საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალებს 19 წელი შეუსრულდა. საზეიმო ღონისძიებები ტრადიციულად ალექსეევკის შვეულმფრენთა საავიაციო ბაზაზე იმართება .
მფრინავებს პროფესიულ დღეს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ულოცავს. კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში, მისი ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისთვის რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე ფულადი ჯილდოთი დაჯილდოვდება.
სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სამმართველო 1992 წლის 1-ელ იანვარს შეიქმნა. 1993 წლის 10 აგვისტოს იგი მთავარ სამმართველოდ გარდაიქმნა. სამხედრო-საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის ჯარები 1998 წლის 18 აგვისტოს გაერთიანდა და მას სამხედრო-საჰაერო ძალები ეწოდა. 2010 წელს კი, პარლამენტის გადაწყვეტილებით, სამხედრო-საჰაერო ძალები სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფი გახდა.
პირველი საბრძოლო გაფრენა იური ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიამ 1992 წლის 19 სექტემბერს განახორციელეს, რაც ქართული სამხედრო ავიაციის პროფესიულ დღედ დადგინდა.