დებედას ხეობის საქართველო

სომხეთში, დებედას ხეობაში ისტორიულად ქართული ძეგლების მოსანახულებლად ჟურნალისტთა და ექსპერტთა ჯგუფი ვიმყოფებოდით. დღე წვიმიანი და ცივი იყო, ისტორიულად ქართული ტაძრების ნახვის ინტერესი კი - ძალიან დიდი.

საზღვარი თითქმის უპრობლემოდ გადავკვეთეთ. თუ არ ჩავთვლით მცირე ინციდენტს - ჟურნალისტურმა სურვილმა მძლია და პატარა ფლიპ-კამერით საზღვარზე ჩვენი ჯგუფის მიერ რეგისტრაციის გავლის პროცესი გადავიღე. ამის გამო ერთ-ერთმა მესაზღვრემ მომენტალურად "დამაპატიმრა" და ოფისში რამდენიმე წუთით შემიყვანა. კამერაში გადაღებული კადრები წამაშლევინეს. შემდეგ შენობაც დავტოვე. გარეთ ჯგუფის წევრები მელოდებოდნენ, ასევე, - "ინტრიგანი ჟურნალისტის" სახელი, ასე სომხეთში ვიზიტის კოორდინატორმა, მურმან პატარაიამ მიწოდა.InterPressNews.Ge

საქართველოს საზღვრიდან სომხეთის საზღვრამდე მდინარე დებედაზე ხიდი ფეხით გადავიარეთ. საზღვართან მიკროავტობუსი უკვე გველოდა და დებედას ხეობაში ჩვენი მოგზაურობაც დაიწყო.

ჯერ ახტალის მონასტრისკენ ავიღეთ გეზი, რომელიც საზღვრიდან დაახლოებით 36 კმ-შია. მიკროავტობუსიდან სივრცე ჯერ ფართო და გაშლილი მოჩანს, შემდეგ თანდათან ვიწროვდება და გარშემო მთების სიმაღლე მატულობს, ისეა, როგორც იმერეთში. მხოლოდ მთები ნაკლებად ფოთლოვანი მცენარეებით არის შემოსილი და უფრო კლდოვანია. მიკვირს, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, თითქოს არც გავსულვარ საქართველოდან.

მიკროავტობუსში ჩემს მახლობლად ისტორიკოსი ჯაბა სამუშია ზის. მას თან აქვს ჟურნალ "ისტორიანის" ერთ-ერთი ნომერი, სადაც სომხეთში ისტორიულად ქართული ტაძრების შესახებ მასალაა დაბეჭდილი. ამ წერილს ვკითხოლობ, პერიოდულად ჯაბა მხარის შესახებ ისტორიულ ამბებსაც მიყვება. კერძოდ, თუ როგორ იდგა 1920-იან წლებში ამ ადგილებში საქართველოს მთლიანობის დასაცავად გენერალ კვინიკაძის ჯარი. ეს ტერიტორია საქართველომ 1921 წლიდან დაკარგა.

ქალაქ ალავერდისკენ მიმავალი გზიდან მარჯვნივ ვუხვევთ და ახტალის მონასტრისკენ მივდივართ. მონასტერი შემაღლებულ ადგილზე დგას და შორიდანვე ჩანს. მისი გრანდიოზულობით გაოცებული ვრჩებით. მონასტერი ვეებერთელა ციხის გალავანშია მოქცეული, რომელიც InterPressNews.Geალაგ-ალაგ ჩამოშლილია და მასზე მცენარეებია ამოსული. სახელდახელოდ გადახურული ახტალის ტაძარი კი, დღეს გუმბათის გარეშეა დარჩენილი. ეკლესიის კედლები დროისა და ჟამისგან ნაცრისფერი გამხდარა, სახურავი - ხავსმოდებული. ეკლესიას თამარის ეპოქის ძველი დიდებულება მაინც ეტყობა. იგი ქვათახევის, სამთავისისა და ბეთანიის მსგავსია, ამაზე ტაძრის დეკორი და ორნამენტები მეტყველებს. მონასტრის დიდ ეზოში ერთი პატარა ტაძარიც დგას, გარშემო კი არაჩვეულებრივი ხედი იშლება, მთის ფერდობებს შემოდგომის ფერები შეპარვია. ჩვენი მისვლის დროს ტაძრის ეზოში ერთ-ერთი როკ-ჯგუფის კლიპის გადაღება მიმდინარეობდა.

პირველი შთაბეჭდილებების მიღების შემდეგ ტაძარში კრძალვით შევდივარ.InterPressNews.Ge ეკლესია ჯვარგუმბათოვანია და შიგნით საკმაოდ დიდი სივრცეა. გუმბათის ყელთან რამდენიმე მცენარეც ამოსულია. კედლებზე შემორჩენილია ქართული ფრესკები, რომელიც თავისი ფერებითა და გამოსახულებების ხატოვანებით გხიბლავს.

მონასტრის აშენების ისტორიის მოსასმენად ჟურნალისტები ტაძარში ხელოვნებათმცოდნის გიორგი გაგოშიძისა და ეკლესიების ისტორიის მკვლევარის, ელდარ ბუბულაშვილის გარშემო ვიკრიბებით.

მათი ნაამბობის მიხედვით, ახტალის მონასტერი მე-13 საუკუნეში იოანე მხარგრძელს დაუარსებია. იგი ტაძრის სამხრეთით, საძვალეშია დაკრძალული. საფლავის ქვა კი შემორჩენილი არ არის. ისტორიულად ახტალის მონასტერი საეპისკოპოსო ტაძარი იყო და ბოლო დროს საქართველოს საეგზარხოსოს შემადგენლობაში შედიოდა.

"მონასტრის ისტორია უწყვეტი ხაზით შემონახული არ გვაქვს, მაგრამ საინტერესოა აქ არსებული ქარული წარწერებით და ფრესკებით. კერძოდ, ღვთისმშობლის, წმ. ნინოს, მთაწმინდელების, წმ. ასურელი მამების ფრესკებით. ფრესკული ხელოვნება კი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის არის დამახასიათებელი", - ჰყვება ელდერ ბუბულაშვილი.

InterPressNews.Geმონასტრის გარშემო სპილენძისა და ვერცხლის მადნებიც ყოფილა, რომელთა დასამუშავებლად მე-18 საუკუნეში ერეკლე მეორეს თურქეთიდან მართლმადიდებელი ბერძნებიც ჩამოუსახლებია. მათ თან ახლდათ სასულიერო პირი იოაკიმე ბერძენი, რომელიც შემდეგ ეპისკოპოსად აკურთხეს და იქაურ მრევლს მე-19 საუკუნის 30 წლებამდე მწყემსავდა. ქართულად წირვა-ლოცვა კი ეკლესიაში საბოლოოდ 1921 წლის შემდეგ შეწყვეტილა, როდესაც დებედას ხეობა სომხეთს გადაეცა.

სომხეთის სამოციქულო ეკლესია დღეს მიიჩნევს, რომ ეს ტაძარი ქალკედონისტი სომხების აშენებულია და იქ ქართული არაფერია. ახტალის ეკლესიაში უკვე ორი წელია, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მღვდელი ვაზგენ კირაკოსიანი მსახურობს. ამიტომაც, ტაძრის შუა სივრცეში მლოცველებისთვის მერხები დაგვხვდა. საკურთხევლის შუა ადგილზე, ტრაპეზზე, კი წითელი სუფრა იყო გადაფარებული და ზედ რამდენიმე შანდალიც იდო. ეკლესიის ერთ კუთხეში მლოცველების დანთებული სანთლებიც ენთო. InterPressNews.Ge

საკურთხეველთან ახლოს ლამაზი ქართული წარწერებით შემკობილი ქართველ თავადთა საფლავის ქვებიც ვნახეთ - სხვადასხვა პერიოდში იქ მელიქიშვილები და ღოღობერიძე ყოფილან დასაფლავებული. ერთ-ერთი მათგანის გარდაცვალების თარიღად 1905 წელი ეწერა.

ორი ეკლესიისთვის სადავო ტაძრის წარმომავლობის შესახებ კითხვის დასასმელად რამდენიმე ჟურნალისტი სომეხ მღვდლთანაც მივდივართ. მღვდელ ვაზგენ კირაკოსიანის განცხადებით, ტაძარში არსებული ფრესკები ბიზანტიურია, ხოლო საფლავის ქვებზე გაკეთებული ქართული წარწერები არაფერს ნიშნავს - იქ სომეხი თავადები - მელიქოვები განისვენებენ.

"საქართველოს სახელმწიფომ გაუკეთა ორგანიზება მათი აქ, ეკლესიაში დასაფლავებას, რომელსაც ისინი მფარველობდნენ. თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ქართულად. იქ არიან ლორის მელიქოვები და ბარათოვები. ყველანი სომხები არიან. არც ერთი მათგანი ქართველი არ არის. ყველა აქ დასაფლავებული ცხოვრობდა და მსახურობდა საქართველოს სახელმწიფოში. იქ არის დაკრძალული ღოღობერიძეც, რომელიც მელიქიშვილის ქალიშვილია", - აცხადებს ტაძრის მსახური და მონასტრის შექმნის შესახებაც განსხვავებულ ისტორიას ყვება.

მღვდლის, ვაზგენ კირაკოსიანის თქმით, მონასტრის ადგილზე მე-11 საუკუნეში ჯერ ციხე აშოთ მოწყალის შვილს გურგენს აუშენებია, მე-12 საუკუნეში მის შვილიშვილს, მარიამს კი - ყოვლადწმინდა ღვისმშობლის სახელობის მონასტერი.

ახტალის მონასტერს ვტოვებთ და ქალაქ ალავერდის მახლობლად, სასტუმროსკენ "ევენ ძორაკეტი" მივეშურებით, სადაც ლანჩი გველოდება. შემდეგ კიდევ ერთი ტაძრის ნახვა უნდა მოვასწროთ. გზაზე ისტორიკოს ჯაბა სამუშიასთან ისტორიულ ფაქტებს ისევ ვაზუსტებ. ტაძარში InterPressNews.Geდამარხული მელიქიშვილების შესახებ ვეკითხები. მისი თქმით, მელიქიშვილები დებედას ხეობის თავადები იყვნენ და ტაძარი მათ ეკუთვნოდათ.

სასტუმროში ქალაქ ალავერდის ვიცე-მერი არტურ ხარატიანი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც დაგვხვდნენ. არტურ ხარატიანს სადავო ტაძრების შესახებ ვეკითხები. ვიცე-მერმა აღნიშნა, რომ ტაძრების ისტორიული კუთვნილების განსაზღვრა ისტორიკოსების საქმეა და ეს საკითხი, ასევე, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის გადასაწყვეტია.

"რადგანაც ყველა აქაური ტაძარი ეჩმიაძინის ეკლესიას ეკუთვნის, ამ საკითხებში ისინი ერკვევიან. ალავერდის მერი, ასე რომ ვთქვათ, აღნიშნულ საკითხებში უფლებამოსილი არ არის", - განაცხადა არტურ ხარატიანმა.

ჩვენ დელგაციაში საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობის, "დავითიანის" ხელმძღვანელი კოტე სვანაძეც იმყოფება. ორ ეკლესიას შორის სადავო ტაძრების შესახებ იგი საპატრიარქოს პოზიციას ახმოვანებს. სასტუმროდან გამოსვლის შემდეგ კითხვით მასაც მივმართე.

კოტე სვანაძის თქმით, ორ ეკლესიას შორის იყო შეთანხმება, რომ სადავო ეკლესიებში მსახურება არ ჩატარებულიყო, სანამ მათი კუთვნილების საკითხი არ გაირკვეოდა. ახტალის მონასტრის მაგალითზე კი ეს შეთანხმება დარღვეულია. საქართველო საპატრიარქო ნორაშენის მაგალითზე ამ პირობას იცავს. სვანაძე მიიჩნევს, რომ სადავო ტაძრებში მსახურებები არ უნდა მიმდინარეობდეს, რადგან ასეთი ფაქტები დიალოგის პროცესის წარმართვას ხელს უშლის.

სასტუმროდან გამოსულები ისევ მიკროავტობუსში ვსხდებით და ისევ დებედას ხეობას მივუყვებით სოფელ ქობაირისკენ, სადაც კიდევ ერთი ისტორიულად ქართული ტაძარია - ქობერი. InterPressNews.Ge

ჩვენი მიკროავტობუსი რკინიგზის ლიანდაგებთან ჩერდება, შედეგ ეკლესიამდე დაახლოებით ნახევარი საათი ფეხით მივდივართ. ტაძრამდე გზა ჯერ პატარა ეზოებს შორის გადის, შემდეგ კი ქვის კიბეები იწყბა. გზა უფრო და უფრო დაკიდული ხდება. დაღლას არც ერთი არ ვიმჩნევთ. . .

ბოლოს ტაძრის ნანგრევებიც გამოჩნდა. კომპლექსი კლდეშია ჩადგმული. პატარა ტაძრის ეზო ორნამენტიანი ქვების გროვით არის სავსე. ეკლესია სანახევროდ დანგრეულია. ტაძრის შესასვლელში, ორივე მხარეს ქვებზე ამოკვეთილი მხედრული წარწერებია. აღმოსავლეთის კედელი დანგრეულია და სახურავიც ჩამოშლილი. საკურთხევლის კედელზე კი, ჯერ კიდევ გაირჩევა ფრესკები უფლისა და მღვდელმთავრების გამოსახულებით. საკურთხეველი მთლიანად ხარაჩოშია ჩასმული და ჩანს, რომ ახლახან სახელდახელოდ გადახურეს. ტაძრის შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს სამრეკლო დგას, რომელზეც ჩანს გუმბათს ადგამენ, რაც ადრე არ იყო. ასევე, ტაძრის აღმოსავლეთით კლდის პირას პატარა სომხური ეკლესიაც დგას.

ქობერის მონასტრის შექმნის ისტორიას ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძე მიყვება. პირველ რიგში ტაძრის შესასვლელის მარცხენა კედელზე არსებული მხედრული წარწერით ვინტერესდები. აღმოჩნდა, რომ ეს წარწერა მონასტრის ისტორიაზე გვიამბობს - მე-13 საუკუნეში ზაქარია მხარგრძელის შვილიშვილი, ბერი გიორგი წერს, რომ "დაფიქლა", ანუ გადახურა ეკლესია კარიბჭითურთ და უცხო თესლთაგან მიტაცებული მიწები ეკლესიას დაუბრუნა.

InterPressNews.Geეს ეკლესია ზაქარია მხარგრძელის შვილის, შანშეს ოჯახის საძვალე ყოფილა და კარიბჭეშივე არიან დასაფლავებული. კარიბჭის კარი დაკეტილი იყო. კარის პატარა ჭრუტუტანიდან ნახევრად სიბნელეში მაინც გაირჩეოდა, რომ იქ ხის მასალა ეწყო.

"აქ ყველაფერი ქართულია, გარდა იმ ეკლესიისა, რომელიც ტაძრის წინ არის. შანშე მხარგრძელის მეუღლეს, ხოშას მე-13 საუკუნეში ეს მონასტერი და ტერიტორია სომეხი მეფეების კვირიკიანების შთამომავლებისგან - რუსუდანისა და მარიამისგან შეუსყიდია", - აღნიშნა გიორგი გაგოშიძემ.

მონასტრის სამრეკლო-სამარხოში კი, შანშეს ერთ-ერთი შვილი და მისი მეუღლე ვინმე ვანენის სადუნ მანკარბერდელის ქალიშვილი განისვენებს. გვიან შუასაუკუნეებში ეკლესია გრიგორიანულ ტაძრად გადაუკეთებიათ, რაზეც შედარებით მაღლა აწეული საკურთხეველი მეტყველებს. ტაძარში არსებული ქართული წარწერების მოძიებამ და განხილვამ დელეგაციაში ჩვენთან ერთად მყოფი "თბილისელ სომეხთა ასამბლეის" წარმომადგენელი დავით მანუსაჯევი გაანაწყენა. იგი ამტკიცებდა, რომ ტაძარი ქალკედონისტი სომხების მიერ იყო აშენებული. ამის გამო გიორგი გაგოშიძემ და დავით მანუსაჯევმა იკამათეს კიდეც, კამათში ექსპედიციის ორგანიზატორი, ორგანზიაცია "მარავალეროვანი საქართველოს" ხელმძღვანელი InterPressNews.Ge(მხარდამჭერები - "თბილისელ სომეხთა ასამბლეა" და სომხეთის საელჩო) არნოლდ სტეფანიანი ჩაერია. ამის შემდეგ ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძემ უკმაყოფილება მონასტერში მიმდინარე სამუშაოების გამო ვეღარ დამალა. განაცხადა, რომ ტაძრის რეკონსტრუქცია წინასწარ შეთანხმებული პროექტის მიხედვით უნდა ხდებოდეს, ასეთი პროექტი კი არ არსებობს.

ტაძარში სამუშაოების დაწყების მიზეზი "მრავალეროვანი საქართველოს" ხელმძღვანელ არნოლდ სტეფანიანისთვისაც მოულოდენელი აღმოჩნდა. გვითხრა, რომ ამ ტაძარში აგვისტოში იმყოფებოდა და მაშინ სამუშაოები დაწყებული არ იყო. იგი მიიჩნევს, რომ სადავო ეკლესიების შესახებ საკითხი ორივე მხარის მიერ კომპრომისების მოძიების გზით უნდა მოხდეს. სტეფანიანი აპირებს, ანალოგიურად ჟურნალისტების ჯგუფი სომხეთიდან საქართველოშიც ჩამოიყვანოს და არსებული სადავო ეკლესიები აჩვენოს. იგი იმედოვნებს, რომ დიალოგი სასულიერო პირებს შორისაც დაიწყება.

ისტორიკოსი ჯაბა სამუშია კი შექმნილ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავლად ტაძრების აღდგენაზე ზრუნვის დაწყებას მიიჩნევს, რადგან სიძველისა და მოუვლელობისგან ისინი თანდათან ნადგურდება.

ქობერის მონასტრის მონახულება ამით დასრულდა. ჩვენ სანაიანისკენ მივემართებით, სადაც მე-13 საუკუნის სომხური მონასტერი უნდა დავათვალიეროთ. ადგილზე მისულებს უკვე გვაღამდება და მონასტრის დათვალიერებას სათანადოდ ვერ ვახერხებთ. ძეგლი იუნესკო-ს ნუსხაშია შეტანილი და ამაზე მონასტრის შესასვლელთან გაკეთებული აბრაც მეტყველებს. ჩვენდა გასაოცრად, სომხური მონასტრის InterPressNews.Geკომპლექსი გამოკეტილია, მოუვლელობისგან კი სახურავზე ბალახია ამოსული.

რა გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს სადავო ეკლესიებისთვის, ამ კითხვით ჟურნალისტები კიდევ ერთ ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს მივმართავთ.

მისი განცხადებით, ძეგლებს, რელიგიურის გარდა, კულტურული სტატუსიც აქვს, აქედან გამომდინარე უმჯობესია, მათი კუთვნილების საკითხი ისე დარჩეს, როგორც არის, კულტურული კუთვნილების საკითხი კი განისაზღვროს.

სანაიანიდან უკვე საქართველოში ვბრუნდებით. ვტოვებთ დებედას ხეობას, რომელიც ერთ დროს ისტორიულად საქართველოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. შინ ცოტა დამძიმებულებიც ვბრუნდებით. . .

ქვები დღესაც ღაღადებენ. . .

ეკა ბახუტაშვილი

თბილისი-დებედას ხეობა-თბილისი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო