კომპანია "დიუთი ფრი ალიანსმა" თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზ. #74/ბ-ში დიპლომატებისა და მათთან გათანაბრებული პირებისთვის თავისუფალი ვაჭრობის ობიექტი "დიპლომატი" გახსნა.
ობიექტის გახსნის საზეიმო ცერემონია დღეს გაიმართა და მას დიპლომატები და დეპუტატები ესწრებოდნენ.
თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი 150 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და მასში რამდენიმე ათეული დასახელების როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი წარმოების პროდუქტია წარმოდგენილი. კერძოდ, ადგილობრივი ნაწარმიდან მაღაზიაში ძირითადად მინერალური და ალკოჰოლური სასმელები გაიყიდება.
თავისუფალი ვაჭრობის ობიექტის გახსნის უმთავრეს მიზნად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისთვის საჭირო პროდუქციის შეძენისას მეტი კომფორტის შექმნა სახელდება.
"გვსურდა, თბილისი შეერთებოდა იმ ქალაქების რიცხვს, სადაც წარმატებულად ფუნქციონირებს "Down Town Duty Free" და "City Duty Free". გვსურდა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მათთან გათანაბრებული პირებისთვის პირადი მოხმარების საგნების შეძენის პირობები გაგვეუმჯობესებინა. აქ მათ შეეძლებათ, პირადი სარგებლობისთვის განკუთვნილი პროდუქცია შეიძინონ, რომელიც საერთაშორისო შეთანხმებების მიხედვით ყველანაირი ვალდებულებისგანაა გათავისუფლებული. თავისუფალი ვაჭრობის ამ ობიექტით ასევე ის პირები ისარგებლებენ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიას ტოვებენ და შეძენილი პროდუქციის მიწოდება უშუალოდ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მოხდება", - განაცხადა "დიუთი ფრი ალიანსის" ხელმძღვანელმა ჯამალ ჰერმასმა.
"დიუთი ფრი ალიანსში" ასევე აღნიშნავენ, რომ იგეგმება საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების გაფართოება და ინვესტიციები უკვე მიმართულია წითელი ხიდის, სადახლოსა და სარფის პორტალებზე არსებულ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებში.
კომპანია "დიუთი ფრი ალიანსი" საქართველოში 2008 წლიდან მოღვაწეობს. იგი გერმანული ჰოლდინგის "Duty Free International"-ის წევრია და მომხმარებელს საქართველოს 4 საზღვარზე ემსახურება.