სკულპტურა "ალი და ნინოს" ავტორი თამარ კვესიტაძე კატეგორიულად უარყოფს პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას მისი სკულპტურისა და კორეელი ხელოვანის, პარკ ჩენ გელის ნამუშევრის "დავითის" მსგავსების შესახებ .
როგორც კვესიტაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "ალი და ნინოს" ქანდაკება 2003 წელს გააკეთა, იდეაზე მუშაობა კი გაცილებით ადრე, 1999 წელს დაიწყო; კორეელ სკულპტორს კი, ნამუშევარი 2007 წელს აქვს შექმნილი.
"სკულპტურა 2003 წელს მაქვს გაკეთებული, პარკ ჩენ გელის ნამუშევარი ფირფიტებად არის დაჭრილი, მე "ალი და ნინოს" პატენტიც მაქვს, რადგან არავის მოეპარა. "დავითის" ფირფიტებად დაჭრა კი, "ალი და ნინოს" მსგავსებაზე არ მეტყველებს. აქ არის მოძრაობებზეც საუბარი, რაც კორეელს არ აქვს. ამაზე პატენტიც მაქვს გაკეთებული", - განაცხადა კვესიტაძემ.
მისივე განმარტებით, იდეის განხორციელება 2003 წლის შემდგომ მოკლე ვადაში, დაზგის და შესაბამისი აპარატურის
უქონლობის გამო ვერ მოახერხა.
სკულპტორ თამარ კვესიტაძის ნამუშევრებთან დაკავშირებით ბოლო დღეებში მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადება "საქპატენტმაც" გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თამარ კვესიტაძე მიეკუთვნება იმ მცირერიცხოვან ხელოვანთა რიგს, რომლებსაც თავისი ნამუშევრები დაცული აქვთ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ "საქპატენტში", კერძოდ, მისი ნამუშევარი "ალი და ნინო" რეგისტრირებულია "საქპატენტში" 2010 წელს, როგორც დიზაინი (http://sakpatenti.org.ge/index.php?sec_id=46〈_id=GEO&cat;=4&patent;_id=47915).
განცხადებაში ნათქვამია, რომ "საქპატენტი" მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცემს მოწმობას დიზაინის რეგისტრაციაზე, თუ რეგისტრირებული მსგავსი ან იდენტური დიზაინი ძიების შედგად არ აღმოჩნდება.
განცხადებაში, ასევე, აღინიშნულია, რომ კორეელი ხელოვანის, პარკჩენგელის (რომლის ნამუშევრებსაც უპირისპირებენ თამარ კვესიტაძის "ალის და ნინოს") არც ერთი ნამუშევარი არ არის დაცული არც ერთ საერთაშორისო ბაზაში. მეტიც, როგორც "საქპატენტში" აცხადებენ, პარკჩენგელის სამშობლოში, კორეის შესაბამის საპატენტო უწყებაშიც კი, როგორც რომელიმე დიზაინის ავტორად, მისი სახელი არ მოიხსენიება.
მასალა კვესიტაძისა და პარკ ჩენ გელის ნამუშევრების მსგავსების შესახებ გაზეთ "კვირის ქრონიკაში" დაიბეჭდა.