზეში, სად გინდა წახვიდე, მდინარე მაინც იყოს ახლოს _ უდაბნოა... თუ ვინმეს გართობა მოუნდა, თბილისში მიდის ან - გორში... განათლებას რაც შეეხება, სწავლობს ის, ვისაც უნივერსიტეტში ფულის გადახდის საშუალება აქვს, სხვებს კი რაღა დარჩენიათ?! პერსპექტივა ნულია", _ დანანებით ნათქვამს მადონა იმასაც ამატებს, რომ სხვა დასახლებებში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებით კომპიუტერული ცენტრები მაინც ა
რსებობს, სადაც ახალგაზრდებს ინტერნეტით სარგებლობის საშუალება აქვთ, _ "აქ ამის მსგავსი არაფერია... ომიდან სამი წელი გავიდა და ვინმემ იცის, კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევს ასე ცხოვრება?!" _ კითხვა რიტორიკული გამოდგა. . .
თბილისში დაბრუნების დროც დადგა. მეგზური დედაქალაქში გვაბარებს: "უთხარი მაგათ, რომ აქ ყველაფერი კარგად არის და მოხედვა არ გვჭირდება, რა უნდა ჩვენთან გასაჭირს, ისხდნენ გრილად იმ კაბინეტებში, აქაური ხალხი კიდევ უარესს გაუძლებს", _ ირონიით მთქმელისთვის არც კი მიკითხავს, ვინ იყო დანაბარების ადრესატი, რადგან რამდენიმე წუთის წინ გაგონილი სიტყვები გამახსენდა: "ჩემზე უკეთ იცი... შარის თავის არავის აქვს". . .
მალხაზ ჭკადუა
ზურაბ თვაურის ფოტოები