დაუქორწინებელი მშობლების შვილისთვის მამობის დადგენისას, ბიოლოგიური და ანთროპოლოგიური ხასიათის გამოკვლევების ჩატარება სავალდებულო გახდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილები "სამოქალაქო კოდექსში" იგეგმება .
კანონპროექტით და მოქმედი ნორმითაც, მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის შემთხვევაში, მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადებით, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი. ბავშვის სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ კი ბავშვის მამობის დადგენის თაობაზე განცხადების წარდგენის უფლებამოსილება, მხოლოდ მას ექნება.
ასევე, კანონის მოქმედი რედაქციით, მამობის დადგენისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე, ან ბავშვის ერთად აღზრდას ან რჩენას, ანდა დამამტკიცებელ საბუთს, რომელიც სავსებით ადასტურებს მოპასუხის მიერ მამობის აღიარებას.
კანონპროექტით კი დგინდება, რომ მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური ხასიათის გამოკვლევების შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს შეეხება.
ხოლო, თუ ე.წ. დნმ-ის ანალიზით მამობის დადგენა ვერ ხერხდება, სასამართლო მხედველობაში მიიღებს ბავშვის დედისა და მამობის დადგენის თაობაზე განმცხადებელი პირის ერთად ცხოვრებისა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან\და მათ მიერ ბავშვის ერთად აღზრდის და რჩენის ფაქტებს და ა.შ.
კანონპროექტის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაცია "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელია", ინიციატორი კი - დეპუტატი რუსუდან კერვალიშვილი.
კანონპროექტი პარლამენტში უკვე შევიდა.
ამასთან, დღეს "ქორთიარდ მარიოტში" ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლების კონფერენცია გაიმართა, სადაც ამ საკითხებზე იმსჯელეს.
კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ ახალი კანონი ბავშვთა უფლებების დაცვასა და მშობლების პასუხისმგებლობის თანაბარ გადანაწილებას შეუწყობს ხელს. ანალიზის ჩატარება 2 000 ლარამდე ჯდება, რომელსაც სასამართლო დავის შედეგად წაგებული მხარე დაფარავს.
ამასთან, კონფერენციაზე ცნობილი გახდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2000-2009 წლებში, საშუალოდ, ყოველწლიურად 2100-დან 3900-მდე ჩვილი გაჰყავდათ სამშობიაროდან მხოლოდ დედის განცხადების საფუძველზე. კონფერენციაზე სწორედ იმაზე მსჯელობენ, რა მოვალეობები აკისრია არარეგისტრირებული ქორწინებიდან დაბადებულ ბავშვის მამას და თანაბრად ნაწილდება თუ არა პასუხისმგებლობა.
პროექტის მიზნებად სახელდება სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდა ქალთა უფლებებისა და დემოკრატიული უფლებების განვითარებაში, ასევე კანონის უზენაესობის ხელშეწყობა, იმ კრიმანულირ შემთხვევების შესწავლა, როდესაც ქალებმა დახოცეს პარტნიორული ურთიერთობის შედეგად დაბადებული საკუთარი შვილები, საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შემუშავება, რომელიც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მშობლებს დააკისრებს თანაბარ ვალდებულებს ახალშობილის წინაშე.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"