20.08.2011

ბადრი ბიწაძეს 5 წლით და 6 თვით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს - ნინო ბურჯანაძე საქმის სტრასბურგში გასაჩივრებას და მისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას აპირებს

პოლიტიკური პარტიების ახალი "პოლიტიკური სეზონი" - ვინ რას გეგმავს შემოდგომაზე

ავთო მარგიანი - "ანქვაბმა ათასამდე ქართველი დახვრეტას გადაარჩინა"

                                                              * * *

ბადრი ბიწაძეს 5 წლით და 6 თვით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს - ნინო ბურჯანაძე საქმის სტრასბურგში გასაჩივრებას და მისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას აპირებს

"სასაზღვრო დეპარტამენტის ყოფილ უფროს ბადრი ბიწაძეს 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დალი მეტრეველმა ბადრი ბიწაძის განაჩენი გუშინ გამოაცხადა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკვალიფიცირებულ დანაშაულში - წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმების ორგანიზება. მოსამართლის თქმით, საქმეში არსებობს მტკიცებულებები: დისკი, სადაც ასახულია ავტომანქანის დაზიანება, ასევე პოლიციელებზე წინააღმდეგობის გაწევის ფაქტები, ბადრი ბიწაძის აქტივისტებთან შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა, გია უჩავას ჩვენება და სხვა მასალები, რომლებიც ბადრი ბიწაძის ბრალეულობას უტყუარად ადასტურებს", - წერს გაზეთი "24 საათი" სტატიაში სათაურით ბადრი ბიწაძე მსჯავრდებულია.

"ბრალდების მხარის მტკიცებით, ბადრი ბიწაძისთვის წაყენებული ბრალდება გამყარებულია "შეფიცულთა რაზმის" კოორდინატორ გია უჩავას და სხვა ათეულობით მოწმის ჩვენებით. გია უჩავას აღიარებითი ჩვენების მიხედვით, ბადრი ბიწაძე "შეფიცულების" მეშვეობით გეგმავდა პროვოკაციების მოწყობას პოლიციის შენობებთან, თბილისის საკრებულოსა და საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭრას, "მოლოტოვის კოქტეილებისა" და ხელკეტების გამოყენებას, რასაც, შესაძლოა, მსხვერპლიც მოჰყოლოდა. ეს კი საზოგადოების პასიურ ნაწილს საპროტესტო აქციებზე გამოიყვანდა - ხალხის დიდი რაოდენობა კი "სახალხო კრებას" ხელისუფლების შევცლის საშუალებას მისცემდა. ბადრი ბიწაძისთვის განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდნენ ნინო ბურჯანაძე, აგრეთვე კახა კუკავა, ეკა ბესელია, ირაკლი ბათიაშვილი, გოგა ხაინდრავა, სხვა ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები", - აღნიშნავს გამოცემა.

"31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუეამდგომლობის საფუძველზე ბადრი ბიწაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 100 000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა, ხოლო მას შემდეგ, რაც ბადრი ბიწაძემ თანხა არ გადაიხადა და სამართალდამცველებთან თანამშრომლობაზე უარი თქვა, სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების ფორმა შეუცვალა, პატიმრობა შეუფარდა და სასაზღვრო პოლიციის ყოფილ შეფზე ძებნა გამოაცხადა. მსჯავრდებულს, რომელსაც განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, პირველი ინსტანციის განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრება ერთი თვის ვადაში შეუძლია. ბადრი ბიიწაძის ადგილსამყოფელი უცნობია, თუმცა შს სამინისტროს მონაცემებით, უცხოეთში აფარებს თავს. ნინო ბურჯანაძე კი აცხადებს, რომ მისი მეუღლე აპირებს რომელიმე ქვეყანას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვოს", - დასძენს გამოცემა.

"სასამართლოს შესასვლელთან უამრავი ჟურნალისტი და ოპერატორია შეკრებილი, ისინი სასამართლო პროცესს ელიან. თუმცა სასამართლო პროცესს, სულ რამდენიმე ჟურნალისტი ვესწრებით - მედიის წარმომადგენლების დიდი ნაწილი საჭიროდ პროცესზე დასწრებასაც კი არ თვლის. პროცესს რამდენიმე პოლიტიკოსი და ადვოკატიც ესწრება... პროცერსი უჩვეულოდ წარიმართა - მანდატურებმა დარბაზში მყოფებს არც სიჩუმისკენ მოუწოდეს და არც მობილური ტელეფონების გამორთვა სთხოვეს. გამოცხადდნენ მხოლოდ მოსამართლე და ბრალდებულის ადვოკატი, პროკურორი პროცესზე არც კი მოსულა", წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით დაუსწრებელი განაჩენი ბადრი ბიწაძეს / ნინო ბურჯანაძე საქმის სტრასბურგში გასაჩივრებას და მისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას აპირებს.

"მოსამართლე დალი მეტრეველმა განაჩენი წაიკითხა, მისი თქმით, გია უჩავას ჩვენებისა და ბადრი ბიწაძის საქმეზე ამოღებული მასალების საფუძველზე ბრალდებულ ბიწაძეს დაუსწრებლად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 6 თვის ვადით. ბრალდებულს უფლება აქვს განაჩენი ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს. მოსამართლის თქმით, ბრალდებულის საქმის გასაჩივრება მისი დასწრების გარეშეც არის შესაძლებელი (თუ ბიწაძის მხარე ერთი თვის ვადაში ნოტარიულად დამოწმებულ წერილს წარადგენს, სადაც დადასტურდება, რომ ბიწაძე მისი საქმის გასაჩივრების მომხრეა, მაშინ მის ადვოკატს უფლება აქვს, განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს). სასამართლოს დასრულების შემდეგ რამდენიმე პირმა ტაში შემოჰკრა, თუმცა მათ ბურჯანაძემ თავის შეკავებისკენ მოუწოდა ექსცესების თავიდან აცილების მიზნით. იქვე დარბაზში ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ყველაფერს წარმოიდგენდა, ასეთი უსუსური პროცესისი გარდა", - აღნიშნავს გამოცემა.

"ბადრი ბიწაძის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განაცხადა, რომ "არანაირი საბუთი და რეალური მტკიცებულებები არ არსებობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა დანაშაული და ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას შესაბამის ვადებში გაასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში". კომენტარი ნინო ბურჯანაძემაც გააკეთა - მისი თქმით, ისინი ყველა პროცედურას გაივლიან, რათა სტრასბურგის სასამართლომდე მივიდნენ, თორემ ისე გასაჩივრების აზრს ვერ ხედავს, რადგან მიაჩნია, რომ საქართველოში სამართალს მაინც ვერ იპოვის. ბურჯანაძე თვლის, რომ ისევე, როგორც სხვა ათეულობით საქმე, რომელიც 26 მაისს უკავშირდება, ეს საქმეც სტრასბურგში წავა და ასპროცენტიანი გამარჯვებით დასრულდება", - წერს რეპორტაჟის ავტორი.

"ეს განაჩენი პოლიტიკური ნიშნით გამოიტანეს. სამწუხაროდ, სასამართლომ ვერც ამ შემთხვევაში გაუძლო პოლიტიკური ზეწოლის მასშტაბს. ეს ხელისუფლების პირდაპირი დავალება იყო, რაც იმას გულისხმობს, რომ დღეს ეს განაჩენი უნდა გამოცხადებულიყო. მე პირადად გავეცანი ბადრი ბიწაძის საქმეს, სამწუხაროდ, ბრალდების მხარემ ვერ შეძლო, რომ კვალიფიციური და დამაჯერებელი არგუმენტები მოემზადებინა ამ საქმისთვის. ამიტომ გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ სურვილისა და პოლიტიკური განზრახვის მიხედვით იქნა გამოტანილი. ჩვენ ამ საკითხს უფლებამცველების სპეციალურ კომისიაზე განვიხილავთ და პოლიტიკური პატიმრის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით ვუმსჯელებთ. ისე კი შემიძლია გითხრათ, რომ მოსამართლემ დღეს მორიგი პოლიტიკური განაჩენი გამოიტანა და ქართულმა სასამართლომ ვერც ამ შემთხევავში გაუძლო სამართლიანობის გამოცდას", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ორგანიზაცის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" თავმჯდომარე, ადვოკატი ეკა ბესელია.

პოლიტიკური პარტიების ახალი "პოლიტიკური სეზონი" - ვინ რას გეგმავს შემოდგომაზე

"პოლიტიკური პარტიები სექტემბრიდან განსაკუთრებულ აქტიურობას აპირებენ. "თავისუფალი დემოკრატებისთვის" უახლოესი გეგმები მოსახლეობასთან შეხვედრა და "ექვსიანში" შემავალ პარტიებთან კონსულტაციებია, "ლეობორისტები" რევოლუციისთვის ემზადებიან, "ქართული პარტია" სამოქალაქო პროტესტის სხვადასხვა ფორმით გამოხატვას, პოლიტიკურ საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართვასა და ევროპარლამენტთან ადამიანის უფლებების კუთხით თანამშრომლობას აპირებს. "ეროვნული ფორუმი" ძალიან აქტიური შემოდგომისთვის ემზადება, თუმცა კონკრეტულ გეგმებზე არ საუბრობს. "რესპუბლიკელი" დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ სამომავლო გეგმებზე საუბარი ჯერ ცოტა ნაადრევია და ამჯობინებს ახალ "პოლიტიკურ სეზონს" დაელოდოს. "მემარჯვენეები" საარჩევნო პროგრამის შექმნასა და საიუბილეო-საორგანიზაციო ყრილობის ჩატარებას გეგმავენ, "დემოკრატიული მოძრობა" კი მაისის აქციების დროს დაკაბვებულთა საქმეების სტრასბურგში გაგზავნას და "სახალხო კრებასთან" ერთად პროტესტის მშვიდობიანი ფორმების გამოყენებით აქტიურ მოქმედებას აპირებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პოლიტიკური პარტიების ახალი "პოლიტიკური სეზონი".

"ლეიბორისტების" უახლოეს გეგმებში ხელისუფლების შეცვლა შედის. პარტიის აღმასრულებელი მდივანი პაატა ჯიბლაძე ამბობს, რომ საამისოდ საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო კონტაქტების დამყარებას და მოსახლეობის მობილიზებას აპირებენ. "ვაპირებთ სააკაშვილი და მისი გუნდი პოლიტიკური ასპარეზიდან გავისტუმროთ. ჩვენს გეგმებში შედის აშშ-სა და დასავლეთ ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებში სააკაშვილის იმიჯის შერყევა, ეს პროცესი დაგვირგვინდება სრულიად საქართველოს მოსახლეობის მობილიზებით, ერთადერთი მოთხოვნით, გადადგეს პრეზიდენტი. გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საშუალებას მოგვცემს ზედმეტი სისხლისღვრის გარეშე დატოვოს მმართველმა გუნდმა საქართველო", - ამბობს ჯიბლაძე და დასძენს, რომ თუ გონს არ მოეგება სააკაშვილი და მისი გარემოცვა, ისეთი რევოლუცია მოხდება, რომ ისინი ძალიან ცუდად დაამთავრებენ, წინა რევოლუცია მონაგონი იქნება და ხალხი გაუსწორდება მათ", - აღნიშნავს გამოცემა.

"თავისუფალი დემოკრატებისთვის" პრიორიტეტი სექტემბრიდან ისევ მოსახლეობასთან შეხვედრა იქნება - "ეს პროცესი არ ჩერდება, ვთვლით, რომ ამომრჩევლებთან მუდმივად უნდა გვქონდეს ურთიერთობა, რათა კარგად ვიცოდეთ, რა პრობლემა აქვს მოსახლეობას კონკრეტულ სოფელსა თუ რაიონში, რომ შემდეგ უკვე მათ მოსაგვარებლად კონკრეტული გზები შევთავაზოთ, ეს პრობლემები პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაში აისახოს. "თავისუფალი დემოკრატები" ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელმაც წინასაარჩევნო რეჟიმში შევთავაზეთ კონრეტული გეგმები ჯანდაცვის, სოციალური თუ განათლების კუთხით არსებული პრობლემების გადასაჭრელად. ახლა რადგან ნაციონალური მასშტაბის არჩევნებისთვის ვემზადებით, გვინდა ყველა რეგიონს კონკრეტულად თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე კონკრეტული გეგმა შევთავაზოთ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ვაკო ავალიანი.

"არის კიდევ მეორე საკითხი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს არის "პოლიტიკური ექვსიანი". გრძელდება კონსულტაციები დანარჩენ 5 პარტიასთან. ამ ეტაპზე პოლიტიკური პლატფორმების დაახლოების ეტაპზე ვართ, შესამაბისად, უახლოეს დღეებში გაირკვევა, უკვე რა ფორმატში გაგრძელდება ურთიერთობა ამ 6 პარტიას შორის", - დასძენს ვაკო ავალიანი. "ქრისტიან-დემოკრატებისთვის" კი ამ ეტაპზე პრიორიტეტი თელავის მაჟორიტარული არჩევნებისთვის მზადებაა. "ზოგადად, რა თქმა უნდა, ვემზადებით მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. თუმცა ამ ეტაპზე პრიორიტეტულია თელავის მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა, მზადება საამისოდ სულ რამდენიმე დღეში დაიწყება. მთელი პარტია ჩართული ვართ ამ მიმართულებით,", - ამბობს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა ლალიაშვილი და აცხადებს, რომ მხოლოდ ამის შემდერ ისაუბრებენ სამომავლო კონკრეტულ გეგმებზე", - დასძენს გამოცემა.

"დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, რომ პოლიტიკურ პარტიებს მოგვეცემა საშუალება, საპარლამენტო არჩევნებისთვის მოვემზადოთ და ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია დავიწყოთ. "ახლებს" ეს პროცესი უკვე დაწყებული გვაქვს, ვმუშაობთ პარტიის პროგრამაზე, შავი სამუშაო შესრულებულიც გვაქვს და ამაში ერთ-ერთი არასამთავრობოს წარმომადგენლები გვიწევენ კონსულტაციას. სექტემბრიდან კიდევ სხვა მიმართულებიY გავაქტიურდებით - წლევანდელი წელი საიუბილეო წელია, გაზაფხულზე ჩავატარებთ ყრილობას და ამით ოფიციალურად დაიწყება პარტიის წინაასაარჩევნო კამპანია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "მემარჯვენე" მანანა ნაჭყებია.

"გეტყვით, რომ იქნება ძალიან აქტიური შემოდგომა, თუმცა კონკრეტულად ვერაფერს მოგახსენებთ დეტალებზე. ჯერ ერთი იმიტომ, რომ არ მინდა ამაზე წინასწარ საუბარი, თანაც დეტალები ბოლომდე შეთანხმებული არ არის. "ფორუმი" რას გააკეთებს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რაზე შეთანხმდება "ექვსიანის" პოლიტიკური გაერთანება", - განმარტავს "ფორუმის" პარტიული საქმიანობის დაგეგმვის ბიუროს ხელმძღვანელი ანი მიროტაძე. გაცილებით უფრო რადიკალურ ნაბიჯებს გეგმავს "ქართული პარტია" - "სოზარ სუბარს უკვე ჰქონდა შეხვედრები ევროპარლამენტში. კიდევ უფრო გავააქტიურებთ რეგიონებში გასვლებს. მოვმართავთ ყველა ფორმას იქნება ეს ფართომასშტაბიანი თუ მცირე აქციები", - ამბობს "ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი სოფო ხორგუანი და დასძენს, რომ "ქართულ პარტიას" შეემატა სამი ახალი სახე - ირაკლი კორძაია, ლუკა წულაძე და დათო ჩართოლანი და სამოქალაქო პროტესტის დროს სწორედ ახალგაზრდული ფრთა გააქტიურდება", - წერს სტატიის ავტორი.

ავთო მარგიანი - "ანქვაბმა ათასამდე ქართველი დახვრეტას გადაარჩინა"

"ომის დასრულების შემდეგ აფხაზებთან ხშირად მიწევდა მოლაპარაკებები. ჩვენ ბევრი საკითხი გვქონდა მოსაგვარებელი. შამბას, ხაჯიმბასა და ანქვაბს კარგად ვიცნობ. ამათგან ყველაზე უკეთ ალექსანდრე ანქვაბს ვიცნობ. ის ომამდე გავიცანი. ის წლების განმავლობაში თბილისში მუშაობდა, მაღალი თანამდებობა ეკავა საქართველოს შს სამინისტროში. რამდენიმე წლის შემდეგ ის აფხაზეთში გადაიყვანეს სამუშაოდ. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაშიც მაღალი თანამდებობა ეკავა ანქვაბს. რა თქმა მასთან კონტაქტი გვქონდა - მას თბილისი და აქ შეძენილი მეგობრები არასდროს დავიწყებია", - აცხადებს ყოფილი ვიცე-პრემიერი ავთო მარგიანი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ავთო მარგიანი: ანქვაბმა ათასამდე ქართველი დახვრეტას გადაარჩინა.

"ვინც მას იცნობა, ყველა გეტყვით, რომ ის ღირსეული ადამიანია. თავისი ბუნება მან ომის დროსაც გამოამჟღავნა. მას ომის დროს შს მინისტრის პოსტი ეკავა აფხაზეთში. შეეძლო, ცუდად მოქცეულიყო, მაგრამ პირიქით მოხდა, ძალიან კარგად მოიქცა. მან ძალიან ბევრი ადამიანი გადაარჩინა - საუბარი მაქვს ქართველებზე. პირადად ვიცნობ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ანქვაბმა გადაარჩინა დახვრეტას. ეს ადამიანების გაგრასა და გუდაუთაში ცხოვრობდნენ. ჩემს ხელთ არსებული დაზუსტებული ინფორმაციით, მან ათასამდე ქართველი გადაარჩინა დახვრეტას - მეომრებიც და მშვიდობიანი მოქალაქეებიც. ის ასევე აქტიურად მონაწილეობდა ტყვეთა გაცვლაში. ბევრი ქართველი ტყვე გათავისუფლდა მისი წყალობით. ამის გარდა, ის აქტიურად მონაწილეობდა მიცვალებულების მოძიებაში. მოკლედ, ღირსეული ადმიანია, ამიტომაც სხცემს მას ყველა პატივს", აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ავთო მარგიანი.

"ის განათლებული და გონიერი ადამიანია. აფხაზებს ახლა ყველაზე მეტად მაგნაირი ადამიანი აწყობთ პრეზიდენტად. მას ნამდვილად შეუძლია პროგრესული გადაწყვეტილებების მიღება. ახლა არჩევანი აფხაზებზეა. მჯერა რომ ღირსეული ადამიანის დაფასება მათაც შეუძლიათ. შამბაც განათლებული ადამიანია, მაგრამ განათლება ერთია და ქვეყნის მართვის ცოდნა - მეორე. ეს ცოდნა ანქვაბს აქვს. ის იმასაც აცნობიერებს, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია... რაც შეეხება კიტოვანის განცხადება, ანქვაბს აფხაზებისთვის არასდროს უღალატია. მას ამის უფლებას ღირსება არ მისცემდა. ისე, ანქვაბი ქართველებთან ომის წინააღმდეგი იყო. ბევრი ქართველი სიკვდილისგან იხსნა, მაგრამ თავისი ხალხისთვის არასოდეს უღალატია. სამივე კანდიდატს თანაბარი შანსები აქვს .ვიცი, რომ ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ. დრეს ჩვენ აფხაზები მტრად მიგვაჩნია, ისინის ასე ფიქრობენ ქართველებზე. ორივეს დაგვავიწყდა, რომ ერთი ჯიში ვართ", - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

"აფხაზები ავიდნენ კოდორში, სვანებს სთხოვეს, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ აქ ჯარი არ შემოვიდესო. აფხაზები მზად იყვნენ, რკინიგზის დასაცავად სვანებთან ერთად რაზმები შეექმნათ. ეს სვანები ჩამივიდნენ ჩემთან და მთხოვეს, ხელისუფლებასთან გვიშუამდგომლეო, მეც მივიყვანე საჭირო ხალხთან, ყველაფერი თქვეს, თავიდან თითქოს მიიღეს აფხაზების წინადადება, საბოლოოდ კი ომი მაინც დაიწყო - იმ დროს ედუარდის ჩამოსაგდებად მუშაობა დაწყეებული იყო., ომიც ამიტომ გაჩაღდა. ომზე დიდი საშინელება არაფერი არ არის. ჩვენ მაშინ ბევრი შეცდომა დავუშვით. შეცდომა დავუშვით მაშინაც, როცა უარი ვთქვით აფხაზებთან ერთად ფედერალური სახელმწიფოს შექმნაზე - ომი დამთავრებული იყო და ამ საკითხთან დაკავშირებით სოჭში ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები ვაწარმოეთ ბაღაფშთან და ჩიბიროვთან. ორჯერ შევხვდით ერთმანეთს. ბაღაფში ძალიან კარგი კაცი იყო. მას ახლოს ვიცნობდი. ის ჩვენი ნათესავი იყო - დედა ქართველი ჰყავდა, ზუგდიდიდან. ამ მოლაპარაკებებში ჩავრთეთ ჩრდილოეთ ოსეთიც, საქართველოსთან ფედერაციული მოწყობის იდეა ძალიან მოიწონეს ჩიბიროვმა და ბაღაფშმა", - დასძენს ავთო მარგიანი და შეკითხვას - "მერე რატომ აღარ გაგრძელდა მუშაობა ამ მიმართულებით?" - პასუხობს:

"ვის უნდა გაეგრძელებინა? ხელისუფლებაში მოვიდა მოქკავშირი, რომლებიც ჩუმ-ჩუმად ცუდ საქმეებს აკეთებდნენ. მათ ჩაშალეს ეს ამბავი. მერე ეგენი და მასონები ერთად შეუჩნდნენ ედუარდს და ამ იდეაზე ააღებინეს ხელი. ეს გათახსირებულები რომ არ ჩარეულიყვნენ, ახლა ყველაფერი კარგად იქნებოდა და არც ის საშინელი ომი მოხდებოდა ცხინვალში".

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის