"ეროვნული ფორუმი" ხელისუფლებისგან 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე სამხედროებისთვის ვეტერანის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. განცხადება ამის შესახებ "ეროვნული ფორუმის" წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ დღეს გააკეთა.
ჩიბურდანიძის თქმით, სამხედროებს ვეტერანის სტატუსის მინიჭება არსებული სამართლებრივი აქტების გათვალისწინებით ეკუთვნით. მისივე მტკიცებით, თავდაცვის სამინისტროსგან განსხვავებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საიდუმლოდ დაიწყო ვეტერანის სტატუსის მინიჭება სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის თანამშრომლებისათვის, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში იბრძოდნენ.
"ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია, რაც დადასტურდა, თუმცა ოფიციალურად ამას არ აღიარებენ. აქედან დასკვნა: ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც პირველი უნდა იცავდეს ჯარისკაცების უფლებებს, პირიქით არღვევს მათ უფლებებს და ომში მონაწილე პირებს არ აძლევს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსს. ასევე, ქვეყნის უმაღლესი სამართალდამცავი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც პირველი უნდა იცავდეს კანონს, არღვევს მას და ვეტერანის სტატუსს ანიჭებს მათ, რომელთაც კანონით არ ეკუთვნით. ", _ განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.
ჩიბურდანიძემ იქვე განმარტა, რომ "ეროვნულ ფორუმის" არაფერი აქვს საწინააღმდეგო იმ პირების მიმართ, რომლებსაც მისცეს ან ახლა აძლევენ ამ სტატუსს.
"მათ იბრძოლეს და ეს ნამდვილად ეკუთვნით, მაგრამ რა დააშავეს იმ ბიჭებმა, რომლებიც მათთან ერთად იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. ალბათ გახსოვთ, რომ ყველაზე დიდი მსხვერპლი სწორედ ქართულმა ჯარმა გაიღო", _ აღნიშნა ჩიბურდანიძემ.
"ეროვნული ფორუმის" წევრმა 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეებს მიმართა და მოუწოდა მათ, მოითხოვონ ვეტერანის სტატუსი.