მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში იუსტიციის სახლი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ქუთაისში იუსტიციის სახლი გახსნა. პრეზიდენტმა ID ბარათებით ის სტუდენტები დააჯილდოვა, რომლებიც იმერეთის რეგიონიდან არიან და წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი ქულები დააგროვეს. სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ სააკაშვილმა დაათვალიერა იუსტიციის სახლი, მათ შორის ქორწინების სახლი, რომელიც იუსტიციის სახლშია გაერთიანებული. დღეს პრეზიდენტი დაესწრო პირველ ქორწინებას, რომელიც იუსტიციის სახლში დარეგისტრირდა. სააკაშვილი გაესაუბრა იუსტიციის სახლის თანამშრომლებსაც, სადაც 300-მდე ადამიანია დასაქმებული.

"ჩემი დაპირებაა, რომ ქუთაისი გახდეს არა მხოლოდ საპარლამენტო დედაქალაქი, არამედ მეორე დედაქალაქი. ეს ნიშნავს იმას, რომ აქ ბევრი ფუნქცია გადმოვიდეს. ჩვენი ამოცანაა, როცა პარლამენტი გადმოვა, კონტროლის პალატაც მთელი შემადგენლობით გადმოვიდეს ქუთაისში. ახლა ნაწილობრივ არის გადმოსული. თქვენ ხედავთ საქართველოს მთავრობის ახალ სახლს, რომელსაც 23 ნოემბერს ჩავიბარებ და ამას წყალი არ გაუვა. პარლამენტთან ახლოს უნდა იყოს მთავრობა. პარლამენტის პირველი სხდომა ქუთაისში 2012 წლის 26 მაისს გაიმართება. ბევრი სხვა რაღაცაც კეთდება ქუთაისში. იუსტიციის სახლების სისტემა, რომელიც ჩვენ შევქმენით, მსოფლიოში საუკეთესოა",-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აგრეთვე - საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ქუთაისის მცხოვრებლები.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის იუსტიციის სახლის შენობა, რუსთავის იუსტიციის სახლის მსგავსად, მთლიანად ქართული პროდუქტია. მის არქიტექტურასა და დიზაინზე კომპანია "მაგისტილმა" იმუშავა, ინტერიერის დიზაინი კი, ბათუმის, რუსთავისა და მესტიის იუსტიციის სახლების მსგავსად, ამერიკულ კომპანია "სენტეოს" ეკუთვნის.

ქუთაისის იუსტიციის სახლშიც, ერთ სივრცეში მომხმარებელს საშუალება ექნება, მიიღოს იუსტიციის სამინისტროს უწყებების 250-ზე მეტი სერვისი, აქვე შესაძლებელი იქნება ენერგეტიკის სამინისტროს სალიცენზიო მომსახურებით სარგებლობაც. ქუთაისის იუსტიციის სახლი პირველი იუსტიციის სახლია საქართველოში, სადაც ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფო უწყების მომსახურება ერთიანდება.

იუსტიციის სახლის გახსნა ქუთაისში ჯგუფ "მგზავრების" კონცერტით აღინიშნა, დასასრულს კი ულამაზესი ფეიერვერკი მოეწყო.

ახალი ქართული ბრენდი - იუსტიციის სახლი არის იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულება, სადაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნოტარიუსთა პალატის სერვისები არა მექანიკურად, არამედ - იდეურად და სისტემურად არის გაერთიანული. მყუდრო, სასიამოვნო და კომფორტული გარემო, მაღალკვალიფიციური, კომპეტენტური და კეთილგანწყობილი თანამშრომლები მომხმარებელთა თავაზიან, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია