საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს მოქალაქეობის მიღებისა და დაკარგვის შესახებ კანონის განმარტებას აკეთებს.
საიას განმარტებით, საქართველოს მოქალაქეობის მიღებისა და დაკარგვის წესი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონით, საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის #34 ბრძანებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
საქართველოს მოქალაქეობა პირმა შეიძლება მოიპოვოს დაბადებით, საქართველოს მოქალაქეობის მიღებით (ნატურალიზაციით), საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.
დაბადებით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების კონკრეტული პირობები დადგენილია ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონით და ეს გზა ძირითადად დამოკიდებულია იმ გარემოებაზე არიან თუ არა ბავშვის მშობლები საქართველოს მოქალაქეები. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის დაბადების ადგილი არის თუ არა საქართველო.
სრულწლოვანი, დაბადებით საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი საქართველოს მოქალაქეობას ნატურალიზაციის გზით მიიღებს თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) მუდმივად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში;
ბ) დადგენილ ფარგლებში იცის სახელმწიფო ენა;
გ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები;
დ) საქართველოში აქვს სამუშაო ადგილი ან უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ანდა საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს (ორგანული კანონი ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" 26 მუხლი).
საქართველოს მოქალაქეობას არ მიიღებს პირი, რომელმაც:
ა) ჩაიდინა საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და ადამიანობის წინააღმდეგ;
ბ) მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო დანაშაულში.
გ) სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი საქართველოს მოქალაქედ მიღება მიზანშეუწონელია (ორგანული კანონი ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" 261 მუხლი).
საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, თუ:
ა) საქართველოსა და კაცობრიობის წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება თავისი სამეცნიერო, საზოგადოებრივი საქმიანობით, ან აქვს პროფესია და კვალიფიკაცია, რომელითაც დაინტერესებულია საქართველო;
ბ) მისი მიღება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან (ორგანული კანონი ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" 27-ე მუხლი).
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ამ წესით საქართველოს მოქალაქედ მისაღები პირი შესაძლებელია არ აკმაყოფილებდეს ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორაგული კანონის 26-ე მუხლის ზემომითითებულ პირობებს.
,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის 32-ე მუხლის თანახმად, ,,პირი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ:
ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების უნებართვოდ შევა უცხო სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში, პოლიციაში, იუსტიციის ორგანოებში და მმართველობის სხვა ორგანოებში ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში;
ბ) მუდმივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში და არასაპატიო მიზეზით არ დადგა საკონსულო აღრიცხვაზე 2 წლის განმავლობაში;
გ) საქართველოს მოქალაქეობას შეიძენს ყალბი დოკუმენტების წარდგენის გზით;
დ) მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას.
საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესახებ განცხადებები დაინტერესებულ პირებს შეაქვთ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში. საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები პირები განცხადებებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით უგზავნიან სააგენტოს ან პირდაპირ უგზავნიან საქართველოს პრეზიდენტს.
მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი წარდგინება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე სააგენტოში შეაქვთ სასამართლოს, პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ხოლო სხვა სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ – შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას (მხ.35).
საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებასა და წარდგინებას განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო. თუ სააგენტოსთვის ზემოაღნიშნული წარდგინების გარეშე გახდება ცნობილი პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლების არსებობა, იგი განიხილავს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხს და მასალებს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.
კანონით დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღებისა და დაკარგვის თაობაზე საკითხის განხილვისა და დასკვნის მომზადების უფლება აქვს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს. თუმცა ეს მოქალაქეობის მისაღებად და დასაკარგად საკმარისი პროცედურა არ არის. დასკვნა ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს და მხოლოდ მას აქვს ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების ექსკლუზიური უფლება. შესაბამისად, სანამ პრეზიდენტი არ გამოსცემს სათანადო ბრძანებულებას (ან განკარგულებას), მანამ სამართლებრივად პირი ვერ მიიღებს და ვერ დაკარგავს მოქალაქეობას, თუნდაც რომ არსებობდეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამისი დასკვნა.
საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.