საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს დათხოვის საფუძვლები ფართოვდება.
ამასთან დაკავშირებით ცვლილება "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შედის.
კანონის მოქმედი რედაქციით, სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება უწყდება საჯარო სკოლის რეორგანიზაციის შემთხვევაში, რომელსაც საჯარო სკოლების გაერთიანება/მიერთება ან ერთი საჯარო სკოლის გაყოფა/გამოყოფა ერთვის თან.
ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეუძლია საბჭო გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს, თუ იგი უკანონოდ გაათავისუფლებს დირექტორს. ამ შემთხვევაში ფაქტი სასამართლოს მიერ უნდა იყოს დადასტურებული.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით კი დგინდება, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამეურვეო საბჭოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მაშინაც შეეძლება, თუ საბჭომ მისთვის დაკისრებული ფუნქციები არ განახორციელა.
ასევე, სამინისტრო საბჭოს დაითხოვს, თუ მან სკოლის დირექტორის მიერ წარდგენილი სკოლის ბიუჯეტი, სკოლის შინაგანაწესი, დირექტორის წლიური ანგარიში ან დირექტორის მიერ წარმოდგენილი სკოლის წესდება, ზედიზედ სამჯერ არ დაამტკიცა.
ამას გარდა, სამეურვეო საბჭოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი ხდება სკოლის დირექტორის მიერ წარმოდგენილი რიგი პროექტებისთვის სამჯერ ზედიზედ დაუთანხმებლობა.
კერძოდ, სამინისტრო საბჭოს დაითხოვს, თუ ის ზედიზედ სამჯერ არ გამოხატავს თანხმობას პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმის, სასწავლო მასალის, მათ შორის გრიფმინიჭებული, პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხის თაობაზე.
კანონპროექტის ავტორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა, ინიციატორი კი - მთავრობა.
პროექტის განხილვა პარლამენტს ჯერჯერობით არ დაუწყია.